ბატონ ირაკლის!

 

28 მარტს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციტივით გამოვიდა – კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და კაცის ერთობა.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ არსებული კონსტიტუციის მეორე თავის 36-ე მუხლით  „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

ბატონო ირაკლი, ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას არ სჯერა, სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მოქალაქეებიც არსებობენ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თქვენ მათ უფლებებს ართმევთ. არავინ გთხოვთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ხმას არ ვიღებთ. თუმცა, თქვენ კონსტიტუციური ცვლილებით მათ ართმევთ უფლებას, საკუთარ თანაცხოვრებას დაარქვან ოჯახი და ამას კონსტიტუციის სახელით აკეთებთ.

ბატონო ირაკლი, გიფიქრიათ მაინც იმაზე, თქვენ რომ ყოფილიყავით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, ან თქვენ, ვინც ამ ცვლილების მომხრე ხართ, (ვიცი, იფიქრებთ ღმერთმა დამიფაროსო ან მსგავს რამეს) თქვენი რამდენი უფლება დაირღვეოდა? საერთოდ კი შეძლებდით ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც პრემიერიც კი, მჯერა გააზრებულად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქეების უფლებებს არღვევს? იქნებ ჯერ მათი აზრი გაგეგოთ, ვისთვისაც კონსტიტუცია დაიწერა და შემდეგ დაგეკმაყოფილებინათ თქვენი, როგორც პრემიერ-მინისტრის მოთხოვნები?

ბატონო ირაკლი, მესმის, თქვენ იმ გაბატონებული უმრავლესობის გულის მოგებას ცდილობთ გასული წლის 17 მაისს რომ „იცავდა“ ქართველობას, მაგრამ მაინც, როგორც ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი გირჩევდით, მარტო ქართველ ჰეტეროსექსუალებზე არ გეფიქრათ. ისიც კარგად მესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის და „ქულების დასაწერად“ რამდენიმე სისულელის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ხმის მიცემის უფლება ხომ იმ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც ჰომოსექსუალები და ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები არიან. რა იცით, იქნებ ისინი არიან დღეს უმრავლესობა თქვენ რომ უმცირესობას უწოდებთ. თქვენი ნება რომ იყოს  მჯერა, საერთოდ აუკრძალავდით არსებობის უფლებას ისეთ ადამიანებს, რომლებიც არც ქართველად მიიჩნევენ საკუთარ თავს, არც ქართველი მართლმადიდებლები არიან და არც ქართველი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალები.

ბატონო ირაკლი, ჩვენც გვასწავლეს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თუმცა მაშინ არავის უთქვამს, რომ მამაკაცს და მამაკაცს, ისევე როგორც ქალს და ქალს, აქვთ უფლება საკუთარ ერთობას ოჯახი დაარქვან. როდესაც ამბობთ, რომ არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, იქნებ ჯერ დაფიქრებულიყავით, რომ აწ უკვე ავადსახსენებელ 36-ე მუხლში არსად არის ნახსენები ქალი და მამაკაცი, არამედ წერია სიტყვა- მეუღლე და არსად არის დაკონკრეტებული ადამიანის ბიოლოგიური სქესი.

ბატონო ირაკლი, როგორც თქვენ თქვით, აღნიშნული ინიციატივა კოალიციის პოლიტსაბჭოზე განიხილეთ, სადაც ერთხმად მოგიწონეს გადაწყვეტილება. ეჭვიც არ მეპარება ამაში. კოალიციის მხრიდანაც მშვენიერი სვლაა. თუმცა, სად არის ამ დროს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი? იქნებ ხმა მაინც ამოეღო ვინმეს. მაგრამ მჯერა, რომ ქართველი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალი მოქალაქეების წინააღმდეგ (ნამდვილი და/ან ნაღდი ქართველების), რომლებსაც ქართველი „გეიების“ არსებობის არც კი სჯერათ, არავინ წავა. აბა ვინ აღუდგება მათ ნებას წინ?

ბატონო ირაკლი, ძალიან მწყინს, რომ დღეს, ასეთ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, სადაც დემოკრატიის არსებობის მითს ყოველდღე ანგრევთ. ძალიან მწყინს, რომ ერთნაირად არ ზრუნავთ მოქალაქეებზე და კონსტიტუცია მოქალაქეებს შორის შეთანხმება არ არის. საწყენია, რომ ასე „მიგყავთ“ სახელმწიფო ევროკავშირისკენ და გზად ხორვატიისა და ლატვიის მაგალითებს იშველიებთ. ასეთი ცვლილებების მაგივრად, ჯერ რომ ერის განათლებაზე გეზრუნათ, მგონი არ იქნებოდა ურიგო.

ბატონო ირაკლი, თქვენი კიდევ რამდენი კაპრიზის ატანა მოგვიწევს ჩვენ და კონსტიტუციას? თქვენი რამდენი სურვილი თუ მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ერმა? იქნებ სახლში მაინც გეფიქრათ ამაზე.

ბატონო ირაკლი, ძალიან ბნელა.

 

პატივისცემით,

მარიამ ლეჟავა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s