ელიავას ბაზრობის პარტიზანები

პარტიზანებიავტორი: ქეთი ებიტაშვილი

”-ჩემს წინ რომ ბიჭი მიდიოდა, სიგარეტი ამოიღო და ცარიელი ყუთი ქუჩაში გადააგდო…”
”-ჩემს კორპუსთან ხეები მოჭრეს…”

აქედან რომელიმე სიტუაცია ალბათ ყველასთვის ნაცნობია. ჩვენ ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, ვკამათობთ ამ თემაზე, მაგრამ ისე, რომ რეალურად რამე გავაკეთოთ, არაფერს ვაკეთებთ.

სწორედ ამ უმოქმედობაში, დაახლოებით ორი თვის წინ თბილისის ქუჩებში ”პარტიზანი მებაღეები” გამოჩნდნენ.  პარტიზანები არიან ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან სხვადასხვა ადგილას და გამწვანების, დასუფთავების აქციებს აწყობენ.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ”პარტიზანი მებაღე”, შეუერთდეს ”Facebook”-ზე მათ ღონისძიებებს და
1. იმუშაოს ფიზიკურად;
2.მიიტანოს ყვავილის ნერგები/თესლები;
3. დაეხმაროს ნებისმიერი რაოდენობის თანხით.

იდეის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი ნატა ფერაძეა, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის მერიის გამწვანების სამსახურში მუშაობდა და კარგად იცის, რა პრობლემებია ამ მხრივ თბილისში.

ბოლო აქცია პარტიზანებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს, სადაც სკვერი მანქანის ნაწილებით იყო დაბინძურებული

სწორედ ამ აქციიდან შევუერთდი პარტიზანებს. ეს ის სიტუაციაა, როცა არავის იცნობ, გაღიმებული უახლოვდები შეკრებილ ხალხს და ცოტა უცნაურად გრძნობ თავს. გაუბედავად იწყებ მუშაობას და ირგვლივ შეკრებილი ”ცნობისმოყვარეების” გაკვირვებულ სახეებზე გეღიმება…

უამრავი საბურავი, მანქანის ნაწილები, ბოთლები…  ნაგავს ერთ ადგილას ვაგროვებთ, საკმაოდ დიდი ”გროვა” გამოდის, რომელსაც ელიავას ბაზრობის  ”სირცხვილის მონუმენტს” ვარქმევთ.

საბურავები კი შეგვიძლია ორიგინალურად გამოვიყენოთ – მათ ერთმანეთზე ვაწყობთ, ფერადი საღებავებით ვღებავთ და შიგ ყვავილებს ვრგავთ. ძალიან მაგარი გამოდის!

ამასობაში ვიღაც კაცი ყვირილს იწყებს. ის ელიავას ბაზრობის დასუფთავების სამსახურიდანაა, რომელიც მტკიცედ ირწმუნება, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია ყოველდღე ალაგებს სკვერს, ხოლო ის ნაგავი(საბურავები, ”ბამპერები”, სარკეები), შეყვარებულების დაყრილია, საღამოობით რომ ხვდებიან აქ ერთმანეთს!

მას მალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უერთდება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ”გვეღადავება” – მეტი საქმე არ გაქვთო ?!

მათთან ვერაფერს გავაწყობთ, პარტიზანები მუშაობას ვაგრძელებთ, სკვერი ნელ-ნელა სუფთავდება და მალე ახალ ”აღმოჩენას” ვაკეთებთ – სკვერის ტერიტორიაზე ბაზრობის ერთ-ერთი მაღაზიიდან საკანალიზაციო მილია გამოყვანილი!

ჩვენ პატრულს ვურეკავთ, პატრული(დიდი ფიქრის შემდეგ) თბილისის დასუფთავების  სამსახურს. ისინიც გვპირდებიან, რომ მალე მოვლენ, თუმცა, საბოლოოდ, არავინ მოდის.

მოსაღამოვდა. სკვერი დასუფთავებულია, ნერგები დარგული, ფერად-ფერადი საბურავები კი ხალხის მოწონებას იმსახურებს. პარტიზანები ერთმანეთს ვემშვიდობებით. რა თქმა უნდა, მომავალ აქციამდე.

პარასკევს, 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარტიზანები ვაკის პარკში ვიკრიბებით და ”ხის დარგვის საერთაშორისო დღეს” ვრგავთ ხეებს.

პარტიზანები.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s