ფაშიზმი ქართულად ანუ როგორ ვხდებით იდიოტნი

hate

ავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

პირველად ისინი კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, რადგან არც პროფკავშირის წევრი ვიყავი. ებრაელებს რომ მიადგნენ, ჩუმად ვიყავი, რადგანარც ებრაელი ვყოფილვარ. შემდეგ მომადგნენ მე, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად”.

(მარტინ ნიმიოლერი)

საზოგადოების განვითარება პიროვნების განვითარებით იწყება. ადამიანის განვითარებისთვის უმთავრეს როლს კი სასკოლო გარემო თამაშობს. ამიტომ საზოგადოებამ, რომელსაც ქვეყნის მომავალი ადარდებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, რა ხდება დღეს სკოლაში და როგორ გარემოში იზრდებიან ბავშვები.

ცოტა ხნის წინ „ლიბერალში“ გამოაქვეყნდა საქართველოში „ინტერკულტურული განათლების კვლევის“ შედეგები, სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით თუ როგორი განწყობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წესით სხვებს უნდა ასწავლიდნენ. ეს კვლევა ეხება რა თქმა უნდა „მასწავლებლებს“, რომელთა უმრავლესობისთვის ამ სტატუსიდან მხოლოდ ცარიელი, უშინაარსო ფორმაღაა შემორჩენილი.

როგორც აღმოჩნდა, პედაგოგთა უმრავლესობისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის, რწმენის, წარმოშობის თუ ორიენტაციის მქონე პირების არსებობა საქართველოში, და ამის საპასუხოდ თანახმა არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითაც კი დასაჯონ გარკვეულ შემთხვევებში ასეთი ადამიანები. ესაა ტიპიური ნაცისტური იდეოლოგია, რომელიც გავრცელებული იყო გასული საუკუნის გერმანიაში და რომლის გზაზეც დგას დღეს საქართველო.

მასწავლებელი, როგორც კატეგორია შესაძლოა მცირე ჯგუფს მოიცავდეს, თუმცა ასეთი დამოკიდებულებით მას გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოების ფსიქიკაზე, რადგან სწორედ ისინი არიან ჩართულები აღმზრდელობით საქმიანობაში. თუ გვინდა ჯანსაღი აზროვნების თაობა გვყავდეს, ამისთვის უპირველესად ასეთად მოაზროვნე პედაგოგია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთეული გამონაკლისების გარდა, უახლოეს 20 წელში შოვინისტური განწყობის მქონე ჩამორჩენილ, განუვითარებელ ბრბოს მივიღებთ, რომლის ნაკლებობას არც დღეს განიცდის საქართველო.

კრიზისია პედაგოგთა უმრავლესობაში (და არა ყველაში) და კრიზისია ყველა იმ მიმართულებით, რომელიც სამოქალაქო თვითშეგნების დონეს განაპირობებს: ზოგადი განათლება, ადამიანთა უფლებების ცოდნა ან ქვეყნის განვითარების ხედვა. პედაგოგი ბავშვს პირველ რიგში თავისი ვიწრო სპეციალიზაციის გარდა, სამოქალაქო თვითშეგნებას უნდა უვითარებდეს და სხვისი უფლებების პატივისცემას ასწავლიდეს, ან უარეს შემთხვევაში ამ საკითხებს საერთოდ არ ეხებოდეს. ამის ნაცვლად დღეს ზოგიერთი კატეგორიის მასწავლებელი ცარიელი თავით მოუწოდებს მოსწავლეებს ე.წ. უმცირესობების სიძულვილისკენ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება დაწყებით საფეხურზე, სადაც ბავშვების აზროვნებაზე მანიპულირება ძალიან მარტივია. ასეთ პედაგოგს ვერ მოვთხოვთ ის სამოქალაქო თვითშეგნება ასწავლოს მოსწავლეებს, რომელიც თვითონ საერთოდ არ გააჩნია. ამიტომ, ასეთი პირის ადგილი სკოლაში არ არის.

ეს ურაპატრიოტიზმი არა მხოლოდ არაეროვნული, არამედ ანტიეროვნულიცაა, რადგან მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას. მით უმეტეს საქართველოს ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა და მის დამღუპველ შედეგებს დღემდე ვიმკით.

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრი და რწმენა. ერთფეროვანი საზოგადოება ჩრდილოეთ კორეის გარდა არ მახსენდება, და თუ ვინმე ასეთი ერთფეროვანი წესრიგის ჩამოყალიბებას ძალადობით ეცდება, ძალადობას მხარს დაუჭერს ან ამ ძალადობისკენ მოუწოდებს, არაფერი განასხვავებს იმ ბრბოსგან, რომელიც ტირანიის შემოქმედნი არიან.

დღეს პატრიოტიზმი სხვების სიძულვილით იზომება და არა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით. შემთხვევით არ მომიყვანია მარტინ ნიმიოლერის სიტყვები: საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვით ადამიანი შემდგომში თავისი უფლებების დარღვევის შესაძლებლობებს ამცირებს. ანუ, იცავდე უმცირესობას, ნიშნავს იცავდე შენს უფლებებს. პედაგოგებმა ამ პრინციპის დანერგვას და გააზრებას უნდა შეუწყონ ხელი და არა სიძულვილს და სხვების ჩაგვრას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიძულვილით გამსჭვალული საზოგადოება, პირველ რიგში, საკუთარ თავს ანადგურებს, მხოლოდ შემდეგ სიძულვილის ობიექტს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s