დიდობის პირველი დღე

ავტორი: გიორგი ლოლაშვილი

ის თეთრი შენობის წინ დგას. მარჯვენა მხარეს დედა უდგას, მარცხნივ – ბებია. ირგვლივ ეზო სულ თავისი თანატოლებითაა სავსე, ყველა მასავით გამოწკეპილია, ზოგი გამომსვლელს უსმენს, რომელიც მათ გზას ულოცავს, ზოგი კი ერთმანეთს, ან მშობლებს ელაპარაკება.

გამომსვლელი სიტყვას ასრულებს და შემდეგ მას და დანარჩენებსაც შიგნით უხმობს. ზარის ხმაც გაისმის. დედა და ბებია ხელს უშვებენ და ის უცბად ნერვიულობას იწყებს.  უკან იხედება და მათ ამაყ მზერას იჭერს – მისით ამაყობენ, ამაყობენ, რომ ის ახლა ამ კიბეს აივლის, ამ შენობაში შევა და უკვე დიდად ჩაითვლება. ისწავლის იქ , სადაც დედა ვერ მოხვდა. ოდნავ გულიანდება, ნაბიჯებსაც უფრო თავდაჯერებულად დგამს და ბოლოს დიდ ხის კარამდეც მიაღწევს, კარს გამოაღებს და საკუთარ თავს გულში ეტყვის – „კეთილი იყოს შენი ფეხი უნივერსიტეტში.“

ის შენობის დიდ, მრგვალ შესასვლელ დარბაზს გადაკვეთს და თავისი აუდიტორიის ძებნას იწყებს. პირველ სართულს მიუყვება – სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, ფაკულტეტის დეკანი, რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე… თავი სამინისტროში ჰგონია.

შემდეგ მეორე სართულზე ადის, გზად შოთა რუსთაველის ბიუსტს ხედავს – „რუსთაველი, რუსთაველი ვიცი“. გულში ავთანდილის ანდერძი გადაილუღლუღა – ვაითუ, ვინმემ ჰკითხოს. კარგია, რომ ნათელა მასწავლებელმა „ვეფხისტყაოსანი“ კარგად ასწავლა. ყველა საზეპიროს სწავლობდა, ნათელა მასწავლებლის ახსნილი ეპიზოდებიც ახსოვს – „მეგობრობა და სიყვარული, მთავარია მეგობრობა და სიყვარულო, ვეფხისტყაოსანში მთავარია…“ – თანდათან ისევ ნერვიულობას იწყებს.

ამ ფიქრებში თავის აუდიტორიამდე ქუსლებზე რწევით მიდის. სანამ კარს გააღებს, ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ღრმად ჩაისუნთქავს – არ უნდა, მისმა თანატოლებმა დაბნეულობა შეატყონ. აუდიტორიის ჭრიალა კარს აღებს და შიგნით შედის. შესვლისთანავე ერთდროულად ხმაური და უჰაერობა იპყრობს.  აუდიტორია სტუდენტებითაა სავსე. ცხელა. დასაჯდომ ადგილს ძლივს პოულობს, სადღაც უკან, ბოლო რიგებში, ზედ ფანჯრის წინ. მზე კეფაზე ურტყამს. ამ კაბაში სცხელა, მაღალი ქუსლებიც აწუხებს, მაგრამ უნდა მოითმინოს. უნივერსიტეტში ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი ხომ არ მოვიდოდა, სხვები რას იფიქრებდნენ.

ფოტო:fibromyalgiasurvivorlifeboat.blogspot.com

ლექციაზე ყურადღებითაა, უკანა რიგებში ლექტორის ხმა კარგად არ ისმის, ამიტომ, ყოველ მის სიტყვაზე განსაკუთრებულად დაძაბულია, არ უნდა, რაიმე მნიშვნელოვანი გამოეპაროს. თავის ბლოკნოტში იწერს წიგნებს, ავტორებსა და ტერმინებს, რომლებიც აქამდე არასდროს გაუგია. მაგრამ არაუშავს, „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროებს სწავლობდა, ამასაც ისწავლის, ამასაც დაძლევს.

ლექციის შემდეგ ეზოში ჩადის. პანთეონში ბიუსტებს მიუყვება, სახელებს კითხულობს. ცდილობს, ისეთი ამოიკითხოს, რომელსაც იცნობს – კეკელიძე, უზნაძე, შანიძე… შანიძე – მგონი, ეს გვარი იცის, მაგრამ ვერ იხსენებს, საიდან. ალბათ, ნათელა მასწავლებელი მოუყვებოდა რამეს მისი ქვეყნის სამაგალითო სიყვარულის შესახებ და ხო, ალბათ კარგი მეცნიერიც იყო.

ირგვლივ უამრავი სახე ირევა. იქნებ, ვინმე ნაცნობი მონახოს. უნივერსიტეტის კიბეზე 20–მდე ახალგაზრდას ამჩნევს, მათ ტრანსფარანტები უჭირავთ. ყვირიან, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს ატყუებს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს არ ეკუთვნით. „ვინ არიან? რა დროს ეგაა? სწავლის პირველი დღეა. ნეტა, სხვა არაფერი აქვთ საფიქრალი?“ ამ დროს უკნიდან ხმა ესმის – „ამათაც მოსცლიათ არა?“ ტრიალდება და მომღიმარ ბიჭს ხედავს სიგარეტით ხელში. „ხო, ამ წუთას მაგაზე ვფიქრობდი“ – პასუხობს და თან ათვალიერებს. ბიჭი ეცნობა, ისიც თავის სახელს ეუბნება. შემდეგ ერთმანეთს ეკითხებიან, თუ რომელ ფაკულტეტზე არიან და რა სპეციალობა აქვთ არჩეული. თან პანთეონის ეზოს მიუყვებიან, უცნობ სახელებსა და სახეებს, თუმცა, შანიძე იცის და შოთაც იცის – „სიყვარული და მეგობრობა“. ახლა აღარაფერზე ნერვიულობს, დიდობის პირველი დღე შედგა!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s