„არასტუდენტური“ დასაქმება

unemployment1192014ავტორი:მარიამ დემეტრაშვილი

2014 წლის ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერას იწყებს. განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ეს იქნება ორკვირიანი სტუდენტური დასაქმება 500 ლარიანი ანაზღაურებით, რომლის 20%-ს კვლავ საშემოსავლო სამსახური ბეგრავს.

საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა თითოეული ფაკულტეტიდან  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დაახლოებით 30 სტუდენტი შეარჩია. გარდა ამისა, საქსტატმა აღმწერის ვაკანსია ნებისმიერი მსურველისთვის hr.gov.ge-ზეც განათავსა. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ სიაში ვერ მოხვდნენ, დასაქმება ამ გზითაც შეეძლოთ. 2012 წლის summerjob-ის შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური სტუდენტური დასაქმებაა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას დიდი დაინტერესება მოჰყვა.

როგორც კი ამ დასაქმების შესახებ შევიტყვე, მეც მაშინვე დავინტერესდი. თსუ-ს მიერ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის წარუმატებლად დასრულდა. შერჩეულ 25 სტუდენტს შორის ვერ მოვხვდი, ამიტომაც დასაქმება hr.gov.ge-ზე დადებული ვაკანსიის საშუალებით ვცადე. ამჯერად ჩემმა მცდელობამ გაამართლა და სექტემბრის შუა რიცხვებში გასაუბრებაზე დამიბარეს. იქ მისულს საკმაოდ გრძელი რიგი დამხვდა. მათი უმრავლესობა სტუდენტი იყო. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დასაქმების მსურველთათვის საერთო პრეზენტაცია ჩატარდა. მათი პირობები იყო შემდეგნაირი:

  • მოსახლეობის აღწერა მოხდება 5-19 ნოემბრის მონაკვეთში;
  • მანამდე დასაქმებულები გაივლიან რამდენიმედღიან ტრენინგს;
  • დასაქმებულებს დაურიგდებათ ასაღწერ ოჯახთა მისამართები. 5 ოქტომბრამდე 4-5 დღით ადრე ისინი მივლენ თითოეულ ოჯახში წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად. (მაგ: რომელ საათზე იქნებიან სახლში, ვინ არის ოჯახის ყველაზე ინფორმირებული წევრი და ა.შ.);
  • სამუშაოს ხანგრძლივობა 8-9 სთ. დღეში;
  • აღწერის დასრულების შემდეგ, დასაქმებულებს მიეცემათ დამატებით 4-5 დღე დაუმთავრებელი ანკეტების სრულად შესავსებად.
  • ის, ვინც პირნათლად არ შეასრულებს თავის მოვალეობას და სამუშაოს მიატოვებს დროზე ადრე, დაეკისრება ფულადი ჯარიმა. დაახლოებით, 100 ლარი ან მეტი.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრება. ერთადერთი, რაზეც იქიდან წამოსული ვფიქრობდი იყო – მიღირდა თუ არა ასეთი დასაქმება. დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ვფიქრობ, სულაც არ შეესაბამება სტუდენტებზე გათვლილ სამსახურს. ეს უკანასკნელი ხომ იმას უნდა გულისხმობდეს, რომ სტუდენტმა უნივერსიტეტში სიარულიც მოასწროს. ზემოჩამოთვლილი წესებიდან გამომდინარე, ლექცია-სემინარების გაცდენა 2 კვირის ნაცვლად 1 თვის განმავლობაში მომიწევდა. გარდა ამისა, 5-19 ნოემბრის მონაკვეთი უნივერსიტეტში კოლოკვიუმების ჩატარების პერიოდია. ყველაფრის მიუხედავად, ხელი მაინც არ ჩავიქნიე და  შაბათ-კვირას დასვენების იმედი დავიტოვე.

28 სექტემბერს დამირეკეს და გასაუბრების წარმატებით გავლა „მომახარეს“. დასვენების დღე კი სულაც არ ყოფილა გათვალისწინებული, არც შაბათს და არც კვირას. სასწორის ერთ მხარეს დადებული 400 ლარი, მეორე მხარეს დადებულმა უნივერსიტეტის მაღალმა აკადემიურმა მოსწრებამ გადაწონა. პოტენციურ დამსაქმებელს უარი ვუთხარი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ვფიქრობ, მაშინ როცა, სტუდენტს არჩევანის გაკეთება უხდება ნორმალურად სწავლასა და მუშაობას შორის, ასეთ სამსახურს „სტუდენტური დასაქმება“ არ უნდა ერქვას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s