ლექსო ქეშელაშვილის ჩანაწერი: “ილია ლიბერალიზმის ჭრილში”

ლექსო ქეშელაშვილიპარასკევია, სამუშაო კვირის ბოლო, გადამღლელი დღის საღამო. თითქოს დასვენების დროა უკვე, მაგრამ მე ისევ ლექციაზე მივდივარ. ვფიქრობ, საინტერესო მომხსენებელია საინტერესო თემით.  ზვიად ქორიძე ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში ლიბერალიზმის იდეებზე უნდა გვესაუბროს.  ჟუნრალისტური ეთიკის ქარტიას პატარა და მყუდრო ოფისი აქვს, შევდივარ და მალევე ლექციაც იწყება.

ლექცია ლიბერალიზმის ქართული ისტორიით იხსნება.  იდეის გაცნობით, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველთან დაბადებულა, სულხან-საბას წამოუწევია, ილიას კი სრულფასოვანი სახით მოუცია ჩვენთვის.  ბატონი ზვიადის ანალიზით მალე აღმოჩენასაც ვაკეთებ – ეს პიროვნებები დღეს თითქოს ყველასთვის ცნობილია, ყველასთვის საამაყოც კი ქართულ საზოგადოებაში. თუმცა, თავიანთი შემოქმედების ხასიათით ისინი კვლავაც დისიდენტებად უნდა ითვლებოდნენ დღეს. პრობლემაც ესაა, დღეს ჩვენ თურმე სკოლებში მითოლოგიზირებულ სხვა ილიას ან სხვა ვეფხისტყაოსანს ვსწავლობთ.  მეღიმება. ზვიად ქორიძე დინჯად და ლაკონურად საუბრობს, ზედმეტი გატაცებების გარეშე, საუბრობს პიროვნებებზე და თემებზე, რომელიც აქვე ჩვენს წინ იდო, მაგრამ აქამდე რატომღაც მე პირადად არ შემიმჩნევია – ამაზე მეღიმება.

ლიბერალიზმის, როგორც აზროვნების გაგება არც ისე მარტივია. არც ილიას გაგებაა ადვილი საქმე, ის ხომ ლიბერალური აზროვნების კარგი ნიმუშია. ამ ლექციაზე სწორედ ის მაოცებს და მხიბლავს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბატონ-ყმურ საზოგადოებაში გაჩენილ პიროვნებაზე საუბრისას, ბატონი ზვიადი ძალიან ზუსტად და ნათლად გვიჩვენებს ილიას სრულად გააზრებულ თავისუფლებას, ლიბერალურ აზროვნებას. ლიბერალიზმს ის თვისებაც აქვს, ყოველთვის თანამედროვეაო, გვითხრა ბატონმა ზვიადმა და ილიას შემოქმედების აღსანიშნავ მხარეებს ესეც ემატება – ილია მუდამ თანამედროვეა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ილიას შესწავლა მხოლოდ სკოლის საქმე არ იყო. თუმცა, ადრე ნამდვილად არ მეგონა,  თუ ასეთი პრიზმიდან, ასეთნაირად დავინახავდით ამ პიროვნებას. ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი პრიზმიდან არ ვუყურებ მხოლოდ ამ მწერალს.  ვუყურებ საერთოდ ადამიანს, ვუყურებ ჩემ თავს. ახლა ვხედავ, რამდენად თავისუფლად აზროვნებდა ილია და ჩვენთვის, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ სტუდენტებისთვის როგორი მნიშვნელოვანია მისი გაგება. ამ დროს კი, ბატონი ზვიადი ისევ დინჯად, ისევ ზუსტად გვაწვდის ახალ აზრებს, თემებს, რომელსაც იქ უბრალოდ ვერ დავტოვებთ, აი ისეთს, აუცილებლად რომ უნდა წამოვიღოთ და გზაში თუ ძილის წინ, მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის მათზე ვიფიქროთ.

ამასობაში 9 საათს გადასცდა, ლექცია დამთავრდა. უკვე ავტობუსში ვზივარ და საკუთარ თავზე ვფიქრობ. კიდევ მეღიმება -როგორც უკვე ვთქვი,  დღეს ილია ჭავჭავაძის განხილვით, მარტო ილია კი არა, ჩემი საკუთარი თავის დანახვასაც შევუდექი სხვა, ახალი კუთხიდან. ახლა ვფიქრობ, რას ნიშნავს იყო მოქალაქე, იყო თავისუფალი და თან პატივს სცემდე საზოგადოებას, სხვების თავისუფლებას. ვფიქრდები ლიბერალიზმზე და თავისუფლებაზე ადამიანში.

თავისუფლება კი ისეთი რამაა, რასაც ვერ დაინახავ, რასაც ვერ იყიდი ან ყოფაცხოვრებაში მოიხმარ.  თავისუფლება ჩვენი ყოფის ის ასპექტია, რომელიც სადღაც თითქოს მიღმიურია, აბსტრაქტული. თან კი ისეთი რამეა, თავად ვერ იყიდი, მაგრამ ყველაფრის ფასს ის გიდებს. მოკლედ, თავისუფლება პიროვნული საწყისია ჩვენი. და როგორც ზვიადმა ლექციაზე აღნიშნა, ის არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალურად ცალკე ყოფნას, ვინმესგან ან რამესგან, არ გულისხმობს იმას, რომ გქონდეს შენი სახლი, ოჯახი. ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟით სწორედ ეს შემოიტანა ილიამ. თავისუფლება ჩვენს აზროვნებაშია. ეს თავისუფლება დაგვანახა ილიამ, რომელიც ჩვენთვის დღესაც ჩვენი თავისუფლების, პიროვნული თავისუფლების სიმბოლოა. თუმცა მას სწორედ სიმბოლიზირება, ხატად ქცევა არ სჭირდებაო, ესეც აღნიშნა ბატონმა ზვიადმა. ილიას ნააზრევს მუდმივი მსჯელობა სჭირდება, მისი იდეები ხომ სულ ჩვენი თანამედროვე იქნება. ამიტომაც მივდივარ სახლში ახალი გადაწყვეტილებით – ხელახლა წავიკითხო ილიას მთელი შემოქმედება..

One thought on “ლექსო ქეშელაშვილის ჩანაწერი: “ილია ლიბერალიზმის ჭრილში”

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s