კულტურთაშორისი კომუნიკაცია – ნინო ბარნაბიშვილის ჩანაწერი

nino-barnabishviliყველა ვთანხმდებით, რომ კულტურები მრავალფეროვანია, მრავალფეროვნება კი თავისთავში მეტად სუბიექტურ და ნაკლებად  ობიექტურ ინტერპრეტაციებს მოიაზრებს. სწორედ მრავალფეროვნების ასეთი ბუნება ართულებს საკითხს, თუმცა ამასთანავე უდავოდ საინტერესოს ხდის კულტურას, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საინტერესოსაც კი, რაც კაცობრიობას და მის თითოეულ წევრს ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში შეუქმნია.

სწორედ ზოგადი ჰეტეროგენულობა, განსხვავებული ვიზუალი, თავად აზრი, აზროვნების პროცესი და მისი გამოხატვის ფორმები, ინდივიდის ფორმირების ხელშემწყობი გარემო, ისეთი მყარი პიროვნული კონსტრუქტები, როგორებიცაა: ენა, კანის ფერი, სქესი, ეროვნება, რელიგიური მიკუთვნება, პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი ორიენტაცია და კიდევ თითოეული ინდივიდისთვის დამატებით კიდევ უამრავი ინდივიდუალური ფაქტორი, როგორც ჯგუფური კულტურული, ასევე შინაგანი კულტურის მიკუთვნებულობის საკითხებია. მოდი და მოვახდინოთ  მსოფლიოში არსებული ყველა კულტურის კლასიფიკაცია, სწორად განვსაჯოთ როგორ უნდა მოვიქცეთ განსხავებული კულტურის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობისას, დავფიქრდეთ რა უნდა დავთმოთ და რა არა, შეგვიძლია კი  მშვიდი, პროდუქტიული და „ჩვეულებრივი“ თანაცხოვრება  ჩვენგან „განსხვავებულთან“? დავფიქრებულვართ იმაზე, რომ სწორედ კულტურული ნიშნით გაგვიყვია ჩვენს გარშემო არსებული სოციალური ჯგუფები „ჩვენ“ და „ისინი“ კატეგორიად, მაშინ როდესაც  მე და შენ უბრალოდ „მე“ ვართ, არც „ჩვენ“ და არც „ისინი“?

დამეთანხმებით, რომ რთულია.

29 ივნისს „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“, თორნიკე გურულის ლექცია-ტრენინგი ჩატარდა, თემა კულტურათაშორის კომუნიკაცია იყო.

უნდა ვაღიარო, რომ განსხვავებული მოლოდინი მქონდა, ველოდი ცენტრისთვის ტრადიციულ  საჯარო ლექციის ფორმატს, რომელიც უკვე განვლილი თემების ემპირიულ, მეცნიერულ, ლექტორებისეული უნიკალური გამოცდილებების გაზიარებით წარიმართებოდა, თუმცა ამდაგვარმა „განსხვავებულმა“ ფორმატმა,  გამოცდილებაც განსხვავებული შეგვძინა.

თორნიკეს მიერ გამოყენებულმა ტრენინგის ტექნიკებმა და მეთოდებმა, საშუალება მოგვცა გავხსნილიყავით, ვყოფილიყავით აქტორები, მოგვერგო განსხვავებული კულტურის წარმოამდგენელი ადამიანების როლები, შეგვეფასებინა როლურ თამაშებში მიღებული გამოცდილება, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური. შეგრძნებების და არსებული ცოდნის შეჯერების შედეგად, გამოგვეტანა დასკვნები.

აისბერგის მოდელი

აისბერგის მოდელი

საინტერესო აღმოჩნდა კულტურის ანალიზის აისბეგის მოდელის განხილვა, როგორც კულტურის ანალიზის ერთ-ერთი უდავოდ საინტერესო ხედვა.

აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურას აქვს თავისი ხილვადი მხარე: არქიტექტურა, ხელოვნება, სამზარეულო, მუსიკა, ენა და ა.შ., ხოლო კულტურის ფუნდამენტური ნაწილის დანახვა შედარებით რთულია. უხილავია იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც ერთ კულტურას ქმნიან, ის ნორმები, ფასეულობები და შეხედულებები სივრცის, ბუნების და დროის შესახებ, რომლებსაც ერთი კულტურის წარმომადგენლები იზიარებენ. აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურის ხილვადი ელემენტები უხილავი ნაწილის გამოხატულებაა. ეს მოდელი გვთავაზობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის წარმოშობილი გაუგებრობების მიზეზების ახსნას. ჩვენ შესაძლოა ვიცნობდეთ აისებრგის ხილულ ელემენტებს, თუმცა, ამა თუ იმ კულტურასთან შეხვედრის საწყის ეტაპზე, ვერ შევიცნობთ აისბერგის ფუნდამენტის ელემენტებს, რომლებიდანაც ხილული ნაწილი მომდინარეობს.

რატომღაც ლექტორის მიერ „კულტურის აისბერგის“ პირველივე ხსენებისას  გავიფიქრე, რომ „აისბეგი უნდა გავადნოთ“, მაგრამ როდესაც ანალიზის ნამდვილი ბუნება იქნა ახსნილი „გადნობის“ იდეა უარვყავი.

მაგრამ ხელახალი დაფიქრების შედეგად  ისევ მრავალფეროვნების ბუნებასთან მივედი. კულტურის ისეთი ასპექტები, როგორიცაა ჟესტების ენა, სილამაზის აღქმა, კონკურენციისა და თანამშრომლობის უპირატესობა, სოციალური კლასის, საქმიანობის, ნათესაობის და სქესის როლი და ა.შ უხილავი (წყალსქვემოთ მდებარე აისბერგის ფუნდამენტია) და ამასთანავე ჩემი აზრით„დნობადი’’ და „კვლავწარმოქმნადი“ კატეგორიაა, რადგან თაობების ცვლასთან ერთად აღნიშნული კომპონენტების ინტერპრეტირება და აღქმა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. შეიძლება ცვლილებები კულტურისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ის რაც დღეს აქტუალური და მყარია, შეიძლება ხვალ სულაც არააქტუალური და მეორეხარისხოვანი იყოს. უბრალოდ სხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული და განცდილი.

მაგალითად, სიგიჟის ცნება, რომელიც კულტურის აისბერგის ქვედა ნაწილია. სხვადასხვა საზოგადოებებში და სხვადასხვა დროის ინტერვალით იცვლებოდა „ნორმისა“ და „პათოლოგიის“ცნებები, სრულიად განსხვავებული იყო მენტალური პრობლემების მქონე პირთა მიმართ საზოგადოების მიდგომის ფორმები. თუკი შუა სააუკუნების საზოგადოებები ამ ადამიანების წამებასა და უკიდურეს დამცირებას  უწყობდნენ ხელს, დღეს იგივე საზოგადოებები მათ მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციასა და თემში დაბრუნებაზე ზრუნავენ (ზრუნავენ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკითხის ამდაგვარი აღქმა რომ ჩამოყალიბდა, ესეც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია).  არვიცი შეიძლება განათლებით, გამოცდილებით, უშუალო ურთიერთობით ანაც ისტორიის ანალიზით, მაგრამ  კულტურის გაუცნობიერებელი ელემენტების გაცნობიერება შესაძლებლად მიმაჩნია.

თორნიკე გურულის ტრენინგი

თორნიკე გურულის ტრენინგი

როგორც აისბერგი დნება ოდესმე, ისე ხდება აუცილებლად კულტურის გაუცნობიერებელი ნაწილის გაცნობიერებაც, ცვლილება და შესაბამისად პროგრესიც.

და ბოლოს, კულტურათშორის ეფექტურ კომუნიკაციას  ვერანაირი წვრილი ტექნიკებისა და ანალიტიკური თეორიების ზუსტი ცოდნით ვერ წარვმართავთ. მთავრია შინაგანი მზაობა და მოტივაცია: მიიღო, იურთიერთო და თუნდაც რაიმე შექმნა მასთან ერთად.

თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად უნიკალურ კულტურულ სიტუაციებში ვხვდებით, როდესაც ბოშა ბავშვი შემწეობას გვთხოვს, როდესაც ნიგერიელი წარმოშობის შავკანიანი ახალგაზრდები ამაყად მოაბიჯებენ რუსთაველზე, როდესაც აზერბაიჯანელი გეხმარება, როდესაც 80 წლის ბაბუს „მუსე“ მოეწონება, ხოლო შენ 70-იანი წლების როკ-ბენდი ნაზარეთი, როდესაც უბრალოდ ხედავ „ბიჭურად“ ჩაცმულ გოგოს, ანაც საყურიან ბიჭს და ამ ფაქტებს აღიქვამ, როგორც ჩვეულებრივს, სხვა ადამიანის იდენტობის ანაც თვითგამოხატვის, შინაგანი ან რომელიმე ჯგუფის კულტურის (სუბკულტურის) ნაწილს და არ გეშინია, პირიქით გიხარია, გაოცებს და გაინტერესებს -კულტურა შენთვის საინტერესო მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა!

ღირებული ხომ ღირებულია, რა აზრი აქვს 70-იანებში შეიქმნა თუ 2000-იანებში, შავკანიანის თუ თეთრკანიანის მიერ, მოხუცის თუ ახალგაზრდის და კიდევ სხვა ადამიანთა კატეგორიზაციის პირობითი აღმნიშვნელების მიერ? ღირებულს-ეს ფაქტორები “ღირებულის შინაარსს“ არ და ვერ აცლის..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s