კითხვების გარეშე

მარიამ ცხოვრებაშვილიავტორი: მარიამ ცხოვრებაშვილი

არ ვიცი ახალშობილი რაზე ვფიქრობდი, ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს. ცხოვრების ინსტრუქცია მომაჩეჩეს  მრავალპუნქტიან გეგმასთან ერთად, გამაცნეს დადგენილი წესები, მსწავლეს რა არის კარგი და რა ცუდი.

მოკლედ, ყველაფერი გამზადებული დამიხვდა. გამზადებული სამყარო, გამზადებული ცხოვრების წესით. ფიქრიც კი არ იყო საჭირო, რადგან სხვას უკვე ნაფიქრი ჰქონდა ჩემს მაგივრადაც. მე მხოლოდ უნდა მეცხოვრა ბედნიერად, მყოლოდა შვილები, შვილიშვილები, მეწამა ღმერთი და მოვმკვდარიყავი ასი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გეგმის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შევასრულებდი. მეც ვცხოვრობდი და მწამდა. მწამდა ისეთი, როგორიც დამიხატეს და მწამდა ისე, როგორც მასწავლეს. მწამდა კითხვის ნიშნების გარეშე. კითხვის დასმას აზრი არც ჰქონდა, რადგან პასუხები არ არსებობდა. არც იყო საჭირო.

ეჭვი რწმენას არყევსო. თუ ეჭვი გაგიჩნდა ესე იგი შესცოდე და უნდა მოინანიოო, მასწავლეს. მეც ვინანიებდი გაზეპირებულ სიტყვათა რახარუხით. ვცდილობდი არ მეფიქრა, მხოლოდ მეწამა. გონების გარეშე. გონებას მხოლოდ ერთი ფუნქცია შერჩა: დამორჩილებოდა იმ წესრიგს, რომელიც დიდმა ადამიანებმა შექმნეს. მე არ შემეძლო რაიმეს შეცვლა. ცვლილებები არც იყო საჭირო ჩემს ირგვლივ არსებულ იდეალურად მოწესრიგებულ სამყროში.

თუმცა, მორჩილებაში ხელს რაღაც მიშლიდა. ის მუდამ ამბოხისკენ, საზღვრების რღვევისა და ჩარჩოების მტვრევისკენ მიბიძგებდა. ის რაღაც ამოუცნობი, რომლის არსებობასაც მუდამ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მარგინალურ მდგომარეობაში მყავდა (ან მე მეგონა რომ მყავდა). მაგრამ რაღაც ამოუცნობისთვის არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე. მე ხომ “თავისუფალი” ვიყავი! ჰოდა, ასე ძლიერი და თავისუფალი, თვლდახუჭული, ხელებისცეცებით დავბორიალებდი წყვდიადში და მხოლოდ იმ მხარეს მივაბიჯებდი,  საითაც მიმითითებდნენ.

მთელი ცხოვრება რაღაცას ვაშენებდი. თავად არ ვიცი რას, ან რატომ. უბრალოდ ვაშენებდი მეც, რადგნ აშენებდა ირგვლივ ყველა. ვაშენებდი ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივთა შორის ვიღაცის მძლავრმა ხელმა თავზე არ დამალეწა მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენი ხუხულა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ არაფერი გამაჩნდა “ჩემი”, არ არსებობდა “მე”. ის, რაც ჩემგან გამოეძერწათ, რაღაც უმსგავსი არსების ერთ-ერთი პერიფერიის რიგით ჭანჭიკს წარმოადგენდა.

ირგვლივ მიმოვიხედე  ახლა უკვე საკუთარი თვალებით და დავინახე. დავინახე სრულიად უცხო, უჩვეულო სურათი: ერთნაირი ადამიანები, ერთნაირი სახეებით, ერთნაირი მოძრაობით ერთი მიმართულებით მიაბიჯებდნენ გარემოში, სადაც ინდივიდუალიზმი და ინტერპრეტაცია ცარიელ სიტყვებად ქცეულიყო. თითქოს ეს ერთნაირი ადამიანები ხელიხელჩაკიდებულნი ფერხულში ჩაბმულიყვნენ (ჩემთან ერთად)  და ცეკვავდნენ შეუჩერებლად, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობებით. არც ერთი შეცვლილი, ჩამატებული ან გამოკლებული მოძრაობა, არავითარი ინტერპრეტაცია, მხოლოდ წესები, წესები, წესები. უსახო სახეები, უტვინო ტვინები, უაზო აზრები, უგულო გულები, უღირსი ღირსეულები, უსამართლო მართალნი, უამრავი უშინაარსო სიტყვათა გროვა ჩემს გარშემო საოცრად ლამაზ, მოწესრიგებულ სისტემას ქმნიდა სახელწოდებით – საზოგადოება.

და მე შევწყვიტე ცეკვა! შევწყვიტე, რამეთუ დამიბრუნდა თვალისჩინი. ახლა აღარ მსურს საცოდავი ბუტაფორია ვიყო სხვათა მაამებლად შექმნილი და კოლექტიური აზროვნების ნორმებს შესაბამებული. მე აღარ ვარ უგვანი დეკორაციის დამამშვენებელი ნივთი, ნაცრისფერი ილუზიის ბურუსში გახვეული, რომელსაც “თავისუფლება” ჰქვია. არ მჭირდება არაფერი გამზადებული, რადგან მე გამოვიგონებ ველოსიპედს! მე აღმოვაჩენ ახალ კონტინენტს!  მე  დავხატავ მონა ლიზას! მე  ვიწამებ ჩემს ღმერთს!  მე  დავანგრევ ყველა ხიდს ცხოვრების გასამარტივებლად წყალზე გადებულს და ვისწავლი ცურვას!.

One thought on “კითხვების გარეშე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s