“მუდმივი უკმაყოფილების” სინდრომი

10717960_709882029088732_1290356804_nავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

ამ ბოლო დროს, ქართულ საზოგადოებასაც ერთი ასეთი ჩვევა დასჩემდა, რომელსაც პრიობითად „მუდმივი უკმაყოფილების სინდრომი“ დავარქვი. ეს უკანასკნელი (დასახელებიდან გამომდინარე) გულისხმობს, რომ ჩვენს საზოგადოებას უკვე ჩვევად ჩამოუყალიბდა გამუდმებით რაღაცით ან ვიღაცით უკმაყოფილო იყოს, გააკრიტიკოს სხვა ადამიანები, მათი ქცევები და ცხოვრების წესი. გასაგებია, რომ კრიტიკა საჭირო რამაა და ნიშნავს ლოგიკურ, რეფლექსურ აზროვნებას, რომლის მიზანიცაა, გადავწყვიტოთ: რა ვირწმუნოთ და რა- არა. თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორად ესმის ჩვენს საზოგადოებას მისი არსი.

ვფიქრობ, კრიტიკა, თავისი არსით, სულაც არ გულისხმობს სხვა ადამიანების ქცევებზე, გადაწყვეტილებებზე, ცხოვრებაზე საჯაროდ ქილიკს, ჩარევას იქ, სადაც არ გეკითხებიან, უკმაყოფილების გამოთქმას იმაზე, რაც რეალურად შენ არაფერს გიშავებს. დღეს კი ჩვენს საზოგადოებას შეუძლია, მუდმივად უკმაყოფილო იყოს ყველაფრით, იმითაც კი, რაც რეალურად არავის არაფერს ვნებს.

ეს მუდმივი უკმაყოფილების სინდრომი საოცრად სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.  ალბათ, Facebook-ზე არაერთხელ შეხვედრიხართ, როცა ვინმე ცინიკურად ქირქილებს, რომ ხალხი მიწისძვრაზე, წვიმაზე, თოვლზე წერს სტატუსებს. ასეთ დროს  ყოველთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ვაკრიტიკებდეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი Facebook-ის გვერდს თავისი სურვილისამებრ იყენებს, წერს და პოსტავს იმას, რასაც უნდა. ამ დროს კი ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამით არანაირი ზიანი არ გვადგება, მაინც ვღიზიანდებით. რატომ უნდა წერდეს ყველა მაინცადამიანც იმას და ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ.

თუკი ბოლოდროინდელ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ამგვარი  უკმაყოფილების „მიზეზი“ გახდა isebucketchallenge-იც. მოგეხსენებათ, ეს არის საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია, რომელიც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად დაიგეგმა. მასში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო. მონაწილეები თავზე ყინულიანი წყლის გადასხმასთან ერთად, გარკვეულ თანხას wehelp.ge-ის ნაგრიშზე რიცხავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქცია საქველმოქმედო ხასიათისაა, საქართველოში „კრიტიკოსებმა“ მაინც მოუძებნეს ნაკლი, არგუმენტად კი დაასახელეს: 1)რომ ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება; 2) რომ ყველას, ვინც წყალი გადაისხა, ფული არ გადაურიცხავს; 3) რომ ეს გაგრილებაა და მეტი არაფერი. მე კი, ჩემი მხრივ, ვეცდები ამ არგუმენტებს ვუპასუხო:

1) მართალია, სიკეთის კეთება ბუკსა და ნაღარას ნამდვილად არ საჭიროებს, თუმცა მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება, რა ფორმითაც უნდა კეთდებოდეს, ყოველთვის მისაღებია (თუნდაც ამას საფუძვლად თვითრეკლამა ედოს). ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებისთვის საკმარისი თანხა შეგროვდა, ვიდრე ის, რომ ამით ზოგიერთმა საკუთარ იმიჯზე იზრუნა. მოდით, ნუ ვილაპარაკებთ მათ ნაცვლად, ვისაც ეს თანხა უნდა მოხმარდეს, რომ ასეთი ქველმოქმედება საჭირო არაა.

2) ისიც მართალია, რომ ყველას არ გადაურიცხავს ფული, მაგრამ ვფიქრობ, ასი კაციდან თუნდაც ათს გადაერიცხა- ესეც საქმეა.

3) ყინულიანი წყლის გადასხმა ადამიანის ორგანიზმში იწვევს კუნთების ისეთ რეაქციას, რომელიც მიმსგავსებულია დაავადებული ადამიანების კუნთების გადაგვარებულ შეგრძნებასთან. შესაბამისად, ამ ფორმით აქციაში მონაწილეობა სიმბოლურია და არა გაგრილების საშუალება.

სწორედ ასეთი უმიზეზო უკმაყოფილების კიდევ ერთი მაგალითია მორიგი აქციის მონაწილეთა გაკიცხვა, დაცინვა და კრიტიკა. Icebucketchallenge  ჩაანაცვლა ე.წ. წიგნების აქციამ, რომლის მიხედვითაც, მონაწილეები 10 საყვარელ წიგნს ასახელებენ. არც ეს უწყინარი აქცია ვნებს ვინმეს რამეს და ისევ გაუგებარი რჩება, რატომ ვკიცხავთ ამის გამო ერთმანეთს. თუკი უკმაყოფილების მიზეზი ისევ ისაა, რომ ამით ხალხი თვითრეკლამას იკეთებს, რატომ გვავიწყდება, რომ ეს მათი უფლებაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, შედეგი, რაც ამ აქციამ შეიძლება მოიტანოს, მხოლოდ და მხოლოდ წიგნების პოპულარიზაციაა და მეტი არაფერი.

დასასრულს კი მინდა ვთქვა, რომ ყველასა და ყველაფრისადმი გამოთქმული უკმაყოფილება უკვე მავნე ჩვევაა და არა ჯანსაღი კრიტიკა. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება კი, მართალია, ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამდენად, იმისათვის, რომ „მუდმივი უკმაყოფილების სინდრომისაგან“ გავთავისუფლდეთ, საჭიროა, მხოლოდ გავიაზროთ, რომ ყველას აქვს უფლება აკეთოს ის, რაც სურს, თუკი ამით ზიანს არ აყენებს სხვას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s