ინგა ჩვენს ოჯახებში

ინგაავტორი: გიორგი ბედოიძე

პარასკევს 10 საათზე, ჩემი ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბნენ და მაღალ ხმაზე ბჭობენ, ზოგჯერ შეურაცხყოფითაც მიმართავენ ერთმანეთს განსხვავებული აზრების გამო, უწევენ ხმას და შემდეგ უცებ ჩუმდებიან, რომ მოუსმინონ მათთვის სასურველი პიროვნების შეხედულებას ტელევიზორში.  ასეთი გარემო ქართული ოჯახების უმრავლესობაში ყალიბდებოდა და ყალიბდება დღესაც, როცა პარასკევობით ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ იწყება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინგა გრიგოლიას ჟურნალისტური მოღვაწეობა ყოველთვის ხმაურიანი იყო, მისი გადაცემები ყველაზე რეიტინგული ხდებოდა და ხდება და საქართველოში ყველაზე წარმატებული ჟურნალისტადაც ხშირად დაგისახელებენ. მე მის ჟურნალისტურ პროფესიონალიზს არ ვეხები, მის გადაცემებს ოჯახებზე ფსიქოლოგიური და ემოციური გაველნის კუთხით განვიხილავ.

დავუბრუნდები სიტუაციას ჩემს ოჯახში. გახდა 10 საათი და დაიწყო “რეაქცია” რეაქტიულად. გადაცემის „ქუდი“ მძაფრი, დაძაბული მუსიკით და სწრაფი კადრებითაა დატვირთული, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ დედა პირველი ზის ეკრანის წინ, და ოჯახი ერთად იკრიბება.  სიჩუმე დგება და გამოდის ინგა გრიგოლია თავისი ხმაურიანი ტექსტით, რომელიც გრძელდება წუთების განმავლობაში, ის მიმოიხილავს მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს და რაც შეიძლება ხმამაღლა და რიხიანად გაჰკივის, რომ მხოლოდ მას მიაპყრონ ყურადღება. მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა თემა რეალურად პრობლემა, ინგა საზოგადოებისთვის აქტუალურად თვითონ ქმნის. მისი გამოსვლის შემდეგ ჩემი ოჯახის ყველა წევრი რწმუნდება, რომ ყველაზე საინტერესო თემას ინგა განიხილავს და მის ანალიზში  ერთვება.

ფაქტია, რომ დებატები, დაძაბული გარემო და ხალხის აღტკინება არის ის, რაც მაყურებელს ყველაზე მეტად იზიდავს. პოლიტიკური დოღის გამართვა ყველაზე მომგებიანია ქართული სატელევიზიო სივრცისთვის. აქაც ყველაფერი მოაგვარა ინგა გრიგოლიამ – სტუდიაში მოწვეული ჰყავს როგორც ორი მოწინააღმდეგე მხარე, ასევე რიგითი ადამიანები, რომლებიც ემოციურ ფონს ქმნიან, ყვირიან, ერთმანეთს არ აცდიან საუბარს და ავლენენ უპატივცემულობას. მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლიას ნებისმიერი სტუმარი დაასრულებს აზრის გამოთქმას სახლში მესმის გინება და წყევლა იმ ადამიანისა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ოჯახის წევრების აზრებს. იწყება ხმაურიანი რეპლიკების წამოსროლა და უცებ ინგა ახალ კითხვას სვამს, ოჯახი სამარისებურად დუმდება. ხმა რომელსაც ის გამოსცემს, მეზობელი სახლიდანაც გვესმის.

ამ დავიდარაბისას ჩემს ძმას ვუსვამ კითხვას: „ხომ არ იცი სად დევს ჩემი ტელეფონი?“ ის კი ხმამაღლა მიყვირის „მე რა ვიცი, დამაცადე რა“.

ნარკოტიკივით მოქმედებს ჩხუბი, ლანძღვა და ემოციური ფონი ადამიანებზე, ერთვებიან ინგას გადაცემაში და გადაცემის დასრულების შემდეგ საათობით ერთსა და იმავეზე ბჭობენ. ინგას აუცილებალდ ეკუთვნის „ანტინობელის“ პრემია  ჩვენს ოჯახებში მშვიდობის დარღვევის საქმეში.

კარგად ჩანს, რომ გამომუშავებული ფსიქოლოგიური წნეხი მისი ჟურნალისტური იარაღია. ინგა გრიგოლიას ხშირად სდებდნენ ბრალს ზედაპირულობასა და აზროვნების სიზარმაცეშიც, რომ მის დასმულ კითხვებს არ აქვთ საკმარისი საფუძველი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი ლეიკემიით დაავადებული ბავშვის გადაცემაში „გამოყენების“ გამო ნორმების დარღვევაშიც ადანაშაულებდა.  იქნებ მართალი იყო კახა ბენდუქიძე, როდესაც ინგას უთხრა : „პირადად თქვენს მიმართ ნორმალურად ვარ განწყობილი, უბრალოდ მიკვირს თქვენი სტილი.“

და მაინც, საინტერესოა, რატომ ვერ დაასვა დაღი ინგას წარუმატებელმა მოღვაწეობამ პოლიტიკაში მის ჟურნალისტურ პირველობას. რატომ ხდებოდა ისე, რომ  ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების პირობებში  ის პირდაპირი და მაინც რეიტინგული იყო? არხიდან არხსეც უპრობლემოდ გადადის. მაუწყებელზე კი საერთოდ ისე იღებდა ხელფასს გადაცემა ეთერში არ გასულა. როგორც ჩანს, ვერც ყოფილი პრეზიდენტის მიერ მინიჭებულმა „თამარ მეფის ორდენმა“ და ვერც ივანიშვილის მასტერკლასმა ვერ იმოქმედა გრიგოლიაზე. ნათელია, რომ ამის ფუნდამენტი არა ინგას კარიერაში, არამედ მის შემტევ, მომწოდებლურ, წნეხისმომტან ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ.

სხვების კონფლიქტის ყურება, ყველაზე კარგი სანახავია. ქართული ოჯახებიც პარასკევობით 10 საათზე ჩხუბის საყურებლად ემზადება..

2 thoughts on “ინგა ჩვენს ოჯახებში

  1. როგორც მესმის, პოსტის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ინგამ იცის, რას უყურებს ხალხი (ჩხუბს,აურზაურსა და აყალმაყალს) და მაღალი რეიტინგის გამო ამ ყველაფერზე მიდის, მაგრამ მისი გადაცემის დროს ოჯახებში ჩხუბში გადაზრდილი კამათი და გინებაც ინგას ბრალია? რაღაც, ეჭვი მეპარბა; და,ჩემი აზრით, იმის მტკიცებაც გადაჭარბებულია, თითქოს ბევრ ოჯახში იყოს გამართული ლანძღვა-გინება გადაცემის გამო. „უბრალო ხალხის“ მიწვევაც არაა ცალსახად გასაკრიტიკებელი. ხშირად იქ ის ადამიანები არიან, რომელთაც ბევრი რამ აქვთ სათქმელი და სხვაგვარად ვერ აწვდენენ ხმას სასურველ პირებს.თუმცა წამყვანის პათოსი რომ ზემოქმედებს მაყურებელზე, ცხადია.

    Like

  2. ოჯახებში გადაზრდილი კამათი, ჩხუბი და აყალმაყალი – ესაა სწორედ ის რასაც იწვევს მისი გადაცემა. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი ასე არ არის და ბედნიერი ვიქნები თუ ასეთი ოჯახები ბევრია, მაგრამ ძალიან ძნელია გაღიზიანებულ, ცნობისმოყვარე საზოგადოებაში არ აჰყვე იმ რიტმს, რაც მის გადაცემაში იგრძნობა, ესაა ხელოვნური აღმტკინებელი. ინგამ კარგად იცის საზოგადოებრივი ფსიქოლოგიური მგომარეობა და წარმატებით იყენებს მას. მე არ ვამბობ რომ “ნერვებზე მჯდარი” ხალხის სიბრაზე ინგას ბრალია, თუმცა ინგა წარმატებულად იყენებს ამ მდგომარეობას. რაც შეეხება უბრალო ხალხს, ამ შემთხვევაში მე ეს გადაცემაში უფრო მეტი ემოციურობის შემტან წყაროდ განვიხილე, იმის წინააღმდეგი არ ვარ რომ მოიწვიონ ისინი. უბრალოდ უფრო მეტ ემოციურ ფონს ქმნიან.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s