ყველაზე ყბადაღებული თემის კიდევ ერთხელ ყბადაღება

ავტორი: ქრისტინე გარაშვილი

გიორგი მშვენიერაძის ლექციას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე დაემთხვა ის ფაქტი, რომ ჯონ სტიუარტ მილის ნაშრომს “თავისუფლების შესახებ” ვკითხულობდი. ჯერ კიდევ 1859 წელს მილი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ეს თემა მალე იქნებოდა აღიარებული მომავლის სასიცოცხლო საკითხად და არც ცდებოდა.

თავისუფლება მართლაც ყბადაღებული თემაა, თუმცა ეს სიტყვა მრავალთათვის შინაარსგამოცლილად მეჩვენება და რამდენადაც   ცარიელია ასეთი ცნება, მით მეტი რამის ჩატევა შეიძლება შიგნით, მით  მეტად შეგვიძლია გავხადოთ ის მანიპულირების საგნად. პირადი უფლებები და თავისუფლებები, არამარტო ეროვნულ დონეზე , არამედ საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებად აღიარებული ცნებებია, რომელიც მოაზროვნე კაცობრიობის მართლშეგნებას შეუქმნიაო, ასე გვეუბნებიან..

საბოლოოდ ეს ცნება მითიური პერსონაჟივით ჩამოყალიბდა, იდუმალებით მოცული იქცა – ყვალა მიილტვის, ვერავინ აღწევს, ყველა ჩვენებურად განვმარტავთ,  ყველა ვიჩემებთ, რომ თავისუფლები ვართ..

Zenos Frudakis "Freedom"

Zenos Frudakis “Freedom”

თუმცა, რომ დავფიქრდეთ, რა დროს არის  ადამიანი თვისუფალი საკუთარი ცხოვრების გზების არჩევაში, აზრებსა თუ გადაწყვეტილებებში?

ქმედებების დიდი ნაწილი, პიროვნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, უმრავლეს შემთხვევაში, საზოგადოების მიერ ნაკარნახევია, უკვე მიღებული წესების მიხედვით ის გაწერილია და გასაჩივრებასაც არ ექვემდებარება, რადგან „პროგრესულმა საზოგადოებამ“ ასე გადაწყვიტა.. ადამიანს საკუთარი სრულყოფის გზებიც კი დაღეჭილი დაუდეს,  ადამიანებს აიძულებენ დაემორჩილონ სოციალური თუ პიროვნული სრულყოფის შესახებ ზოგად წარმოდგენებს, შექმნეს რაღაც ხატი წარმატებული ადამიანისა, რომელსაც ყველა უნდა დავემსგავსოთ, თუ არ გვინდა გარიყული აღმოვჩნდეთ. ჩვენც ვადგებით ამ გზას, მარტივად აღვიქვამთ მას, რადგან ის უკვე მრავალჯერ გათელილი გზაა..  და მხოლოდ ამ უკვე არჩეულ გზაზე არსებული მარტივი გადაწყვეტილებების მიღებისას ვფიქრობთ, რომ ჩვენ დამოუკიდებელნი და თავისუფალნი ვართ..შემოგვთავაზეს „შეზღუდული მენიუ“ და ასე გვიქმნიან თავისუფლების ილუზიას.

ბარნავი სადღაც წერდა, რომ „ყოველდღიური წვრილმანი მოვლენები ვნებათაღელვის ნამდვილ უბედურებას ფარავს“,  ასევე თავისუფლების ის მარტივი შეგრძნებები, რომელსაც რუტინულ გადაწყვეტილებებში ყოველდღიურად განვიცდით, გვავიწყებს თუ რა არის ჭეშმარიტი, ყველაფრისმომცველი, სულიერი და გონებრივი თავისუფლება..

სამწუხაროა ისიც, რომ არ არსებობს მკაცრად გავლებული ხაზი ინდივიდის საკუთარ თავზე ბატონობასა და საზოგადოების ძალაუფლებას, მის მიერ ამ ინდივიდის პირად სივრცეში ჩარევას შორის. ადამიანი ხშირად კარგავს სუვერენიტეტს საკუთარ სხეულსა და გონებაზე, ანუ უზენაესობას და დამოუკიდებლობას საკუთარ ქმედებებზე, ან გადასცემს პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე სხვას და ამით იშორებს იმ ტვირთს, რომელსაც თავისუფლება ქვია.

მგონი, ბერნარდ შოუ წერდა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა, ამიტომ ბევრს ეშინია მისიო.  მილი კი  ადამიანის ქმედების თავისფლებაში ინდივიდუალური თუ კოლექტიური ჩარევისთვის საზოგადოებას მხოლოდ ერთ გამამართლებელ საბუთს უტოვებს და ეს გამართლება არის თავდაცვა! თუ პიროვნება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვისთვის, მას აქვს უფლება არ შემოიკრას ჩარჩოები, მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ხშირად ადამიანებს ჩარჩოები გვირჩევნია, რადგან ასე უფრო მარტივია, როცა არსებობს ბილიკი, რატომ უნდა ვიაროთ გაუკვალავ გზაზე?!

“ადამიანებს სულ გვგონია რომ თავისუფლებისკენ ვისწრაფვით, არადა ერთადერთი იმისკენ ვისწრაფვით, რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ,” ესეც ერთი ჩემი “ბრძენი” მეგობრის სიტყვებია 🙂

სოციუმი იმდენად დამოკიდებულია ერთმანეთზე, იმდენად აყალიბებს მისი შემადგენელი წევრების აზროვნებას, ქმედებას, იმდენად შეკრულია და უკვე ჩამოყალიბებული, ძნელია ისაუბრო კონკრეტული პიროვნების  ფიზიკურ და გინდაც სულიერ თავისუფლებაზე, რადგან დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი “კეთილდღეობის ერთ-ერთი ელემენტი”, როგორც მილი უწოდებს მას, მინიმუმამდეა დაყვანილი.

პასუხისმგებლობის აღება კი საკუთარ ქმედებაზე, რომელიც თავისუფალი მოქმედების თანმდევ ელემენტად უკვე ვაღიარეთ, არც ისე რთული ხდება, თუ ეს ქმედებაც ამავე საზოგადოებიდან მომდინარე  და მისით ნაკარნახევია. ანუ ის ნებელობა, რომელიც ადამიანის შიგნიდან უნდა მოდიოდეს, კონსტრუირებულია იმით, რაც სავალდებულოდ და აუცილებლად ჩაუთვლია გარკვეულ მასას. “მაშასადამე, საკმარისი არ არის სახელმწიფო მოხელეთა ტირანიისგან დაცვა: საჭიროა დაცვა გაბატონებული შეხედულებების ან გრძნობების ტირანიისგან”(ისევ მილს დავესესხე)…

თუმცა, იმედი ბოლომდე რომ არ გადავიწუროთ, გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც უილიამ ვოლასისა არ იყოს, ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ: ფრიდოოომ! სისტემის დაპირისპირება, რომელიც აკონტროლებს ყველა მარწუხს ადამიანის ცნობიერების შესაზღუდად, ძალიან რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი.

ბოლოს ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით რომელიც შეიძლება იცოდეთ კიდეც, მე გოგი გვახარიას საჯარო ლექციისას მოვისმინე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა:

ერთ დღეს ომისდროინდელ მოსკოვში რადიოში ისმის ცნობილი პიანისტის იუძინას შესრულებით მოცარტის 23 კონცერტი. შესრულება სტალინმა მოისმინა რადიოში. მოხიბლულმა დარეკა  და მისთვის ჩანაწერის გადაგზავნა მოითხოვა.  ორი კვირის შემდეგ რაც სტალინს ჩანაწერი გაუგზავნეს, იუძინამ მისგან ფულადი პრემია მიიღო, რომელმაც წერილში სამადლობელო სიტყვების შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, სტალინს მისწერა,რომ ამ ფულს მთლიანად ეკლესიას შესწირავდა და თავად კი ილოცებდა მისი სულის სიმშვიდისათვის.. არ ვიცი როგორი იყო სტალინის რეაქცია, მაგრამ ეს ქალი, როგორც ამბობენ, არ გადაუსახლებიათ.. ასე რომ, ერთ რიგით პიანისტ ქალში, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თავის კატებთან ერთად მარტო ცხოვრობდა, აღმოჩნდა იმდენი ძალა თავისუფლების შეგრძნებისა, რომ დაპირისპირებოდა მთელს საბჭოთა ძალადობის აპარატს.

ყველას, მათ შორის ჩემ თავსაც, თავისუფლების ასეთ შეგრძნებას ვუსურვებ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s