ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები

ჯანა ჯავახიშვილიავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

ნარკომანია დღეს საერთაშორისო პრობლემაა. სხვადასხვა ქვეყანაში ამ პრობლემის დაძლევის სხვადასხვა  მოდელსა და მექანიზმებს იყენებენ.  ეს სხვადასხვა მიდგომა, ძალიან ზოგადად, შესაძლოა ორ კატეგორიაში მოვაქციოთ: პროჰიბიციონისტური მიდგომა (ანუ აკრძავლაზე დაფუძნებული, რეპრესიული) და ლიბერალური მიდგომა, რომელიც აქცენტს არა პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ პრობლემის მართვაზე აკეთებს და რომლის ყურადღების ცენტრში ადამიანის უფლებებია.

დღეისთვის ხდება იმის გაცნობიერება, რომ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გამეფებულმა  ე.წ. „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მიდგომამ“ არ გაამრთლა, რამდენადაც მან, ნარკოტიკების მოწოდების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ფაქტობრივად, ნარკოტიკების მომხმარებლებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა წინააღმდეგ ბრძოლის კულტურა დაამკვიდრა, რამაც მათი უფლებების დარღვევამდე და სხვა ისეთ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, როგრიცაა, მაგალითად, აივ-შიდსის გავრცელება. „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ კონცეპტი პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოიყენა; 2009 წლის მაისში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ამ ტერმინის ხმარებაზე და იგი ზიანის მომტანად სცნო.

ადამიანმა ნარკოტიკის  მიღება განსხვავებული მოტივაცით შეიძლება დაიწყოს, მაგალითად, ამერიკელი მკვლევარი ვ. კეუპი  შემდეგ განსხვავებულ „მოტივატორებს“ გამოყოფს:  სიამოვნების მიღება, ახალი შთაბეჭდილებების მიღება, საკუთარი თავის დახმარება (ვთქვათ, სტრესის დაძლევაში და სხვ.), სხვების მიბაძვა თუ მთ გავლენას დაქვემდებარება, დაბოლოს, სიხარბე („ყველაფერი მინდა“ მოტივი).

იმის მიუხედავად, თუ რა მოტივით მიმართა ადამიანმა ნარკოტიკული საშუალებას, მისი მოხმარებისას არსებობს დამოკიდებულების განვითარების რისკი. სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას დამოკიდებულების განვითარების განსხვავებული პოტენციალი აქვს და ჯანმრთელობასთან და სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკების მთელი რიგი ახლავს. ამ რისკებიდან, ყველაზე სერიოზულია დაავადების, წამალდამოკიდებულების (ანუ „ნარკომანიის“) განვითარება, აივ-ითა თუ ვირუსული ჰეპატიტების ვირუსით დაინფიცირება, ზედოზირებასთან დაკავშირებული სიკვდილი და ა.შ.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს, თავიდან ავიცილოთ აივ-შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება, შევაჩეროთ წამალდამოკდიებულების ეპიდემია (მომხმარებლებისა და შეასაბამისად, ნარკოდამოკიდებულთა ზრდის ტენდენცია) და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, აუცილებელია ქვეყანაში მოქმედებდეს პრაგმატული ნარკოპოლიტიკა, დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე და ბალანსზე ძალოვან, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის.

ნარკოტიკების პრობლემის მიმართ პროჰიბიციონისტული პოლიტიკის მაგალითი საბჭოთა მიდგომა იყო. მის რეპრესიულ ინერციას საქართველოში დღესაც განვიცდით.  საბჭოთა ინერციაა, მაგალითად, ფართოდ  გავრცებეული ქუჩის ნარკოტესტირება: პოლიციელების მხრიდან ქუჩაში ადამიანების შეჩერება,  შარდის ანალიზის გაკეთების მოთხოვნით, და დადებითი პასუხის შემთხვევაში სამართლებრივი სანქიციების განხრციელება. 2006-2007-2008 წლებში ტესტირებულთა ორი მესამედი, როგორც წესი, არ იყო ხოლმე ზემოქმედების ქვეშ, რაც მიდგომის ოპორტუნისტულ ხასიათზე („ეგება და იყოს ზემოქმედების ქვეშ“) მიუთითებდა. იმ ადამიანებისგან, ვინც აღმოჩნდა ზემოქმედების ქვეშ ამ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, ათეულობით მილიონობით ლარი შევიდა, მაგრამ ეს ფული არ დახარჯულა დაავადებულთა მკურნალობაზე.

დღევანდელი ქართული კანონდმებლობაც საბჭოთა პროჰიბიციონისტურ-რეპრესიულ ინერციის მატარებელია: თუ ადამიანი შემჩნეულია ნარკოტიკების მოხმარებაში (ბიოლოგიური სითხის ანალიზის საფუძველზე) მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება და ჯარიმის ოდენობა უტოლდება 500 ლარს. ამავე წელს, განმეორებითი ინტოქსიკაციის გამოვლენის შემთხვევში ადამიანი სისხლის სამართლის დამნაშავედ განიხილება, ისჯება ერთ წმალდე პატიმრობით ან/და ჯარიმით რომლის მინიმალური თანხა განსაზღვრულია როგორც 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური არ არის განსაზღვრული.  ეს მაშინ, როცა უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა 60%-ზე მეტს თვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლები აქვს.

დღეისათვის საქართველოში ნარკოტიკების მოწოდებასთან ბრძოლაზე დახარჯული ბიუჯეტი (ნარკოტიკების შემოტანასთან ბრძოლა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენთა დევნა და დაპატირებულთა შენახვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში) რამდენჯერმე აღემატება ნარკოტიკებზე მოთხოვნის დაქვეითებაზე (მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, პრევენცია) დახარჯულ ბიუჯეტს. აუცილებელია დაბალანსებული ეროვნული სტრატეგიის შემუშავება რომელიც გააკეთებდა ჯეროვან აქცენტს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

იმისათვის, რომ საქართველოში ნარკოტიკებისა და ნარკომანიის პრობლემა ვმართოთ, ძალიან მნიშველოვანია, რომ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რათა:

– რეპრესიული საკანონმდებლო გარემო აღარ წარმოადგენდეს ბარიერს მკურნალობა-რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირებისთვის;

– ბიოლოგიურ სითხეში არალეგალური ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის გამო, ადამიანი არ დაჯდეს სისხლის სამართლის დამნაშავის სკამზე, და, შესაბამისად, ციხეში;

– მას არ მოუწიოს ისეთი ჯარიმის გადახდა, რომელიც ათჯერ და მეტად აღემატება მის შემოსავალს და ამგვარად უბიძგებს მას კრიმინალური აქტივობისკენ.

ნარკოკანონმდებლობის ლიებრალიზაციასთან ერთად, ქვეყანაში აუცილებელია ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირებზე მიმართული შემდეგი ღონისძებათა სისტემების განვითარება:

მკურნალობა: უნდა განვითარდეს და გამრავალფეროვნდეს ნარკოდამოკიდებულთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური/ფსიქოთერაპიული მკურნალობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი, და არჩევანის გაკეთების მერე – მიიღოს კვალიფიციური დახმარება, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია: მკურნალობას უნდა მოყვეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსი  – იქნება ეს სოციალური მუშაკის მიერ გაწეული დახმარება, ვთქვათ, სამსახურის მოძიებაში, საამისოდ საჭირო უნარ-ჩვევების განვითრებაზე ზრუნვა თუ სხვა;

ზიანის შემცირება უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა: არიან ადამიანები, ვინც, გახდნენ რა წამალდამოკიდებული, ვეღარ ან აღარ ანებებენ თავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მათ სჭირდებათ დახმარება, რათა დავიცვათ ისინი, მათი ოჯახები და შესაბამისად, საზოგადოება სხვადასხვა სისხლის გზით გადამდები ინფექციების გავრცელებისგნ; ასევე, დავიცვათ ისინი ზედოზირების მიზეზით სიკვდილისგან. არსებობს ზიანის შემცირების სხვადასხვა მეთოდები/ფორმები: მაგალითად, საინექციო ხელსაწყოების დარიგებისა თუ გაცვლის პროგრამები, ნებაყოფლობითი ტესტირება და კონსულტირება აივ-შიდსსა და ჰეპატიტებზე,  ხმარებადი ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლების პროგრამები ამა თუ იმ მედიკამენტით და სხვა.

პრევენცია: თუ ზედა სამი მიმართულება ჯანდაცვის სისტემის პრეროგატივაა, პრევენცია -განათლების სისტემის აქტიურ ჩართვას მოითხოვს. პრევენცია პრობლემის თავიდან აცილებას გულისხმობს და ამიტომ, მნიშვენლოვანია პრევენციული მუშაობის ასაკის მართებულად შერჩევა: მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და შესაბამისი ცოხვრებისეული უნარ-ჩვევების გარკვეული პროგრამები სასურველია უკვე 9-დან 11-წლამდე ასაკობრივ ინტერვალში ტარდებოდეს, როცა ბავშვი ცოდნის დაგროვება-„შეწოვის“ ასაკშია და არა აქვს გამწვავებული წინააღმდეგობის გაწევის ტენდენცია მოზრდილთა სამყაროს მიმართ, როგორც ეს მოზარდობის ასაკს სჩვევია.

თუ ზიანის შემცირების პროგრამები მყისეულ შედეგს იძლევა აივ-შიდსისა და ჰეპატიტების პრევენციის თვალსაზრისით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის შედეგის მიღებას 3-5 წლიანი პერსპექტივა ესაჭიროება, ხოლო პრევენცია კი შედეგს 10 წლის მერე გვაჩვენებს. მაგრამ ეს ყველა ერთად უნდა წარმოებდეს, არც ერთის ამოგდება არ შეიძლება; მხოლოდ მაშინ მივიღებთ შედეგს ნარკომანიის პრობლემის ეფექტური მართვის თვალსაზრისით, თუ ამ მიდგომებს ერთობლივად ავამუშავებთ, როგორც ზრუნვის უწყვეტ ჯაჭვს.

საინტერესოა ჰოლანდიის მაგალით, რომელმაც 1976 წლიდან მოახდინა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ამ პერიოდისთვის ქვეყანამ გააცნობიერა, რომ არსებული რეპრესიული პოლიტიკა პრობლემის მართვას ხელს არ უწყობდა: ყოველწლიურად იმატებდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობა, ნარკომომხმარებელთა საშუალო ასაკი ახალგაზრდავდებოდა (იმ დროისთვის 25 წელი იყო), გავრცელდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკები, მომხმარებელთა შორის აივ-შიდსის პრევალენტობა მაღალი იყო. სწორედ  ეს რთული ვითარება გახდა ბიძგი იმისათვის, რომ გადაესინჯათ ნარკოპოლიტიკა: მათ შეწყვიტეს პრობლემასთან კონფრონტაციული ბრძოლა. ყველაფერი დაიწყო ე.წ. „ოპიუმის აქტის“ ანუ ქვეყნის ნარკოკანონმდებლობის გადასინჯვით. საკანონდმებლო დონეზე გაიმიჯნა ე.წ. „მსუბუქი“ და „მძიმე“ ნარკოტიკული საშუალებები (მაგალთად, სასჯელი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის  გახდა ერთი თვე, მაშინ როცა „მძიმე“ ნარკოტიკებისათვის ეს იყო ერთი წელი, და ა.შ. კონტრასტისთის ვიტყვი, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შენახვისათვის სასჯელი 11 წლამდე პატიმრობაა). კანონმდებლობის მიღმა, ლიბერალიზებულ იქნა ცხოვრებაში გატარებადი პრაქტიკებიც: 1976 წლიდან შეწყვიტეს „მსუბუქი“ ნარკოტიკების მომხმარებლების სამართლებრივი დევნა; ასევე, შეწყდა „მსუბუქი“ ნარკოტიკების გამსაღებლების დევნაც, თუმცა მათ მთელი რიგი პირობები წაუყენეს: არ უნდა გაესაღებინათ ერთ ადამიანზე ერთი დღის მანძილზე 5 გრამზე მეტი ნივთიერება, არ უნდა ჰქონოდათ საწყობში 500 გრამზე მეტი, არ უნდა გაესაღებინათ 18 წლამდე ასაკის ინდივიდებზე, და ა.შ. ამგვარად – გაიმიჯნა „მუბუქი“ და „მძიმე“ ნარკოტიკების ბაზარი, რამაც გაზარდა პრობლემის კონტროლისა და მართვის შესაძლებლობა. პარლელურად, გააძლიერეს ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები: მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, პრევენცია და ამგვარად, დააბალანსეს ნარკოპოლიტიკა. სერვისები  გახდა ხელმისაწვდომი ნარკოდამოკიდებულთათვის როგორც მატერიალურად, ისე გეოგრაფიულად. განხორციელებულმა ცვლილებებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო: 2008 წლისთვის ნარკომომხმარებელთა საშუალო ასაკი 45 წლამდე გაიზარდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მომხმარებლებთა კოჰორტას ახალი მომხმარებლები ნაკლებად ემატებოდა; აივ-შიდსის პრევალენტობამ ნარკოდმოკიდებულთა შორის იკლო 8.5%-დან 0.0%-მდე, და ა.შ.

ჰოლანდიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება დაგვეხმარება ჩვენს ქვეყანაშიც ეფექტური ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებაში. შესაძლოა, ნარკოვითარების თვისებრივ გაუმჯობესებას საქართველოში წლები დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საფუძველზე, დავიწყოთ სწორი მიმართულებით მოძრაობა, დავიწყოთ ადექვატური ცვლილებები.

დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაუდებელი ამოცანაა მოხდეს ნარკოკანონმდებლობის რეფორმა:  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რათა ადამიანი, შარდის ანალიზში აღმოჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერების გამო, არ იქცეს სისხლის სამართლის დამნაშავედ, არ წავიდეს ციხეში და ამგვარად, არ მოხდეს მისი კრიმინალიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, არც ადმინისტრაციული ჯარიმა იყოს ისეთი მაღალი, რომ ამ ჯარიმის გასასტუმრებელი ფულის მოსაპოვებლად ვუბიძგოთ ადამიანს კრიმინალური კარიერისკენ.

დასჯის ნაცვლად უნდა ვიზრუნოთ წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, დავეხმაროთ მათ მკურნალობა-რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირებაში; საზოგადოებიდან გარიყვის ნაცვლად, მათ საზოგადოებაში დაბრუნებას უნდა შევუწყოთ ხელი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s