“მომაკვდავი ტომი”

    იშვიათია ისეთი მთა სამოსახლო,  როგორიც ხევსურეთია.
თუშეთს,  ხევს, სვანეთსაც კი აქვს ვაკე ადგილები გაშლილი ქედების ძირში
 ან ხეობების გასწვრივ, მხოლოდ ეს კუთხე გაუწირავთ ღმერთებს
ციცაბო ფერდობებისა და ბასრი ჭიუხების ანაბარა…
გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში “ღმერთებისგან განწირული” ხევსურეთი, დღეს მოსახლეობისგან იცლება.   დადის სოფელ-სოფელ გაუკაცრიელებისა და ადამიანთა არდაბრუნების სევდა და შიშს თესავს იმ რამდენიმე ათეულ, ანდაც ასეულ ხევსურში, რომელებიც დღემდე შემორჩა მთას. შიშს, რომ ნელ-ნელა დაიცლება  საქართველოს უკიდურეს საზღვართან მდებარე  ეს ულამაზესი კუთხე.  შიშმა ბარშიც ჩამოაღწია და  ჩემამდე მოვიდა.

ქისტანი

კისტანი

გასულ ზაფხულს ხახმატში, ერთ  მძიმე სურათს გადავაწყდი და პირველად მაშინ მივხვდი, რომ მთას შველა სჭირდებოდა.  ხევსურეთში ჩემი პირველი ლაშქრობიდან ერთ-ერთი ყველაზე დამსამახსოვრებლ მოგონებად გამომყვა, ხახმატში გზის პირას მდგარი სახლი და ამ სახლის დიასახლისი ძილა ჭინჭარაული.  როგორც შემდეგ გავიგე, ეს იყო უკანასკნელი ხევურული სახლი  ხახმატში. ძილა ბებო, კი  ყველაზე საყვარელი და კეთილი ბებო იყო, ვისაც კი ოდესმე ხევსურეთში ხეტიალისას შევხვედრივარ.

გასულ ზაფხულს კი, ხახმატში, გზის პირას სახლის ნაცვლად ნასახლარი დამხვდა, აღარც ბებო იყო და მახსოვს საოცარი დანაშაულის გრძნობა და სიმძიმე, რომელიც თბილისამდე ჩამომყვა, შემდეგ გავიგე რომ ბებო შვილიშვილებთან თბილისში ცხოვრობს და ალბათ, ბევრს დარდობს დანგრეულ სახლზე და მიტოვებულ კერაზე.  მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით 2011 წელს ხახაბო უკანასკნელმა ხევსურმა დატოვა, დაცლილია სოფელი არჭილო, პირიქეთა ხევსურეთში გიორგიწმინდაში კი ადგილობრივები ზაფხულობითაც აღარ ჩადიან. ასეთი ისტორიები დღეს მრავლად არის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მსგავს  ნასახლარებსა და   წარსულად ქცეულ ისტორიას.

ხახმატი

ხახმატი

მეშინია, რომ ერთხელაც ხევსურეთში ჩასულს ნახევსურალი დამხვდება. მეშინია, რომ ერთ ზამთარს მუცო ვეღარ გაუძლებს და საბოლოოდ დაინგრევა,  დაინგრევა ქვეყნის ისტორიული დარაჯი და მცველი, ეს მაშინ როცა კულტურის სამინისტრო ბიუჯეტში ვერგამოყენებულ თანხებს აბრუნებს.

ხევსურეთი – საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაღვრო რეგიონი იცლება მაშინ, როცა ქვეყნის ორი საზღვრისპირა რეგიონი ოკუპირებულია და სახლმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ამ  კუთხის დემოგრაფიული სიძლიერე და განვითარება უნდა იყოს. ეროვნული ინტერესებიდან რომ გამოვიდეთ და არ გავითვალისწინოთ არც ადამიანური ფაქტორი და არც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა, ხევსურეთის დემოგრაფიული და ეკონომიკური სიძლიერე, აპრიორი ნიშნავს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას, ეს კუთხე თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ყოველივე ამის მიუხედავად,  საზღვრიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელი ამღაში, თუ არ ვცდები, ერთი ოჯახი ცხოვრობს.

მთაში დარჩენილ ხევურებს, რომ არ დავიწყება უნდათ, გავიგეთ და ხევსურები, თუ არახევსურები გულზე მჯიღის ცემითაც ვმღერით ამ სიმღერას და ვაჩხარუნებთ ამ ოხერ ფანდურს, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ დასავიწყებელიც აღარავინ იქნება მალე ხევსურეთში.  იცლება და იცლება სოფლები, ყველწელიურად მცირდება დასახლებული სოფლების რიცხვი, სკოლებში კი მოსწავლეების რაოდენობა.

969956_608696895816805_915467836_nთუმცა, ეს მხოლოდ ხევურეთის პრობლემა არ არის, ასეა ყველა მაღალმთიან რაიონში. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით 162 სოფელი იყო გაუკაცრილებული, არც მაშინ და არც შემდგომ წლებში სატატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტულად ხევსურეთში დაცლილი სოფლების რიცხვი. თუმცა თუ გადავხედავთ გასული საუკუნის მონაცემებს, დავინახავთ საგანგაშო დემოგრაფიულ ცვლილებებს.

1873 წლის აღწერით მთელ მხარეში 4872 ადამიანი ცხოვრობდა, 1926 წლის მონაცემებით კი 943 კომლი, 3885 მოსახლით. მცირე შუალედის მიუხედავად, 30-იანი წლების აღწერით ვითარება  კიდევ უფრო უარესდება. დღევანდელი მდგომარეობა საფუძველს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში იღებს, როცა ბოლშევიკური მთავრობის რეპრესიების და იძულებით გადასახლების შედეგად ხევსურეთის დემოგრაფიული ბაზა ფაქტობრივად განადგურდა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით დღე მთელს ხევსურეთში 132 კომლი და 600-მდე მოსახლე ცხოვრობს.   

მართალია 1900-იანი წლების დასაწყისში    რუსული გაზეთი „ისკრი“ ხევსურეთზე წერდა, რომ კავკასიის მთებში ცხოვრობს „მომაკვდავი ტომიო“, მაგრამ ფაქტია რომ მეოცე საუკუნის ხევსურეთი მომაკვდავ მდგომარეობაში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, რასაც დღეს ვერ ვიტყვით.

არ ვიცი, ეს ყველაფერი ვის უნდა დავაბრალოთ, სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნას პირობები, თუ მოსახლეობას, რომელიც პირობების არ ქონის გამო მოედინება ბარისკენ. ძნელია, ასე ერთი მიმართულებით თითის გაშვერა და თქმა, რომ ის არის ყველაფრის თავი და თავი.

არადა პირიქითა ხევსურეთში 6 თვიანი ზამთარი იცის, გზები იკეტება, შუქი და სხვა ყოფითი კომფორტი მათთვის უცხოა, 2010 წლამდე არ არსებობდა სატელეფონო კავშირი, ახალგაზრდებისთვის არანაირი გასართობი არ არის და ხშირად მათი ერთადერთი მეგობარი მთები და წიგნებია, რომლებიც არც ისე ხელმისაწვდომია.

ამ ყველაფრის მერე, ცოტა მეუხერხულება ვიჯდე ჩემს ლეპტოპთან, განათებულ სახლში,  ქალაქში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, ინტერნეტში მათზე უამრავ ინფორმაციას ვკითხულობდე და ვსაყვედურობდე ბარში ჩამოსულ ხევსურებს, რატომ მიატოვეთ მთა-მეთქი. უხერხულიც არის და არასწორიც, მაგრამ ამ დროს სულ მახსენდება გუდამაყრელი  „ბექა უფლისწული“, რომელსაც თავის საკუთარი სკოლა აქვს და სკოლაშიც და კლასშიც ერთადერთი მოსწავლეა, მთელ სოფელში ერთადერთი ბავშვია.  მთები უყვარს, თავისი  მთები და ეს მთები ურჩევნია, ცირკსაც, თეატრსაც, კინოსაც ლეპტოპებსაც და აიფონებსაც. მახსენდება ის  ხევსურები, რომლებმაც არ დატოვეს და გასაუკაცურებლად არ გაიმეტეს თავის სოფლები და ცოტა ვბრაზდები, თბილისში მცხოვრებ ხევსურებზე, ნიშნისმოგებით, რომ მეუბნებიან, რომ მთა დაიცალა. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ არც ხევსური ვარ და არც სახლი მაქვს იქ წავიდოდი და ვიცხოვრებდი, მაგრამ ერთი მერცხალი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს კი იცით, მითუმეტეს, რომ არც მე ვარ მერცხალი და გაზაფხულიც ხესვურეთში გვიან მოდის.

ავტორი: თეკლა ქველაძე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s