ჩვენი დროის “ხარკი”

44ავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხი კონფესიის დაფინანსების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ერთი თვეა გაცხადდა.  დაფინანსების გაცემა სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებებისთვის იგეგმება. იდეა ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, არ არის განსაზღვრული თანხა და რელიგიური გაერთიანებების რიცხვიც შეიძლება შეიცვალოს.

მთავრობის განცხადებით, კონფესიები დაფინანსებას მიიღებენ პროპორციულობის გათვალისწინებით, თუმცა რა იგულისხმება „პროპორციულობის“ მიღმა, არ დაზუსტებულა. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია დაფინანსებას იღებს იმ ზიანის კონპესაციის სახით, რაც მას მიადგა დამოუკიდებლობის დაკარგვისა და საბჭოთა კავშირის ქმედებების შედეგად. თუ მსგავსი მიდგომა იქნება დანარჩენი ოთხი კონფესიის მიმართ, თანასწორობის თვალსაზრისით, ეს დადებით მხარედ უნდა მივიჩნიოთ თანასწორობის მხრივ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულობის განმსაზღვრელი მორწმუნეთა რაოდენობა იქნება, მაშინ პირიქით უთანასწორობას გაესმება ხაზი.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვით ზიანი მიადგა არა რომელიმე კონფენსიას, არამედ საქართველოს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებსაც მოიცავს. შესაბამისად, დაზარალებული მხარე არის არა ცალკეული ინსტიტუტები, არამედ მთლიანად სახელმწიფო. ამასთან, ზიანი მიადგა არა მხოლოდ ოთხ კონფესიას, არამედ საქართველოში არსებულ დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებსაც.

გარდა ამისა, ზიანის მიმყენებელი იყო საბჭოთა კავშირი და არა საქართველო, ხოლო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არის რუსეთი. მართალია, რუსეთისგან, მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, ანაზღაურების მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გაუგებარი ვალდებულებები აჰკიდონ. სახელმწიფომ შეიძლება დააბრუნოს (და დააბრუნა) მხოლოდ გაერთიანებებისთვის  ჩამორთმეული ის მატერიალური ქონება, რაც საკუთრებაში დარჩა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ზიანი ფინანსურად  არ უნდა აანაზღაუროს.

მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ შეთანხმებაც, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას აწესრიგებს. ამ შეთანხმების მე-11 მუხლით მართალია სახელმწიფო ავლენს კეთილ ნებას და იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს ნაწილობრივ მაინც ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი, როგორც ჩამორთმეული ქონების მფლობელმა. თუმცა ამავე შეთანხმების მე- 6 და მე-9 მუხლებით საქართველო დაუბრუნა ეკლესიას ის მატერიალური ქონება, რაც მის მფლობელობაშია. ამიტომ კიდევ რა ქონება უნდა დააბრუნოს სახელმწიფომ, გაუგებარია.

მსგავსი მსჯელობა შეიძლება იმ სხვა კონფესიების მიმართაც, რომლებიც ინიციატივის კანონად ქცევის შემდეგ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ელოდებიან. სახელმწიფო არ არის ვალდებული მატერიალური ქონების დაბრუნების გარდა სხვა სახის ვალდებულება იკისროს გაერთიანებების მიმართ, რადგან  დაზარალებულ მხარე თავად სახელმწიფოა.

რწმენის თავისუფლებას კონსტიტუციითაა დაცული, რაც გულისხმობს პირისთვის მისი თავს მოხვევის აკრძალვას. ამ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების დავალდებულება სწორედ რწმენის თავს მოხვევაა მათ მიმართ, ვინც სხვა სარწმუნოებას აღიარებს ან ათეისტია. დაფინანსების მომხრეების არგუმენტი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 84 პროცენტი არის მართლმადიდებელი, ხოლო ეს ოთხი რელიგიური გაერთიანება დანარჩენი მორწმუნეების დიდი ნაწილის მიერ არის აღიარებული. თუმცა კონსტიტუცია იცავს არა უმრავლესობის, არამედ თითოეული ადამიანის უფლებებს. უმრავლესობის ინტერესების დაცვა, თუნდაც ერთი მოქალაქის უფლების ხარჯზე, დაუშვებელია. ამიტომ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი უსამართლო გარემოს ვერ ცვლის უკეთესობისკენ, რადგან ბიუჯეტი არა მხოლოდ პრივილეგირებული 5 კონფესიის წარმომადგენლების, არამედ ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიერ ივსება.

ამასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემული დიდი ფინანსური რესურსის კონტროლის არავითარი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება, უნდა იყოს გამჭვირვალე. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას მსგავსი ბერკეტი არ შეუქმნია, ამხელა თანხის მიზნობრივ ხარჯვას ეჭვქვეშ აყენებს. მით უფრო იმ ფონზე, როცა სასულიერო პირთა ლამის ყოველი დაცემინება გერმანიაში ჰოსპიტალური მომსახურებით მთავრდება.

ამიტომ, დაფინანსებული რელიგიური გაერთიანებების რიცხვის ზრდა სულაც არ აღმოფხვრის ქვეყანაში შექმნილ დისკრიმინაციულ გარემოს. სანამ ერთი მოქალაქეც კი ვალდებულია იძულებით სხვისი ინტერესებისთვის იხადოს მსგავსი გადასახადი, მანამ ასეთი მიდგომა ხარკისგან დიდად არ განსხვავდება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s