ლინდა ჩიხლაძის ჩანაწერი – “ქალთა საკითხი”

Lindaზვიად ქორიძის ლექციის პირველი ნაწილი წინა კვირას ჩატარდა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დავესწარი. ოჰ, ეს ინტერესთა კონფლიქტები. მით უმეტეს, სალექციო…

ლექციათა ციკლს „საუბრები ილიაზე“ ჰქვია. დღეს კი ანონსის მიხედვით „დედათა საკითხს“ განვიხილავთ ილიას შემოქმედებაში. ინტერესი მაღალია. მრავალი მიზეზის გამო… პირველი, იმიტომ, რომ ილია სკოლის პერიოდიდანვე აღმაფრთოვანებდა.

ეხლა კი ქალთა საკითხზე ვსაუბრობთ. ილიასთან ერთ-ერთ აქტუალურ მოთხრობად „ოთარაანთ ქვრივი“ წარმომიდგა, მაგრამ გაფიქრებისთანავე მივხვდი, რომ აქ სხვა პრობლემაა და ქალთა საკითხის წარმოსაჩენად პილპილმოყრილი მადლის მქონე ოთარაანთ ქვრივი, რომელშიც მასკულინური თვისებები ჭარბობს და თავადის ასული კესოს პორტრეტები არ წამადგებოდა. თუმცა, საკითხი მაინც არ დავტოვეთ გულგრილად…

ჰო, დედათა საკითხს, ანუ ქალთა როლს საზოგადოებაში დღეს ამ ბოლო დროს მეც ჩავუღრმავდი, ფუნდამენტურად ისევე, როგორც სხვა რაღაცებსაც. ალბათ ასაკის ბრალია J ბატონი ზვიადის ეს ლექცია კი ერთგვარი review იყო ჩემი მოსაზრებების…

რა თქმა უნდა, როცა რაღაც იდეოლოგიის განვითარებაზე, ისტორიაზე ვიწყებთ საუბარს, დასაბამს განმანათლებლობის ეპოქაში მივყავართ. ჩვენც მსოფლიოს ამ გარდამტეხი პერიოდით დავიწყეთ ქალთა საკითხის განხილვაც – თანასწორობისთვის ბრძოლის ეტაპიდან. როგორც ხდება ხოლმე, საფრანგეთის რევოლუციიდან, მსოფლიოს შემოვლით, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, დღევანდელ რეალობამდე მოვედით J ამ მოვლენის თვალსაჩინოებისათვის ლექტორმა დელაკრუას ცნობილი ნახატი „თავისუფლების დროშა“ მოგვაგონა, სადაც აშკარად ჩანს ქალთა უფლებებისა და ზოგადად, მათი როლის წარმოჩენა ოჯახსგარეთ ვითარებაში.

საქართველოში, რა თქმა უნდა, სხვა ლიბერალურ ღირებულებებთან ერთად, ქალთა საკითხზე მსჯელობაშიც მედროშე ილია ჭავჭავაძე იყო. ბატონმა ზვიადმა ეს საკითხი მის ერთ-ერთ პუბლიცისტურ ნაწარმოებზე „დედათა ემანსიპაციის შესახებ“ დაყრდნობით განიხილა. მერე ილიას კიდევ ორი პუბლიცისტური წერილი გაგვაცნო „ახალი კანონპროექტი „უკანონოდ შობილთათვის“ და „დედათა საქმე“.

ქარტიის ოფისი ცხარე კამათმა მოიცვა. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ და დაახლოებით 20 ადამიანიდან მხოლოდ 4 აღმოჩნდა მამრობითი სქესის, დანარჩენები ქალები ვიყავით. ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ ქალები რაოდენობრივად თითქმის ყველა სფეროში ჭარბობენ კაცებს და შესაბამისად, შედარებით უფრო წარმატებულები არიან. ლექციის ამგვარი ფორმატი მომეწონა. იმიტომ, რომ არ იყო მონოტონური და ლექტორი ჩვენს მოსაზრებებს ყურადღებით ისმენდა, აანალიზებდა და რიგ შემთხვევაში – გვეთანხმებოდა.

დღეს უფრო მეტი მამაკაცია უმუშევარი, ვიდრე ქალი და ისინი მომუშვე მეუღლეების „კისერზე“ ცხოვრობენ.

Eugène Delacroix - La liberté guidant le peuple

Eugène Delacroix – La liberté guidant le peuple

ჰოო, კაცები რაღაც უფრო პასიურები გახდნენ. ამ გარდამტეხმა პროცესმა ისინი ერთგვარად ჩაკეტა და დეპრესიულები გახადა. თანამედროვე, ახალგაზრდა კაცების უმეტესობა უმოტივაციოობის სენით შეიპყრო, ვიდრე ქალები. ცხოვრების ერთ-ერთ პატარა პრობლემასთან დაპირისპირებაც კი დეპრესიაში აგდებთ. ჩემი აზრით, თანამედროვე მამაკაცებს ოჯახისგან დამოუკიდებლობა და პრაქტიკა აკლიათ. ქართველი ქალები კი ხავსმოკიდებულ მენტალობას „აგორებენ“ და შედარებით ვითარდებიან. ბიჭების უმეტესობა კი ამ ყველაფრით დაბნეული, კრილშეების ტყვეობაში რჩება. ამ ბოლოს ჩემი დაკვირვება-კვლევა-ძიების პროცესში დავასკვენი, რომ მამაკაცები მხოლოდ ფიზიკურად ძლიერები არიან, სულიერად ძლიერი კაცები კი უბრალოდ არ არსებობენ.

ეპოქის ბრალია.

ამაზე ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბიდან“ ფრაზა გამახსენდა: „ჩვენს თაობას მსოფლიო ომში ბრძოლა არ უწევს, არც დიდ დეპრესიაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სულის სიმტკიცისათვის ვიბრძვით. ჩვენ ამ კულტურის წინააღმდეგ ვაწყობთ რევოლუციას. მთელი ჩვენი ცხოვრება დიდი დეპრესიაა. ჩვენ სულიერი დეპრესია გვაქვს.“

მოკლედ, ლექციაზე ბევრი ვისაუბრეთ, ოღონდ მოკლე-მოკლედ. დრო აღარ გვყოფნიდა. რამდენჯერმე სასაუბრო თემას გავცდით და სხვა პერიფერიებში გადავიჭერით. ქალთა როლზე პოლიტიკაშიც ვისაუბრეთ.

მართალია, ლექციაზე თქმა ვერ მოვახერხე, მაგრამ ეხლა ვიტყვი „რკინის ლედის“ ცნობილ ფრაზას: თუ პოლიტიკაში გინდა ილაპარაკო, მიუშვი მამაკაცი, თუ გინდა აკეთო საქმე, მიუშვი ქალი“.

ცოტა არ იყოს კაცების ნეგატიურ ჭრილში შეფასება მომიწია და ქალების „განდიდება“, მაგრამ ზოგადი ფონი ასეთია და რა ვქნა? ამაში დავრწმუნდი, რომ გამონაკლისი ყოველთვის და ყველგან არსებობს, ანუ ყველა კაცი ერთმანეთს არ ჰგავს ისევე, როგორც ყველა ქალი. ჰო, კიდევ ერთი, კაცები ამ სულიერი სისუსტის გამო თავიანთ გონიერებას, საღ აზრს ბლოკავენ და მის რეალიზებას ცხოვრებაში ვერ ახდენენ.

საუბარი კაცურ და ქალურ პროფესიებზეც გვქონდა (ეგ თავისთავად უკვე გენდერული უთანასწორობა, სექსიზმია). აქ სტატისტიკური სხვაობა მართლა იგრძნობა. თუნდაც, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ბიჭები უფრო ჭარბობს, ვიდრე გოგოები. წინა წლებში პროგრამირების ფაკულტეტზე თითქმის მხოლოდ ბიჭები ისხდნენ, ბოლო პერიოდში ნელ-ნელა გოგოებიც ემატებიან. ეს მონაცემები სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ქალი ამ მიმართულებით სუსტია. უბრალოდ ბევრი არ ინტერესდება ამ ეტაპზე. მაგალითად, ადრე სამრთალმცოდნეობის ფაკულტეტზე მხოლოდ კაცები აბარებდნენ და დღეს ქალები აშკარა უპირატესობას ფლობენ არა მხოლოდ რაოდენობრივს, ინტელექტუალურსაც. ბევრი ამბობს, რომ ქალი ჭკვიანი არაა. ჩემი პასუხი – ქალი პრაქტიკოსია და მისი საქმიანობა ბევრად ნაყოფიერი, შედეგიანია, ვიდრე კაცის.

მოუთმენლად ველი გაგრძლებას….

3 thoughts on “ლინდა ჩიხლაძის ჩანაწერი – “ქალთა საკითხი”

  1. უხ შენ გენაცვალე, ამოუშვი სათქმელი რაა:დ ნაწილ-ნაწილ გეთანხმები ლინდა, მაგრამ ცოტა არ იყოს “რადიკალი” მომეჩვენე:D არც მთლად მასე მგონია საქმე… სექსიზმის, გენდერის გამო დაჩაგრული ქალი უამრავია, მაგრამ მამაკაცებიც ატარებენ თავის წილ ტვირთს. ერთმანეთს რომ ვუწესებთ კლიშეებს, არა მხოლოდ გენდერული ასპექტების “გათვალისწინებით”, არამედ ყოფითი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ერთმანეთს ხანაც “სარეცხი მანქანის” და ხანაც “ოჯახის ერთადერთი მარჩენალის” როლებს ვარგებთ, ერთმანეთს ვფუთავთ და ჩარჩოებში ვაქცევთ, სწორედ ესაა დამღუპველი.მიმაჩნია, რომ ჭკვიანი, მებრძოლი და განათლებული ქალი თავს ყველა სიტუაციაში გაიტანს, ასევეა მამაკაცების შემთხვევაშიც. სუსტების ჩაგვრის მექანიზმი მუშაობს და სამწუხაროდ, ვგონებ ყოველთვის იმუშავებს… განსაკუთრებით კაპიტალიზმისა და 21-ე საუკუნის “ჭრელ ეპოქაში”.
    ალბათ უპირველესად ის უნდა ვაღიაროთ, რომ არც ქალია მამაკაცზე “ნაკლები” და არც მამაკაცი-ქალზე. სხვა მხრივ ერთმანეთის ჩაგვრა, სუსტების ჩაგვრის მექანიზმზე სწრაფად ამუშავდება:):)

    Like

  2. კომენტარის დასაწყისი – რადიკალი არ ვარ :). თუმცა ამ “მინიატურული” ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ მოგჩვენებოდა :)) ესაა უბრალოდ იმ რეალობის შეფასება, რასაც წლებია ვაწყდები ირგვლივ. თან ეს არაა მხოლოდ კონკრეტულ სოციუმზე დაკვირვებით დაწერილი. საკმაოდ ბევრ განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფებთან მიწევს ურთიერთობა და ამ ეტაპზე ასეთი დასკვნა გამოვიტანე… როლების მორგების საკითხში გეთანხმები, ბარნაბა. ესეც განვიხილეთ ლექციაზე, მაგრამ ყველაფრის დეტალურად აღწერა ჩანაწერში ფიზიკურად ვერ შევძელი. მარტივი მიზეზის გამო – ძან მომაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო :)) ჰო, იმაშიც, რომ ეს ყველაფერი კაპიტალიზმის და სწორედაც “ჭრელი ეპოქოს” ბრალია. ჩვენც ამაზე შევთანხმდით დისკუსიისას. რაც შეეხება მეტობა–ნაკლებობას, მაგ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, თუ რატომ ექცევა კაცების ნაწილი კლიშეების “ტყვეობაში”, რაღაც მომენტში ქალების “ბრალია” (თუმცა, ამას ყველა ქალზე ვერ ვიტყვი ისევე, როგორც ყველა კაცზე. ეს შეუძლებალია, გამომდინარე იქედან, რომ ინდივიდები ვართ და ყველა ყველას არ გავს. უბრალოდ, ზოგადი ფონია ასეთი) – ამ “ჭრელ ეპოქაში” თანაცხოვრებისას, ჩემი აზრით, კაცებს ქალების ბრძოლისუნარიანობა ამბევთ და რაღაც ნაწილი ამით “კომპლექსდება”, მცირედი ნაწილი კი – პირიქით. მე კიდე, სწორედ ეს “პირიქით” მინდა რომ იყოს. კაცებმა ქალებისგან ისწავლონ და ქალებმა – კაცებისგან. შეივსება რა ^_^ 🙂

    Like

  3. Pingback: ლინდა ჩიხლაძის ჩანაწერი – “ქალთა საკითხი” | LindSay

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s