სიჩუმობანა

sanTlebi

ავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

სკოლაში ალბათ ბევრს გვითამაშია „სიჩუმობანა“. თამაშის პრინციპი მარტივია: მასწავლებელი ზის საკლასო ოთახში, ამოარჩევს ყველაზე წყნარად მჯდომ მოსწავლეს და გაჰყავს დაფასთან, შემდეგ ეს მოსწავლე ადგილს დაუთმობს მისი შეხედულებით ყველაზე წყნარ კლასელს და ასე გრძელდება ზარის დარეკვამდე. თუ ვინმე ამ მოსაწყენი ერთფეროვნების წინააღმდეგ გამოვა, თამაშის პერიოდში არა მარტო მასწავლებლის მიერ, არამედ მთელი კლასისგან დასჯა და გარიყვა ემუქრება.

ეს თამაში საზოგადოების ხასიათს კარგად ასახავს ყველა მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე მისი რელიგიასა და განსაკუთრებით, ქართულ მართლმადიდებლობასთან (არა მივიწყებულ „ქრისტიანობასთან“) კონტექსტში განხილვა უფრო აქტუალურია.

ბოლო დროა ეკლესიაში მიდის ისტერიკული ბრძოლა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ და შესაბამისად, სახელისუფლებო ბერკეტების ხელში ჩაგდებისთვის. ხელისუფლების საქმიანობაზე მსგავსი ზეწოლა ეკლესიის მხრიდან მომრავლდა. შეიძლება საპატრიარქომ საფრთხე იგრძნო, რადგან მის მიერ დანერგილ ერთფეროვან ცხოვრების წესს შეიძლება საფუძველი გამოეცალოს და  გავლენის შესანარჩუნებლად იბრძვის. თუმცა, ყოველი ასეთი მცდელობა მისსავე წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრება ქრისტიანობისთვის უცხოა.

საინტერესოა, რომ ეკლესიაში და თუნდაც ქართულ „კუ-კლუქს-კლან“ მმკ-შიც კი აცხადებენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რომ არ უნდა დევნო ისინი რაიმე ნიშნის გამო, თუმცა როცა საუბარია ამის კანონში ჩაწერაზე, მაშინ მთელი არსებით ებრძვიან კანონის ამ წესს, რაც მათ რეალურ სურვილებს ფარდას ხდის.

ამ პარადოქსის ახსნა ძალიან მარტივია – ეკლესია ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ თუ თამაშში მის წესებს არ დაემორჩილება, არ გაჩუმდება მცირე ჯგუფი, მისი წევრები უნდა გაირიყონ და მოქმედების საშუალება არ მიეცეთ. ხოლო თუ დაუბრუნდებიან „სიჩუმის გზას“, მაშინ დედაეკლესია სიამოვნებით შეიფარებს. ამ შემთხვევაში ინკვიზიტორად არა უშუალოდ მოძღვარი-მასწავლებელი გვევლინება, არამედ ის საზოგადოება, რომელიც ერთფეროვანი წესის ფერხულშია ჩაბმული.

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტად, რაც ქართულ საზოგადოებას არ მოგვწონს, ესა კრიტიკაა. თუ ვინმემ ჩვენი უპირობო გამორჩეულობა ეჭვქვეშ დააყენა, მას მაშინვე მტრად აღვიქვამთ. ამიტომაა ტაძარში მრავლად მლიქვნელები, რომლებისთვისაც დამოუკიდებელი აზრი უცხოა და იმ პოზიციას იჭერენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რასაც მოძღვარი მიიჩნევს სწორად, თუნდაც ეს რელიგიას არ ეხებოდეს. უმრავლესობას ბიბლია რომ წაეკითხა, სხვა თუ არა, ის მაინც ეცოდინებოდათ, რომ არ არსებობს შეუმცდარი ადამიანი და თუ ასეთად ვინმეს მიიჩნევ, მაშინ შენც იმ კერპის აღმმართველად იქცევი, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება ქადაგებდა ქრისტე.

უცნაური მაინც ის არის, არათუ ხალხს, არამედ თავად სასულიერო პირებსაც კი არ აქვთ წაკითხული ანტიდისკრიმინაციული კანონი და ისე უცხადებენ პროტესტს. რაც მთავარია, ის იციან, რომ კანონი უმცირესობას იცავს მოძალადე უმრავლესობისგან და სწორედ ესაა მათთვის მიუღებელი. წარმოუდგენელია, ჩვენი წესებით მოთამაშე და ამ წესების „დამრღვევი“ თანასწორ მდგომარეობაში რატომ უნდა იყვნენ. ქრისტიანობისთვის ჩაგრულის დაცვა თავისთავად მოიაზრება, მაგრამ ქრისტიანებისგან ჩაგრულის – არა. მრევლისთვის მოძღვრის აზრია მთავარი და არა ქრისტესი, იმ ქრისტესი, რომლის სახელიც კი გააქრეს თავიანთი რწმენიდან.

მთლიანად ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ეკლესია იქცა ბიზნესის კეთების ადგილად. ამის იმედს მაძლევენ ის ღვთისმსახურები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად შემორჩა ტაძრებში, თუმცა ასეთი პირები ძალაუფლებისგან მაინც შორს დგანან. ალბათ იმიტომ, რომ ასეთ ძალაუფლებას და მომხვეჭელობას უარყოფდა თავად ქრისტეც და სწორედ ამ გზას მისდევენ ისინი. დანარჩენებზე კი შეიძლება ითქვას, მათი მიზეზია რომ თანდათან იცლება ეკლესიის კედლები და რთული იქნება ამის შეჩერება. ამ პროცესს დღესდღეობით მოდად ქცეული ათეიზმიც უწყობს ხელს. ეს კი იმის ბრალია, რომ ეკლესიის სახედ იქცა წინა პლანზე წამოწეული მდიდრული ჯიპებისა და რეზიდენციების მქონე სამღვდელო პირები, მაშინ, როცა ქრისტე სიმდიდრის გაღებას და უქონელზე ზრუნვას უსახავდა მიზნად თავის მიმდევრებს.

ამ პრობლემიდან გამოსავალი არსებობს, და ეს გამოსავალი არის განათლება. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პირველ რიგში ეს ეხება ქრისტიანულ სწავლებას, რისი სახელითაც მის მცნებებს გამუდმებით ვარღვევთ. ეკლესიებში დაბუდებულ ამ სიბნელეს მარტო ნაკურთხი სანთლების შუქი კი არა, უფრო მეტი განათლება გაფანტავდა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s