მღვდლები პარლამენტში

mgvdlebiავტორი: ივა ლომიძე

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტი ცდილობს მიიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელშიც ახალი არაფერია ისეთი ნათქვამი, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში ანბანურ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. ის, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, ნორმალურ საზოგადოებებში ბანალურ და გაცვეთილ დებულებად აღიქმევა, რომელსაც ყველა იზიარებს.  მიუხედავად ამისა, ასეთი უწყინარი კანონპროექტის მიღება დროში საკმაოდ გაიწელა.

ადამიანები სრული სერიოზულობით კამათობდნენ დასაშვები არის თუ არა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და აქვთ თუ არა ამ უკანასკნელთ ისეთივე უფლებები, როგორც საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებს.  ჩვენ მოწმე გავხდით ღირებულებითი კონფლიქტისა, რომელიც წარმოიშვა კანონპროექტის ინიციატორთა და   საზოგადოების ერთ ნაწილს შორის. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი პარლამენტში წარმოდგენილი იყო სასულიერო პირებისა და ერთი ორი გაუკრვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სუბიექტის სახით.

პარლამენტი მთლიანად სეკულარული წარმონაქმნია, რომელიც არ ექვემდებარება და არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ რელიგიურ კონფესიასთან. როცა ვხედავთ ანაფორებით გადაშავებულ საკომიტეტო დარბაზს, ლოგიკურია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც პარლამენტის, ისე მთლიანად სახელმწიფოს ეკლესიისგან დამოუკიდებლობის საკითხი. მავანნი იტყვიან, რომ ეს იყო დიალოგი იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიაკუთვნებს თავს. მაგრამ აქ საკითხი სხვანაირად უნდა დავაყენოთ.

საქმე ეხება პრეცედენტს, რომელიც უშვებს რელიგიური პირების სახელმწიფო საქმეებში ჩარევას. პრეცედენტს, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის სასულიერო პირებს თავიანთი იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოაქციონ ერთი მხრივ პარლამენტარები და მეორე მხრივ, პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრონ საზოგადოების გასაგონად, როგორც ქვეყანაში არსებულმა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, რომელთა ძალუფლების წინაშე სახელმწიფოც კი უძლურია.

ჩვენ ნათლად დავინახეთ ის პარლამენტარები, რომლებსაც არ/ვერ ჰქონდათ გააზრებული ქართველ ხალხს და სახელმწიფოს წარმოადგენდნენ პარლამენტში, თუ მართმადიდებლურ ეკლესიას. არ შეიძლება არ აღინიშნოს უმრავლესობის წევრის ბატონი გედი ფოფხაძის მოსაზრება, თავისი კომიკური შინაარსის გამო. მიუხედავად იმისა, ის მართველი გუნდის უმრავლესობის აზრს გამოხატავს თუ არა, მაინც პრობლემაა, რომ პარლამენტში თუნდაც ერთ ინფანტილს მაინც ვხედავთ:  თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამო, რომ ასეთი რედაქცია იყოს. არ დავუჭერ, მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ, მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე იმის გამო?”

დიდი ბოდიშის მოხდით ვკითხავ ბატონ გედის, საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წლის 2 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმა სინოდს მისცეს თუ თქვენ? არ გეჩვენებათ, რომ გარკვეული ვალდებულებები გაქვთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებული და სწორედ ამ ვალდებულებების გააზრებაა ის ძალა, რამაც „მრევლის“ ინტერესებზე უნდა აგამაღლოთ?

ბატონ გედიზე არანაკლებ კურიზოულ მდგომარეობაში ქალბატონი მანანა კობახიძე იყო, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის ინიციატივას კბილებით იცავდა იმ არგუმენტით, რომ ეს კანონი რაიმე ქმედითს ვერ გააკეთებდა ადამიანების უფლებების გაუმჯობესების კუთხით და მდგომარეობა არ შეიცვლებოდა.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობა, მიწების ჩუქებით დაწყებული გამოშიგნულ აზრგამოცლილი კანონპროექტების მიღებით დამთავრებულს, ერთად აღებულს ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს თეოკრატიის მეტს არაფერს უქადის. დღევანდელი მოცემულობით ქვეყნის ორიენტაციულ დილემას ევროპა/რუსეთი კი არა, ევროპა/ირანი მიმართება უფრო ადეკვატურად გამოხატავს.

სამწუხარო ამ ყველაფერში ისაა, რომ რამდენიმე თვიანი საჯარო განხილვების დროს არცერთ მედიასაშუალებას არ დაუყენებია პრობლემად ის ფაქტი, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში ერევა. ძირითადად მსჯელობა მიდიოდა კანონპროექტის მიღება არ მიღების გარშემო. შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ აღიქვას რეალურ პრობლემას და იმაზე ფიქრითაა დაკავებული შეიძლება თუ არა ყველა მოქალაქემ თანაბარ პირობებში თანასწორად იცხოვროს.

მეორე საკითხია თავად ეკლესია და მისი პოზიცია. ქართული მართმადიდებლური ეკლესიის სახით ქვეყანაში გვყავს ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანური ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, რომელიც სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირების მეტს არაფერს აკეთებს.

ფაქტი, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე ძალადობის სურვილს და „პირში კუპრის ჩასხმად“ აღიქვამენ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა თანასწორობის იდეის მანიფესტაციას, მიუთითებს მხოლოდ ერთზე – ადამიანების დამცირება და შეურაცხყოფა იმდენად გაისისხლხორცა  ეკლესიამ და ძალადობა იმდენარ თავის ორგანულ ნაწილად აქცია, რომ მის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია.

დავით-მიხეილ შუბლაძის ფოტო

დავით-მიხეილ შუბლაძის ფოტო

მე გულრწფელად მესმის ქართველი მღვდლების. სიძულვილის გამოტოვებით ჩვენ გამოგვრჩება მთლიანად ქართული მართმადიდებლური ეკლესია და იმ ღირებულებათა სისტემის არსი, რომელსაც დღეის მოცემულობით ეკლესია ქადაგებს, რადგან ეს ორი ერთმანეთს უდრის. ამიტომაც იბრძვიან ისინი ასე თავგამოდებით ძალადობის უფლების მოსაპოვებლად. ესაა მათი იდეოლოგიური პოზიციების გამყარების მცდელობა.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობასა და მოყვასის სიყვარულზე დაფუძნებული მართადიდებლური რელიგია გადაიქცა დევნის და ჩაგვრის იარაღად.

ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს „ძაღლები იყეფებიან, მაგრამ ქარავანი მაინც მიდისო“. ქარავანი რომ მიდის ამაზე ორი აზრი არაა, მიმართულებაც განსაზღვრულია, მაგრამ კარგი იქნება თუ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს არა, როგორც მზამზარეული ღირებულებების გადმოღებად გავიგებთ, არამედ შევეცდებით ეს ღირებულებები საკუთარ თავში დავბადოთ და დავინახოთ მათი უალტერნატივოობა. არა იმიტომ, რომ ასე ვიღაცას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ასე ჩვენ, საქართველოს მოაქალეებს გვსურს..

One thought on “მღვდლები პარლამენტში

  1. “ქართული მართმადიდებლური ეკლესიის სახით ქვეყანაში გვყავს ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანური ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, რომელიც სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირების მეტს არაფერს აკეთებს”. ივა, თქვენს ადგილზე მაინც თავს შევიკავებდი მსგავსი ხმამაღალი შეფასებისგან. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არ წარმოადგენს ანტიქრისტიანულ დაჯგუფებას, ეს დემაგოგიაა 🙂 მადლობა ღმერთს, არიან ღირსეული სასულიერო პირები და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. იმაში კი რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ სინოდის წევრებმა, იგრძნეს რა უდიდესი ძალაუფლება, ყველანაირად გაარღვიეს თავიანთი კომპეტენციები და აგერ საკანონმდებლო ორგანოშიც კი შემოგვეჭრნენ, გრიგოლ ხანძთელობა მოინდომეს პატივცემულებმა. თეოკრატია კარზე მოგვადგა კი არა, უკვე არის ქვეყანაში თეოკრატიული მმართველობა. სულ ცოტაც და ირანის პრეცედენტს სულ რიხინ-რიხინით გავიმეორებთ.
    ძალიან გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ვაი-კანონმდებლების პოზიციაც, იგივე გედი ფოფხაძის და ა.შ. ძალიან ცუდია ის, რომ არ აქვთ გაცნობიერებული რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული ქართველი ხალხისგან. მე პირადად ვარ ძალიან შეშფოთებული და შეფიქრიანებული ამ მდგომარეობას რომ ვუყურებ. ახლავე თუ არ მიიღეს ზომები, რომ ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს, ვშიშობ მერე გვიან იქნება.
    რაც შეეხება კანონს, ეს არის ყველაზე ჰუმანური, ყველაზე სოლიდარული, და ყველაზე ქრისტიანული კანონი, რომელიც კი შეიძლება მიიღოს პარლამენტმა, იმიტომ რომ ყველანი – ჰეტეროები, გეები, ლესბები, ტრანსგენდერები, მუსულმანები, ფერადკანიანები და ა.შ. ვართ თანასწორები და ღმერთს ყველა ვუყვარვართ, ჩვენ ყველა თანაბარუფლებიანი, არჩევანში თავისუფალი, 21 საუკუნის ადამიანები ვართ. არავის აქვს უფლება იქადაგოს და მოუწოდოს ძალმომრეობაზე, აგრესიასა და ამგვარი გზით “უმცირესობის” დევნაზე.
    მე ვარ მართლმადიდებელი და ჩემთვის ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა, ამიტომაც ვარ ჰეტეროსექსუალი, მორჩა. თუმცა ვინ იცის, ეგებ მე გაცილებით დიდ ცოდვებს ჩავდივარ, ვიდრე ვინმე კეთილი, ან ვთქვათ ქველმოქმედი გეი?!… ყველამ ჩვენს თავებს და სექსუალურ ცხოვრებას მივხედოთ და გამოვუცხადოთ ერთმანეთს და ერთმანეთის არჩევანს პატივისცემა და სოლიდარობა.
    უკაცრავად, დიდი კომენტარი შემომეწერა…

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s