„დასავლური“ ღირებულებები მთის კავკასიელებში

post-9-1294186369ავტორი: ნოდო თოთაძე

ჯერ კიდევ 1992 წელს ფრენსის ფუკუიამა თავის ცნობილ წიგნში „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთადერთი საშუალებაა. მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება კაცობრიობის პოლიტიკური განვითარების ლოგიკურ დასასრულადაა მიჩნეული ამ ნაშრომში. ვესტერნიზაცია, ანუ სახელმწიფოთა ყოფა-ცხოვრების გადაწყობა დასავლურ რელსებზე, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი უნივერსალური, მეტ-ნაკლები წარმატებებით მიმდინარეობს მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოში და განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მათ შორის კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებში.

როდესაც საუბარი იწყება დასავლური ღირებულებებისა და კავკასიელი ხალხების ცხოვრების ურთიერთმიმართებაზე, უმეტესწილად პესიმისტური შეხედულებები შეგვიძლია მოვისმინოთ. მით უფრო, თუ საუბარია მთის კავკასიელებზე, რომელთაც თვითმყოფადი კულტურა და ადათობრივი სოციალური ურთიერთობები ახასიათებდათ. თუმცა საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შემთხვევაში სრულიად საპირისპირო დასკვნას მივიღებთ. აღმოვაჩენთ რა, რომ ეს ხალხები, ფართოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, სულაც არ ყოფილან ველურები და მარქსისტული მიდგომით ჩამორჩენილი ტომები.

მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის პოლიტიკის გატარება კავკასიის ხალხებში (აბაძეხებში, შაფსუღებში, ნატუხაელებში,უბიხებში, ყარაჩაელებში, ბალყარელებში…) გააქტიურდა, საზოგადოებრივი ადათობრივი მართვის ინსტიტუტები კარგად იყო განვითარებული. კავკასიის ომის დასრულების შემდეგ პირველი, რასაც რუსეთის პოლიტიკა შეეცადა, იყო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მმართველობითი ღონისძიებების გატარება ადგილობრივი, ტრადიციული საზოგადოებრივი ინსტიტუტების იგნორირების ხარჯზე. როგორც ჩანს, იმპერიაში კარგად ესმოდათ, რომ სანამ ჩრდილო კავკასიელთა ცხოვრება წარიმართებოდა საზოგადოებრივ ადათობრივი მართვის ინსტიტუტების ნორმებით, რუსული ხელისუფლებისთვის რთული იქნებოდა ამ ხალხის მოქცევა საკუთარი მმართველობის არეალში, დამკვიდრების როგორი მეთოდიც არ უნდა გაეტარებინა, სამხედრო თუ მშვიდობიანი.  მიუხედავად ორივე მეთოდის გამოყენებისა, რუსეთმა მთლიანად ვერ შეძლო და პარალელურად დაამკვიდრა საკუთარი მმართველობითი სისტემა.

მთის ტრადიციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით კრიზისის პერიოდია საბჭოთა პერიოდი, სადაც ერთი მხრივ ათეიზმი უტევდა ტრადიციულ რწმენას და მეორე მხრივ კოლექტივიზაციის პროცესი ტრადიციული მართვის ინსტიტუტებს. დღეს აღიარებულ და ფუკუიამას მიერ უნივერსალურად დასახულ ლიბერალურ ღირებულებებს მაქსიმალურად მიუახლოვდებოდა მთის კავკასიელთა საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ არა სხვა ძალის მიერ თავს მოხვეული უცხო ინსტიტუტები.

პირველი, რაც უნდა გამოვყოთ – არჩევითობის პრინციპი, უდაოა, რომ დემოკრატიის ქვაკუთხედია. გარკვეულ სოციუმში, თემში, თუ სახელმწიფოში მმართველობას უნდა ახორციელებდეს მისი შემადგენელი თითოეული ინდივიდის ნების გამომხატველი, ხმათა უმრავლესობით არჩეული სუბიექტი.

კავკასიის ხალხებში  საზოგადოების მართვას მათივე ფენიდან არჩეული მამასახლისები ახორციელებდნენ ე.ი იყო სახალხო მმართველობა, მაშნ როდესაც სხვა ხალხებში საზოგადოებრივი ყოფა უფროს-უმცროსობის პრინციპზე იყო აგებული. უფროსებს არისტოკრატები, თავადები წარმოადგენდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან კავკასიის ხალხები შეგვიძლია მოვიხსენიოთ დემოკრატიულ ხალხებად, მაშინ, როდესაც მარქსისტული ფორმაციული მიდგომით ჩამორჩენილებად აღიქმებიან. წოდებრივი წესრიგი, მაგალითად,  ყაბარდოსა და ადიღეში დაურღვეველი იყო და საზოგადოებრივი მართვის ადათობრივი წესრიგის ჩარჩოებში იყო მოქცეული. მოყოლებული მაღალი ფენიდან სულ უმდაბლეს ფენამდე ყველას თავისი ფუნქცია გააჩნდა და დაკისრებულ ვალდებულებებს წარმატებით ახორციელებდნენ. სოციალური დიფერენციაცია ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ევროპული ქვეყნებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, ხოლო კავკასიაში ამ ფენებს შორის ურთიერთობის რეგულირება და თავისებურებები განსხვავებულია.

ნიშანდობლივია, რომ ადათებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი კანონი უნდა ყოფილიყო როგორც თავადთა და დიდებულთა ასევე დაბალი ფენის წარმომადგენელთათვის. ნებისმიერი გადაცდომა მკაცრად რეგულირდებოდა ადათობრივი სამართლით და უზრუნველყოფდა სოციალურ წესრიგს. საზოგადოებრივი მართვის ადათობრივი ინსტიტუტები ჩრდ. კავკასიაში წარმოადგენდა არა მარტო საკანონმდებლო, არამედ მის მიერ დანერგილი წესების აღმასრულებელ ორგანოსაც.

ქონების დაცვის ინსტიტუტი – იცავდა ქვედა კატეგორიათა საარსებო ქონებრივ მინიმუმს და არ აძლევდა ზედა კატეგორიას მისი მთლიანად გაპარტახების საშუალებას. მაგ. დიდებულს შეეძლო გამოეყენებინა დაბალი ფენის ცხენი, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო, შეეძლო არ მიეცა. თუ ცხენი დიდებულის ხელში მოკვდებოდა, ადათობრივი ქონების დაცვის ინსტიტუტი აანაზღაურებდა მას. ოჯახის ხელშეუხებლობა და მისი მატერიალური ქონება ადათობრივი კანონით იყო დაცული, რაზეც მეტყველებს ერთი მაგალითი, კერძოდ, შაფსუღებში ქურდობისათვის დამნაშავე ისჯებოდა 9-ჯერ მეტი გადასახადით – თუ მოპარავდნენ ერთ ცხენს, პატრონს უბრუნდებოდა მოპარული და პლუს სხვა 9 ცხენი.

მსგავსი მკაცრად ნორმალიზებული ინსტიტუტის არსებობის დადასტურება რთულია სხვა ხალხებში. მით უფრო რეგიონის დასაპყრობად შემოსულ ხალხში მრავლადაა საპირისპირო მოვლენების პრეცედენტი, რაც გამოიხატებოდა მაღალი ფენების მიერ დაბალთა დაჩაგვრასა და ქონების თვითნებურად განკარგვაში.

პიროვნების დაცვის ინსტიტუტი ადათებით დადგენილ კანონებსა და ნორმებს ემყარებოდა. მართალია საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტები არ ათანაბრებდნენ ადამიანებს, ცნობდნენ უფროს-უმცროსებს და პატრონაჟს, მაინც ნებისმიერი კატეგორიის წარმომადგენელი სამართლებრივად დაცული იყო. დაცვის ინსტიტუტის მექანიზმი იცავდა დაბალი ფენის პიროვნებათა არსებობასა და მოღვაწეობის უფლებას. ადათებით ისინიც საზოგადოების ისეთივე სრულფასოვან წევრებად იყვნენ მიჩნეულნი, როგორც ზედა ფენათა სხვა კატეგორიები. სწორედ ამაში ჩანს ამ ინსტიტუტის დემოკრატიულობა: იგი აღიარებს წოდებრივ და ქონებრივ პრინციპებს და მქონებლის უპირატესობას. ამავე დროს იცავს უქონელთა ინტერესებსაც. ადამიანთა თანასწორობის თანამედროვე იდეებს მაშინდელი საზოგადოება უკვე აკმაყოფილებდა გარკვეული კრიტერიუმებით.

პიროვნება და მისი ღირსება პატივცემული და ხელშეუხებელი იყო. ადათების ჰუმანურობა იმაში მდგომარეობს, რომ ღირსებით ყველა ადამიანი თანასწორია და ერთმანეთის პატივისცემა საზოგადოების წმინდათა წმინდა მოვალეობაა.

ადათობრივი სამართლებრივი ინსტიტუტი – მთის კავკასიელებში სამართლებრივი ურთიერთობა საზოგადოებრივი ურთიერთობის უმთავრეს ფორმად ითვლებოდა.  წესრიგი ყველგან და ყველაფერში- ეს იყო მთის საზოგადოების კრედო. ამ საზოგადოების წევრთა მაღალი ცნობიერება გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოება მზად იყო ეცხოვრა იმ საზოგადოებრივი ნორმებით, რასაც სამართლებრივი ინსტიტუტების მიერ დადგენილი ადათობრივი კანონები ითვალისწინებდა.

სამართლებრივი ინსტიტუტია სახალხო კრება, რომელიც ასევე იყო ადმინისტრაციული ორგანო. სახალხო კრება უნიტარული არ იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ  მასზე გამოტანილ თემებზე თავადები, დიდებულები და დაბალი ფენა ყველა თავისი ხმით ერთნაირად მსჯელობდა. ეს ფაქტი ძალიან საინტერესოა, რადგანაც საქმე გვაქვს წარმომადგენლობით-წოდებირვ ინსტიტუტთან, სადაც საზოგადოების ყველა ფენის, თითოეული ადამიანის ინტერესი გათვალისწინებულია და თავისუფალი აზრი დაცული. ასეთ სახალხო კრებებზე  ირჩეოდა საზოგადოებრივი, ოჯახური, სადაო საკითხები, ქურდობა, მკვლელობა.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ მოსამართლეთა არჩევა ხდებოდა და შეეძლო ყველა ფენას. ამ ინსტიტუტის დემოკრატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულს შეეძლო არ მიეღო გადაწყვეტილება და ახლიდან განხილვა მოეთხოვა. ადათობრივი სამართლით ასეთ დროს საქმის განხილვა დაევალებოდა სხვა მოსამართლეს, რომელიც რანგით უფრო მაღლა იდგა. ეს ჰგავს თანამედროვე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებს. ამას გარდა, როდესაც არსებობდა ორი დაპირისპირებული მხარე, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას გააცნობდა ორივე მხარეს, თუ რომელიმე მხარე არ მიიღებდა მას, სთავაზობდა სხვა მოსამართლისთვის საქმის გადაცემას და ასე გრძელდებოდა სანამ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება არ მიიღებოდა.

ჩრდ. კავკასიაში სასამართლო ინსტიტუტები იყო არა მარტო განაჩენის გამომტანი, არამედ ადამიანის დაცვისა და სამართლიანობის დამკვიდრების ორგანო. სამართლებრივი ინსტიტუტები ზნეობრივ ორგანიზმს წარმოადგენდნენ, სადაც ადამიანის პრიორიტეტი იყო დაცული. დასჯისთვის არ იყენებდნენ პიროვნების შეურაცხმყოფელ მეთოდებს. ადათობრივი სასამართლო პიროვნების ხელშეუხებლობას აღიარებდა. მაგ. გლეხს დანაშაულის შემთხვევაში როზგებით არ ეხებოდნენ და ახდევინებდნენ ჯარიმას. სხვა რეგიონებში დამნაშავეებთან მოპყრობის თვალსაზრისით შედარებაც კი არ შეიძლება, აქ იმდენად ჰუმანურად იყო გააზრებული ადამიანის უფლებები.

და ბოლოს, ყველასათვის ცნობილია მთის ისეთი ინსტიტუტი როგორიცაა სისხლის აღების ადათობრივ ინსტიტუტი.  ამ ინსტიტუტისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანები აღნიშნავენ მის უარყოფით მხარეებს, კერძოდ იმას, რომ სისხლის აღების წესს არაერთი გვარის ამოწყვეტა მოჰყვა შედეგად, ან მიუთითებენ მის არაჰუმანურობას. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ინსტიტუტი იყო არა მარტო პიროვნების სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია, არამედ წესრიგის შენარჩუნების უძლიერესი მექანიზმი. მთის საზოგადოებამ იცოდა, რომ სისხლი ფასობდა სისხლის წილ და შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღებით უდგებოდა მეორე ადამიანის სიცოცხლეს.

სისხლის კანონი საზოგადოებრივ ურთიერთობებში მთავარ პათოსად სიცოცხლის ღვთაებრიობას აღიარებდა (სიცოცხლის ხელშეუხებლობის ღირებულება). მოკლულიც კი პატივაუყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან მასში  ხედავდნენ პირველ რიგში ადამიანს და შემდეგ დამნაშავეს. მთის საზოგადოებაში ასევე დაწესებული იყო სისხლის გადასახადი. ანუ ყოველთვის არ ხდებოდა დამნაშავის სიკვდილით დასჯა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მას შეეძლო მატერიალური სახით აენაზღაურებინა სხვისი სიცოცხლე. კონკრეტულად ჩრდილო-დასავლეთში მოკვლისთვის 100 სული საქონელი, იარაღი და სხვა ნივთები. დაჭრისთვის 15 სული საქონელი. ამგვარად, სისხლის აღების ტრადიცია ბუნებრივად შეიძლებოდა შეცვლილიყო სისხლის საფასურის გადახდით.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ დღეისათვის ფართოდ აღიარებული ღირებულებები, რომელთა დამკვიდრებასაც ვცდილობთ, რეგიონში სულაც არ ყოფილა უცხო ამ ხალხებისთვის. საერთოდაც, ფასეულობები, რომლებზეც ვსაუბრობთ ვერ ჩაითვლება მხოლოდ დასავლეთის მონაპოვრად. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მცხოვრები ხალხები საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიებისა და დამპყრობლების მოგერიების პარალელურად აგრძელებდნენ განვითარებას და ქმნიდნენ თვითმყოფად კულტურას, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დაფუძნებულს ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატიული არჩევითობა, ადამიანის უფლებები, პიროვნების ხელშეუხებლობა, ქონების დაცვის გარანტიები, სიცოცხლის ხელშეუხებლობა, სამართლებრივი რეგულაციები და კანონის უზენაესობის პრინციპი სოციალურ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა ეს არის მხოლოდ კონტურები იმ ლიბერალური დემოკრატიისა, რომელიც ფრენსის ფუკუიამას იდეალისტურად და საზოგადოების განვითარების ბოლო საფეხურად მიაჩნდა. მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, რომ რეგიონის ხალხებს ჰქონდათ ფასეულობები, რომელთა განვითარებაც, რომ არა სხვა ძალების ჩარევა, სხვა მიმართულებით წაიყვანდა მათ პროგრესს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s