ოჩოფეხებზე შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება

ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია(ფოტოზე: ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია)

ავტორი: გიორგი ბედოიძე

დღეს ასე პოპულარული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის და შემდგომ უკვე კანონის კრიტიკის ფონზე მრავალი მოსაზრება დაიწერა, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება ერთი სიღრმისეული ფაქტი, საზოგადოებრივი აზრის სწრაფი ცვლილება, ოღონდ არა საკუთარი ინიციატივითან საკუთარი განსჯის, არამედ სხვისი მოწოდებისსაფუძველზე.

საზოგადოებრივი აზრის სწრაფი ცვლილება საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდის თანმდევი მოვლენა გახდა, რის დასადასტურებლად არამარტო ევროკავშირთან ჯერ გულთბილი და შემდეგ ინდიფერენტული განწყობა გამოდგება, არამედ სსრკ-ს ნგრევიდან დაწყებული მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენები, თუნდაც ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დამხობა, შემდეგ იოსელიანის „ხუნტის“ ჩამოყალიბება, შევარდნაძის მესიის მსგავსად მოხმობა ქვეყნის სამართვად და ა.შ. ეს არც არის გასაკვირი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მართვის უმცირესი გამოცდილების გამო, რამაც ვერ უზრუნველყო ფესვგადგმული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ფესვგადგმულზეც კი არ არის საუბარი, უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების შექმნაც ვერ მოახერხა.

2003 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ევროპული არჩევანი თითქოს ხალხის შეურყეველ ნებად იქცა. რასაც მოწმობს 2008 წელს ჩატარებული პლებისციტი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა (77%) მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებას. მეორე მაგალითია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2009 და 2011 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც დადასტურდა, რომ „ქართველები ევროკავშირის მიმართ განსაკუთრებით კარგად არიან განწყობილნი. ისინი ევროკავშირს არამარტო კეთილისმყოფელ ინსტიტუტად მიიჩნევენ და მისგან მხარდაჭერას აფასებენ, არამედ სულ უფრო მეტად არიან დარწმუნებულნი, რომ საქართველო მისი წევრი უნდა გახდეს.“

თუმცა 2013 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციების ამოქმედება დაიწყო ხელისუფლებამ, რაც ჯერ, პირველ რიგში, მანქანების დაზღვევას, ტექნიკურ გამართულობას შეეხებოდა.ამ რეგულაციებს უკვე მოჰყვა ხალხის აღშფოთება. ამ პროტესტის გამო საზოგადოების კრიტიკა არ არის გამართლებული, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ფული თუნდაც მანქანის შემოქმებისათვის ყოველწლიურად. მაგრამ ერთი ფუნდამენტური ფაქტი გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა არ არის მზად შეუერთდეს და გაითვალისწინოს ის რეგულაციები და მოთხოვნები, „თამაშის წესები“, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს. აქედან გამომდინარეობს ჩემი შეხედულება, რომ წინა წლებში არსებული დადებითი განწყობა ხელისუფლების მიერ წარმოებული დიდი პოპულარიზაციის შედეგი იყო, გაუაზრებელი წარმოდგენების შექმნისა. ევროკავშირიც და ნატოც მესიებად გვესახებოდნენ. შემდეგ კი პირისპირ დადგომისას აზრის ცვლილებას რამდენიმე არცთუ განსაკუთრებული რეგულაციის შემოღებამ დაუდო სათავე. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების არაინფორმირებულობის ბრალი, მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო ის მოთხოვნები, წინაპირობები რასაც ითხოვს ევროპა ზოგადად. თუმცა მანამდე ის სჯობდა უკეთ გაგვეგო, თუ საერთოდ რა არის ევროპა და დარწმუნებული ვარ ასეთ დიდი ინდიფერენტიზმსაც აღარ გამოიწვევდა მისი რეგულაციები.

უკვე 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებაზე ატყდა დავიდარაბა. ტელევიზიის   სულ რამდენიმე რეპორტაჟი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მართლმადიდებელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნეგატიურად განწყობილიყო. ამაზე, რა თქმა უნდა, გავლენა ეკლესიამ იქონია. გამუდმებული მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, რომ ჩვენ ეშმაკს ვეზიარებით და „აღსასრული ახლოსაა“, ანდაც რამდენიმე დღის წინ დედა პარასკევას მიერ გაცხადებული მამა გაბრიელის დამოკიდებულება სქესობრივ უმცირესობებთან, რომ ვინც მათ უფლებების ზრდას მხარს დაუჭერს სამუდამოდ იქნება შეჩვენებული და ა.შ. ყველაზე დიდი იმპულსად იქცა, რომ უსწრაფესად ქვეყნის მართლმადიდებელი მოსახლეობის აზრის ცვლილება მომხდარიყო ევროპის საწინააღმდეგოდ.

დარწმუნებული ვარ კითხვა რომ დავუსვათ ჩვენს მოქალაქეებს,უმრავლესობა იტყვის რომ იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, მაგრამ ეს იმიტომ რომ „იმიჯი არ შეილახონ“, თორემ სინამდვილეში სულ სხვას ფიქრობენ. ზოგადად მასიური ცვლილებები დამახასიათებილია სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისთვის, სადაც მთავრ წამყვან ძალად ავტორიტარი მმართველი გვევლინება და საზოგადოებრივი იმპულსების მკარნახებელიც ისაა, ასეთი რეჟიმების გამოცდილება კი ჩვენს ქვეყანას მრავლად მოეპოვება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დგას ჩვენ წინაშე, ხელისუფლება განაპირობებს ხალხის არჩევანს, დამოკიდებულებას, ღირებულებათა სისტემისადმი ნდობას და სხვა, რაც პირდაპირ დამღუპველია დემოკრატიისათვის, პირიქით, საზოგადოება უნდა კარნახობდეს ხელისუფლებას, რა არის მისი მთავარი ღირებულება და აზრი, და მსოფლიოს რომელ ნაწილში სურს მას საკუთარი თავის ხილვა. თუ ამას საზოგადოება ვერ აკეთებს, ის დგას ოჩოფეხებზე, ელიტურ ოჩოფეხებზე, რომლის მართვა შეიძლება რამდენიმე წამყვანი ელიტით. ჩვენს შემთხვევაში როგორც აღმოჩნდა ყველაზე დიდი ასეთი ელიტა ეკლესიაა, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის პატარა აღშფოთებაც კი იმხელა იმპულსებს აღძრავს ხალხში, რომ დაოკება შეუძლებელი ხდება.

ჯერ ხელისუფლების, შემდეგ კი ეკლესიის, როგორც წამყვანი ელიტის გავლენამ ძირი გამოუთხარა და უთხრის კიდევაც აზროვნების უნარს. იმ აზროვნებისა და განსჯისა, რომელიც არც ჰქონია პოსტაბჭოთა პერიოდის განავლობაში საზოგადოების დიდ ნაწილს. მთავარია იმპულსები.მე არ ვამბობ იმას, რომ ეკლესია გონებრივად ასუსტებს ან ფიტავს ადამიანს, არა, მან უბრალოდ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ევალება, იზრუნოს სულიერ განვითარებაზე, მოსახლეობის კონსოლიდაციაზე ამ მხრივ, მაგრამ სახელწიფოს მართვა არ არის მისი საქმე, და ჩვენ არ გვჭირდება, როგორც ალექსანდრე ქანთარიამ უწოდა მათ, „ნაკურთხი კანონები“. აქაა ყველაზე დიდი პრობლემა. მიმაჩნია, რომ თუნდაც მცირედ რომ ჩავიხედოთ წიგნში, ან უბრალოდ გავიგოთ ის თუ რა არის ლიბერალიზმი, დემოკრატია, ევროპა ისე რომ სხვის „მოწოდებებს“ არ ავყვეთ და სხვისი პოპულისტური აზრები არ ვიმეოროთ, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ჩვენ თვითონ განვსჯით დასავლეთის კარგსა და ცუდს და აღმოსავლეთის კარგსა და ცუდს, მნიშვნელოვნად გაიზრდება საზოგადოების როლი და ფუნქცია ქვეყნის მართვა-განვითარებაში. ეს კი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფესვგადგმასაც. ჩვენი აზრის განმაპირობებელი ელიტა ჩვენივე თავი თუ გახდება, მაშინ ავცდებით იმ დიდ საფრთხეს, რომელსაც იოანე საბანისძე ამბობდა: „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

ამ კუთხით ქართულ საზოგადოებას განვითარების დიდი გზა წინ აქვს, მაგრამ ეს გზა წინ არ წაიწევს თუ ისევ რაღაც სასწაულებს დაველოდებით. „ნუ დაელოდები სასწაულებს, მთელი შენი ცხოვრებაა ყველაზე დიდი სასწაული“ ამბობდა აინშტაინი და ჩემს სათქმელსაც ყველაზე კარგად ეს შეეფერება. ჩვენ უნდა ჩვენივე ცხოვრებაში, აი ამ წამსა და წუთს შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენივე თავი და ქვეყანა, და არ მოვექცეთ იმ უტიპიური რწმენების ქვეშ, რომ ვიღაც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გადავარჩინოთ. ამის საფუძველი კი თუ ადრე ხმალი იყო, შემდეგ შრომა, ახლა მას გონებაც დაემატა.

საკმაოდ ბევრის თქმა შეიძლება ამ თემაზე, ბევრი ანალიზი, თუმცა ერთი კია, ხშირად ვფიქრობ, ის საუკუნის მეოთხედი, რაც საქართველომ უკვე გაატარა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ლიბერალური-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ბევრი შეცდომებითაა სავსე. შეცდომებზე ვსწავლობთ, მაგრამ ეს შეცდომები ძალიან ბევრია, უზომოდ ბევრი. და ვფიქრობ, ის სამწლიანი დამოუკიდებლობა რომ საუკუნის მეოთხედი მაინც გახანგრძლივებულიყო, რაც 1918 წელს მოიპოვა საქართველომ, გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა ქვეყნის განვითარების გზაზე. ამიტომ შეცდომებს ვერ გავექცევით, მაგრამ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ისინი, სახელმწიფოს შენება პოლიტიკური ელიტიდან კი არა, ძირიდან, საზოგადოებიდან უნდა დავიწყოთ, ჩვენივე თავებიდან..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s