,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში’’

werte_en

ავტორი: ირინა გურგენაშვილი

ზღვაში წვეთია ისტორიისთვის 70 წელი, მაგრამ თვითონ ზღვაა აზროვნების ფორმაციისთვის ეს დრო. ,,საბჭოთა კავშირმა“ დიდი ,,მემკვიდრეობა“ დაგვიტოვა, ,,მემკვიდრეობა“, რომლის ზიდვაც მძიმე ტვირთია ევროპისკენ მომზირალი ქართველისთვის.

არ მიცხოვრია და არ ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ გაქვს საკუთრების უფლება, არ გაქვს საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრების განკარგვის ნება, არ გაქვს უფლება რეალიზებული იყო, შენთვის მისაღებ გარემოში. არ ვიცი რას ნიშნავს ჩაკეტილი საზღვრები, არ ვიცი რა არის ვაკუუმში სუნთქვა. არც 37 მანეთად მიფრენია და არც წითელი ყელსახვევით განმიცდია ერთნაირობის ,,ნეტარი“ შეგრძნება, მაგრამ მინახავს ამ სივრცით ბედნიერი, ნოსტალგიური სულისკვეთებით განმსჭვალული ადამიანები.

არ მინდა კრიტიკის ქარცეცხლში გავატარო ისინი, არც მაქვს ამის ნება და მითუმეტეს, სურვილი. არც ილიას საქართველოში მიცხოვრია და ვერც იმ ეპოქის სუნს ვერ შევიგრძნობ ცხადად, თუმცა უნდა ითქვას, რომ  ჩემთვის ის შორეული, ბუნდოვანი წლები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე დახავსებული ,,თავისუფალი კავშირის“ ფსევდო ღირებულებები.

ვის არ სდომებია წარსულში მოგზაურობა, ნებისმიერი ეპოქის საკუთარ გულსა და ტყავზე გამოცდა, ისტორიის ყოველ გაყვითლებულ ფურცელში ჩაძრომა, მაგრამ არასდროს მქონია საბჭოთა დროში დაბრუნების სურვილი.  ვერ ვნახავდი საკუთარი უბედურებით ბედნიერ საზოგადოებას. მე მინდა ვნახო საქართველო მეცხრამეტე საუკუნეში, მინდა ვნახო დოდაშვილი, ყიფიანი, ჭავჭავაძე, მამაცაშვილი, მესხი… მინდა მინდა გავიგო იმპერიალიზმის მარწუხებში მოქცეული ქართველების ევროპული გულისცემა.

თუმცა არა მარტო მე, მინდა იმ საზოგადოებამც, რომლის უშუალო ნაწილადაც მოვიაზრებ თავს, ნახოს და გააცნობიეროს რომ ევროპა ადამიანის პატივისცემაზე აგებული ღირებულებათა სისტემაა. მე არ ვაიდიალებ ევროპას, როგორც რეგიონს, მე მათ მიერ აღიარებული თავისუფლების მწამს. მე მონტესკიეს, რუსოს, დიდროს, ბაირონის, გოეთეს ევროპის მწამს და არა იმ გავრცელებული აზრის, რომ ევროპა ,,აღვირახსნილობაა“, მე საქართველოს ევროპული მომავლის მწამს – არა, როგორც რეგიონის, არამედ როგორც მსოფლმხედველობის.

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ილია და მისი თანამოაზრეები ამტკიცებდნენ ლიბერალური-დემოკრატიის აუცილებლობას, ჩაკეტილი მენტალობის საზოგადოების განმანათლებლობის საჭიროებას და მათ განვითარებას.

დღეს, საუკუნე გავიდა ,,თერგდალეულების“ მოძღვრებების ზეიმიდან, წესით წინ უნდა წავსულიყავით, ჩვენი წარმატების ბიძგი უნდა ყოფილიყო მათი შრომა,  მაგრამ რა? დემოკრატიის, ურთიერთპატივისცემის, ლიბერალიზმის ნაცვლად, ტოტალიტარიზმს ვგლოვობთ. ძალით ევროპელები, ყოველი ნაბიჯის შემდეგ კილომეტრით ვიხევთ უკან. ვერ ვსწავლობთ, რომ ნიუანსებში განსხვავება არ გვაძლევს პიროვნების ჩაგვრის უფლებას, რომ ყველა რაღაც ნიშნით ვართ უმცირესობა, ყველა ინდივიდი ვართ, ჩვენი ნაკლითა თუ ღირსებებით.

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრის, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვწერო, ვილაპარაკო და თუ საჭიროა ვიყვირო ის სიმართლე, რომლისაც მე მწამს და თუ ამას ვინმე პროპაგანდად ჩამითვლის, დაე, ვიყო ,,ბინძური’’ ევროპის ღირებულებების გამავრცელებელი.

მე მჯერა, რომყველა ის ადამიანიც, ვინც ცდილობს არ შეურაცხყოს განსხვავებული, სინათლეა დერეფნის ბოლოს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s