ფოტოგრაფის პირველი არჩევნები

_MG_0266ავტორი: თეონა ელიზარაშვილი

27 ოქტომბერი პირველი არჩევნები იყო, რომლის გაშუქებაც მომიწია, უთენია ავდექი, მთელი ღამე არ მეძინა. რვა საათზე უკვე პეტრიაშვილის ქუჩაზე ვიყავი და დავით ბაქრაძეს ჩემი ფოტოკამერით ველოდებოდი, რომელიც ცხრა საათზე უნდა მოსულიყო.

ვუყურებდი სხვა გამოცდილ ჟურნალისტებს, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და  ადგილებს და რესპოდენტებს ინაწილებდნენ. საარჩევნო უბანი სავსე იყო ჟურნალისტებით, ოპერატორებით, ფოტოგრაფებით. მათ დამკვირვებლები ეჩხუბებოდნენ და სიწყნარისკენ მოუწოდებდნენ.  რეგისტრაცია გავიარე და დავიწყე ადგილის ძებნა, საიდანაც ფოტოს უკეთესად გადავუღებდი საპრეზიდენტო კანდიდატს.

ცხრა საათზე დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მოვიდა, ხმაური უფრო გაძლიერდა, დაიწყო გაწევ-გამოწევა და ჟურნალისტებს შორის ადგილებზე ჩხუბი. ბაქრაძის მეუღლე ვეღარ ახერხებდა საარჩევნო ყუთთან მისვლას. იდგა ორ შტატივს შორის გაჭედილი იქამდე, სანამ ოპერატორები გააცნობიერებდნენ ვინ იყო ეს ქალი. ცოტა ხანში ბაქრაძესთან ერთად ხალხიც დაიძრა კარისკენ, კამერაჩახუტებულმა ძლივს გავიგნე გზა, რამდენიმე ფოტო გადავუღე ჟურნალისტებს შორის მომწყვდეულ საპრეზიდენტო კანდიდატს და  შემდეგი გადასაღები უბნისკენ წავედი გაოგნებული.

მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი უნდა გადამეღო.  ოთახში მედიის 150-მდე წარმომადგენელი უკვე დამხვდა, მეც ფოტოგრაფებს მივუჯექი იატაკზე, მაგრამ  რამდენიმე მათგანისთვის ,,ხელისშემშლელი” აღმოვჩნდი. დავინახე „დიდი ფოტოგრაფი ბიძა“ რომ ჩხუბობდა, მაგრამ ისეთი გაბრუბული ვიყავი ხმაურისგან და ემოციებისგან, არცერთი სიტყვა მესმოდა, შემდეგ  გონება დავძაბე და გავიგონე როგორ მიყვიროდა: ,,აქ რომ ჯდები, თავი ვინ გგონია? ჟურნალისტიკა ხო გაქვს დამთავრებული, ხოდა არ გასწავლეს, რომ ხელი არ უნდა შეუშალო სხვებს?” ამის დანახვაზე მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსს ისე შევეცოდე, ამაყენა და ახალი ადგილი გამომიძებნა. მე საიდანაც ამაგდეს, იქ სხვა დაჯდა.

იქიდან პრემიერ მინისტრის გადასაღებად კოჯრის ქუჩაზე წავედი. ხმის მიცემის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს მისაცემად საარჩევნო უბნის გარეთ დადგა.  ჟურნალისტებიც ჩაიჩოქნენ. ვერაფრით ვერ მივხვდი რატომ. იმათ დაჩოქებას შტატივები აემაღლებინათ ოპერატორებს არ სჯობდა? იმ წუთას რატომღაც შემრცხვა და ვიფიქრე, რა იქნება, დაჩოქება არასდროს მომიწიოს – მეთქი. მერე გზაშიც სულ მაგაზე ვფიქრობდი.

ბურჯანაძის გადაღების პროცესი ყველაზე მარტივი აღმოჩნდა, საარჩევნო უბანზე საკმარისი ადგილი იყო ჟურნალისტებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატიც არ ჩქარობდა და მშვიდად პოზირებდა კამერებთან.

პირველი საათისთვის ბარნოვის ცხრა ნომერში ვიყავი, პირველ საათზე უკვე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოსულიყო, მაგრამ იქ მისულმა გავიგე რომ  ორ საათამდე აგვიანდებოდა. ანაკლიაში ყოფილა. მთელი დღის გამოცდილებიდან უკვე ვიცოდი, რომ ერთი საათით ადრე უნდა დამეკავებინა ადგილი და კედელთან დავჯექი, ამ დროს უკვე შიმშილსა და ძილზე დავიწყე ფიქრი.

ცოტა ხანში გვითხრეს, რომ სააკაშვილს სამ საათამდე დააგვიანდებოდა. კი ვიფიქრე ანაკლიიდან თუ მოდის, როგორ არ იციან დაახლოებით რა დრო დასჭირდება, ამდენ ხანს რომ არ გვაცდევინებენ თავიდანვე ეთქვათ – მეთქი, მაგრამ რას ვიტყოდი.

დრო ბევრი იყო, ადგილი ისევ – ცოტა, ასე რომ გადაწევ გადმოწევებიც დაიწყო, ცეესკოს თანამშრომლები ჟურნალისტებთან კამათობდნენ, ეუბნებოდნენ რომ პრეზიდენტი შენობაში მაინც არ მისცემდათ ინტერვიუს და სჯობდა ოპერატორები გარეთ დალოდებოდნენ, მაგრამ ჟურნალისტებმა ადგილები არ დათმეს და ცეესკოს თანამშრომლებმაც სკამების გატანა დაიწყეს, რათა მეტი ადგილი დაჩენილიყო. მალე გაირკვა, რომ სააკაშვილს 5 საათამდე შეაგვიანდებოდა. მივხვდი, რომ გამოძინებასაც მოვასწრებდი, მართლა დამეძინა. ნახევარ საათს მეძინა, სააკაშვილი კიდევ არ ჩანდა.

სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დაიკავეს საბრძოლო პოზიცია. მე ფოტოგრაფების პირველ რიგში დამჯდარი დავრჩი, ძალიანაც რომ მდომოდა, ისე ვიყავი ჩაჭედილი, ვერც წამოვდგებოდი. პრეზიდენტის თანამშომელი მედიის წარმომადგენლებს აწყნარებდა, წუთი ჭუთზე მოვა, ოღონდ ამდენს ნუ ხმაურობთო. 15 წუთში სააკაშვილიც მოვიდა, გაისმა შეძახილები: ,,მიშა, მე შემომხედე კამერაში!”,,,ჯერ არ ჩააგდოთ ბიულეტინი!”, ,,აბა აქეთ მოიხედეთ!”, ,,თქვენი ოჯახი სადაა?”. ვგრძნობდი, სამუშაო დღის ბოლო მოახლოვდა და ბედნიერი ვაჩხაკუნებდი კამერას. პრეზიდენტი კამერებს უღიმოდა და ჟურნალისტების თხოვნებს ითვალისწინებდა.

გარეთ აქციის მონაწილეები დახვდნენ სააკაშვილს, აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ზეიმობდნენ მის თანამდებობიდან წასვლას, მაინტერესებდა ამ დროს სააკაშვილის სახე, ვეძებდი რომელ მანქანაში ჩაჯდა, მინდოდა მისი სახე დამენახა და აღმებეჭდა მისი სახე პრეზიდენტობის კარიერის ბოლოს, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. შემდეგ რუსთაველისკენ წავედი, ვგრძნობდი, რომ ჩემთვის დიდი დღე იყო, ბევრისთვისაც, ალბათ.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s