17 მაისის მოლოდინში

10325403_10202902274190957_944615903350694136_nავტორი: ივა ლომიძე

17 მაისის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში უკვე დაისვა კითხვა რა მოხდება წელს? გასული წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებზე საუბრისას ძირითადად ლგბტ პირთა უფლებების დარღვევაზე კეთდება ხოლმე აქცენტი. თუმცა, ვფიქრობ 2013 წლის 17 მაისი არის არამხოლოდ კონკრეტული სექსუალური ორიენტაციის მქონე  პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თარიღი, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის დღე, რომელთაც სამართლებრივ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება. რადგან ამ დღეს ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ქართულმა სახელმწიფომ მიიღო.

დღეს, როდესაც თითქმის ერთი წელი გავიდა მომხდარიდან, საზოგადოებამ ამ თემაზე საუაბრი განაახლა.  ჩვენ ვიმყოფებით მომავალი 17 მაისის წინაშე და ჩნდება ლოგიკური კითხვა – რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციით მიცემული უფლებების რეალიზება. რას გააკეთებს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები?

გაცილებით სწორი იქნება თუ პრობლემის განხილვისას ფოკუსში სწორედ სახელმწიფოს მოვაქცევთ და ყველა იმ რეციდივზე, რაც შეიძლება მომავალ 17 მაისს მოხდეს, სრულ პასუხისმგებლობას მას დავაკისრებთ. რადგან  ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში შეიძლება იარსებოს ფუნდამენტალისტურად განწყობილმა ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც მზადაა  თავისი ღირებულებებისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლე ხელყოს, მაგრამ იმ ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუციები, რომლებიც მოაქალაქეების უსაფთხოების გარანტი არიან.

სახელმწიფოს ანტიკური მოდელებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანთა „საერთო სარგებლიანობის ცნობიერების“ (არისტოტელე) და სამართლიანობის (პლატონი) საფუძველზე იქმნება, სახელმწიფოს დაფუძნების მოდერნული მცდელობები ძირითადად აპელირებს ადამიანის, როგორც სიკვდილის შიშით ატანილი ცხოველის სწრაფვაზე, დადოს ხელშეკრულება სხვა ადამაინებთან და უარი თქვას მთელ რიგ უფლებებზე, რომელთა კეთების უფლებაც მართალია მას ბუნებით მდგომარეობაში აქვს, მაგრამ პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე უარს ამბობს მათზე. სახელმწიფო კი არის დადებული ხელშეკრულების შესრულების გარანტი. ისაა „ხელოვნური ადამიანი“, რომელსაც მოქალაქეები გადასცემენ ძალადობის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი დაარღვევს დადებულ ხელშეკრულებას. ჰობსის ეს აზრი საუკეთესოდაა შეჯამებული ვებერის სიტყვებში – სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმაცია ძალადობაზე.

მე, როგორც მოქალაქე, როდესაც ვხედავ როგორ ძალადობს ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორეზე და ამავდროულად ვერ ვხედავ სახელმწიფოს რეაქციას მომხდარზე, მიჩნდება დაუცველობის განცდა და იმის შეგრძნება რომ არ ვცხოვრობ სახელმწიფოში. რადგან თუ ერთ შემთხვევაში სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები, არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ხვალ ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობა იქნება აღკვეთილი.

გასაგებია, რომ ეკლესია ძლიერი ძალაა, რომელსაც ადამიანთა დიდი რაოდენობა უმაგრებს ზურგს. ისიც გასაგებია, რომ ნებისმიერი მთავრობისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ეკლესიის მასათა სამართავ ინსტრუმენტად გამოყენება, ვიდრე მასთან ღია კონფრონტაციაში შესვლა. მაგრამ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების სურვილით შეპყრობილი მთავრობა, რომელიც არ უპირისპირდება მოძალადეებს, რადგან ეს უკანასკნელნი უმრავლესობას წარმაოდგენენ, კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს ფუნდამენტურ იდეასთან და ამდენად, საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმურობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც ნორმალური ხელისუფალისთვის გაცილებით დიდი კატასტროფა უნდა იყოს ვიდრე უკმაყოფილო ბრბო.

სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ვერანაირ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ წლევანდელი 17 მაისი ლგბტ თემისთვის გაცილებით მძიმე იქნება;  თავად ლგბტ პირთა ნაწილი თავს იკავებს აქციაში მონაწილეობის მიღებისგან, რაც საბოლოო ანგარიშით ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, რადგან თუ ერთხელ და სამუდამოდ არ გადავლახეთ ის აზრი, რომ სახელმწიფოში შეიძლება კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე ან რამე იდგეს და სანამ სახელმწიფო ღიად არ იტყვის, რომ არაფერია ისეთი, რაც კანონს შეიძლება აღემატებოდეს, მუდამ უმწიფარი საზოგადოება ვიქნებით და არშემდგარი ქვეყანა გვექნება.

გასული წლის 17 მაისს ეკლესიამ დეკლარირებულად განაცხადა პრეტენზია ძალაუფლებაზე, და ყველა ის პათოლოგიური სიმახინჯე გამოავლინა, რაზეც მანამდე ცალკეული ადამიანები სამზარეულოებსა და მაქსიმუმ ინტერნეტ სივრცეში საუბრობდნენ. ის დაუპირისპირდა დამოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს.

დღევანდელი მოცემულობით  ერთ მხარესაა ტაბურეტებით  შეიარაღებული ბრბო, რომელიც დევნის და, როგორც ცხოველებზე, ისე  ნადირობს ადამიანებზე. მეორე მხარეს კი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მომქმედი ადამიანები, რომლებიც მოითხოვდნენ კონსტიტუციის ფარგლებშივე მოახდინონ საკუთარი თავის მანიფესტაცია. ქართული სახელმწიფო დგას გამოწვევის წინაშე და ამ გამოწვევაზე გაცემულ პასუხზეა დამოკიდებული ვიცხოვრებთ თუ არა სახელმწიფოში, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და შერჩევითი სამართლის პრინციპი არ მუშაობს.

არგუმენტი თითქოს პარაფირების ხელშეკრულების გამო არ უნდა ჩატარდეს აქცია სრული აბსურდია, რადგან ევროპა პირველ რიგში კონრეტული ღირებულებების – თანასწორობისა და თავისუფლების – ერთობლიობაა და თუ ქართულ სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანის ეს ფუნდამენტური უფლებები დაიცვას, მაშინ ვერანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი ვერ მიგვაახლოვებს ევროპასთან.

მომავალი 17 მაისი კარგი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელსაც არამხოლოდ ევალება, არამედ უკვე მოეთხოვება იყოს მოძალადე მოძალადეების მიმართ.

 

 .

One thought on “17 მაისის მოლოდინში

  1. “მომავალი 17 მაისი კარგი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელსაც არამხოლოდ ევალება, არამედ უკვე მოეთხოვება იყოს მოძალადე მოძალადეების მიმართ” – ხელისუფლებამ კანონის ძალით უნდა იმოქმედოს ძალადობის აღმოსაფხვრელად, ის ვერ იქნება მოძალადე. თუ გადატანითი მნიშვნელობით გინდოდა გეთქვა, ბრჭყალები და მისი ჯანი.

    კარგი პოსტია. :))

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s