ბიუჯეტის შესრულების პრობლემები

get_imgავტორი: აკაკი გველესიანი

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან სამინისტროების ნაწილმა თანხა ვერ აითვისა. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა უარყოფითი შეფასება მიიღეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის“ შესახებ შემაჯამებელი სხდომა 12 სექტემბერს გამართა. ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების შედეგებზე და ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

შემაჯამებელ სხდომას წინ უსწრებდა ანგარიშის განხილვა სხვადასხვა კომიტეტებში. შეფასებები უმეტესად დადებითი იყო, თუმცა ორმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, აგრარულმა კომიტეტმა მისი მუშაობა მაინც უარყოფითად შეაფასა. კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მათი შეშფოთება ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა გამოიწვია. მისი თქმით, კონკურსებისა და ტენდერების ჩატარების წესებში მთავრობის მიერ შეტანილმა ცვლილებებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანხების ჯეროვნად ვერათვისება გამოიწვია, რადგან რამდენიმე კონკურსი შეჩერდა, ახლების ორგანიზება კი დროში გაიწელა. მან საკადრო და მენეჯმენტურ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი.

„მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“, „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია“, „სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება“ – ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების ნახევარიც კი არაა ათვისებული, თუმცა ზოგიერთი პროგრამა სამინისტრომ 100%-ით შეასრულა. ჯამში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 6 თვეში გამოყოფილი 169 940 000 ლარიდან ფაქტობრივად 145 623 000 ლარი დახარჯა, რაც დაგეგმილის 85.8%-ია.

უფრო დაბალი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაჩვენებელი, რის გამოც მან გარემოს დაცვის კომიტეტისაგან უარყოფითი დასკვნა დაიმსახურა. ჯამში უწყებამ დაგეგმილი თანხების მხოლოდ 67%-ის ათვისება მოახერხა. გარემოს დაცვის კომიტეტის განცხადებით, თუ სამინისტრო მისთვის გამოყოფილ თანხებს ვერ დახარჯავს, მაშინ მომავალ წელს მისთვის დაფინანსების გაზრდა შეუძლებელი იქნება.

ხარჯვით ნაწილში პრობლემები ჰქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში გამოყოფილი თანხების 50%-ის ათვისებაც კი ვერ მოხერხდა. ჯამში სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი თანხების მხოლოდ 72% დახარჯა.

ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ 6 თვეში შემოსულობებს – 155 მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ვალდებულებების ზრდა კი 176 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

სხდომაზე მენეჯმენტის პრობლემაზეც ისაუბრეს, საპარლამენტო უმცირესობამ კი შარშანდელი სცენარის გამეორებაზე და წლის მეორე ნახევარში ბრუნვაში ჩაშვებული დიდი თანხების გამო ლარის ვარდნის  შესაძლებლობაზე ილაპარაკა. გიორგი თაბუაშვილის თქმით კი, უკვე ხელმისაწვდომია 8 თვის მონაცემებიც, სადაც მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გამოსწორებული და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხი ყოველკვარტალურად განიხილება.

სახელმწიფო ვერ ახერხებს მის ხელთ არსებული რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენებას, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. სავარაუდოდ, სწორედ ეს პრობლემა იყო ზაფხულში რამდენიმე მინისტრის შეცვლის მიზეზი. ამ ცვლილების შედეგი 2015 წლის დასაწყისში უნდა გამოჩნდეს, როცა ბიუჯეტის წლის მეორე ნახევრის შესრულების ანგარიში გახდება ცნობილი, თუმცა, მხოლოდ მინისტრების შეცვლა, დიდი ალბათობით, შედეგს ვერ მოიტანს და პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის. საჭიროა გაატარდეს უფრო კომპლექსური ღონისძიებები, გადაიხედოს შედარებით დაბალი დონის მენეჯერთა კომპეტენცია, და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ახალი კადრებით ჩანაცვლდნენ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s