ყვითელი საქართველო

unnamedავტორი: ქეთა კანდელაკი

“მიყვარს ჩემი ცხოვრება!”

ბანალური დასაწყისია არა? მე კი გიპასუხებთ, რომ სულაც არა და საერთოდაც ეს ის იშვიათი ფრაზაა, რომლის გაგონების შესაძლებლობაც გაქვთ, მითუმეტეს აქ და ახლა.

რთულია ადამიანებს საკუთარი ცხოვრების სიყვარული მოსთხოვო. ქართველთა ცხოვრება ხომ ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე რთულია (არა, მე კი ვიცი, რომ არსებობს ტერიტორიები, სადაც იმაზე რთულადაა საქმე ვიდრე ადამიანის ფანტაზია შესწვდება, თუმცა რაც შეეხება ქვეყანას, წელში გამართვის პრეტენზიის მქონეს, გვიჭირს).

წარმოიდგინეთ დილა პრაქტიკული საზრუნავით და არცთუ ისე ფერადად გეწყება, ფანჯარაში გახედვა არც ღირს, დამთრგუნველია. რთულია გიყვარდეს ყოველდღიურობა, როცა საყვარელი საქმე არ გაქვს, ან გაქვს და საარსებო მინიმუმის პრობლემას ეჯახები იმიტომ, რომ ეს შენი საყვარელი საქმე არ ვითარდება და არაპრაქტიკულია.

არც ის არის მარტივი, როცა შენს ქვეყანაში ყველაფერი ნაცრისფერია, ყვითელი ყუთების გარდა, რომელსაც ავტობუსებს ვუწოდებთ (არ მინდა გამომრჩეს ყვითელი პრესა, რომელზეც ვიყიდებით). რთულია აბა რა უნდა იყოს, როცა სწორედ ზემოთნახსენები “ყუთებით” გიწევს გადაადგილება და შენი შუბლი იმდენჯერ ეხეთქება მინას, რამდენჯერაც ყუთი გატოკდება.

ესეც რომ არ იყოს, ქართველი კაცის ერთადერთი კუნთი (ღიპი) სახეზე გადევს და დილიდანვე დაღლილი და ტვინამღვრეული ოთხით ჩადიხარ შენს გაჩერებაზე. (სხვათაშორის ყვითელი ყუთი ერთადერთია, სადაც ნორმალურ რაოდენობაზე 5-ჯერ მეტ ადამიანს სამი რამ აერთიანებს: სიცივე (ან სიცხე, სეზონურად), სევდა და ნერვოზი.

მართლაც და, როგორია გიყვარდეს ცხოვრება და ტკბებოდე მისით, როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ცნება „თავისუფლება“ ისეთივე შორეული და საშიშია საზოგადოებისთვის, როგორც ამაზონის ჯუნგლები (ან მეტადაც, არვიცი).როცა შენი ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდი განათლებაში (თუ დაფინანსება არ გაქვს) და რომლის პერსპექტივაშიც დიპლომის გარდა იშვიათად შედის ნორმალურანაზღაურებადი სამსახური.

ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც არავინ იცის ხვალ როგორ გათენდება ან თუ გათენდება საერთოდ. სადაც არაფერია სტაბილური, ადამიანთა არსებობაც კი და საიდანაც ყველას გაქცევა სურს შორეულ დასავლეთში, თუმცა არავინ იზიარებს დასავლურ ღირებულებებს.

როგორ გინდა იყო ბედნიერი როცა იმ ქვეყნის შვილი ხარ, რომლის მამა-პატრონნიც ტელევიზორის ეკრანიდან მხიარულად გეღრიჭებიან და აზრს ვერ გამოიტან, რისი თქმა სურთ. სადაც ერთი ადამიანი წყვეტს თურმე ქვეყნის არსებობა-არარსებობის პრობლემას და ამას ასევე მომღიმარი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს გამარჯვების 2 წლის თავზე (საბჭოთა პერიოდშიც ასე სწამდათ თავიანთი ბრძენი “საჭეთმპყრობლის”).

მთელი დღის რუტინის შემდეგ დაღლილი და მშიერი ბრუნდები სახლში და ყვითელ ყუთში მჯდარი, სხვათა სახეებით სულდამძიმებული თავს იმხნევებ, რომ შეიცვლება შენი ცხოვრება და ახლა ისეთი გიყვარს, როგორიც არის. ადამიანები თითქოს არ იცვლებიან, თითქოს ისინი არიან, ვინც დილით იყვნენ, ოღონდ ოდნავ მეტად დათრგუნულნი და შემცივნებულნი.

შენი ლოყა კვლავ რომელიმე კარის მინაზეა აკრული და თვალებს ქაჩავ, რათა გარეთ გაიხედო, იქნებ მოწყდე ამ დროებით რეალობას, რომლის დროებითობაც ღმერთმა იცის, სადამდე გასტანს, ქართული “ეროვნული საცობების” გამო.

ეს ის საქართველოა სადაც, ყველა სხვა ზემოთნახსენებ სიკეთესთან ერთად, დასაქმების პრობლემაც აქტუალურია. ერთი მეორის მიყოლებით სტუმრობ დასაქმების საიტებს. ვაი და გაგიმართლა, ” ნორმალური” ვაკანსია იპოვე (მთავარია ვაკანსია იპოვო, ესეც გამშვიდებს). იქნებ შენთვისაც “დადგეს გაზაფხული” ან “იისფრად ჩამოთოვოს”. თუ ვაკანსია იპოვე სამსახურის დაწყების შანსიც მეტი გაქვს (ოპტიმისტური თვითშეფასების გამო), ჯანდაბას ერთი-ორი ლექცია გაგიცდენია…

“ჩამოთოვა!”

კვლავ გადმოდიხარ ყვითელი მართკუთხედიდან და აჩქარებული ნაბიჯით შედიხარ ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც გასაუბრებაზე დაგიბარეს და სადაც 1 წუთი დაგაგვიანდა. დაგვიანების მიუხედავად “კეთილი დეიდები” მაინც გელიან , შენ კი ცდილობ სახიდან მოიშორო ის დაღლილობა და გაღიზიანება, რასაც გარემო გაიძულებს. გასაუბრების მეორე (სახელი და გვარის შემდეგ) კითხვა: კონფლიქტური ხომ არ ხარ?

როგორ გინდა, გულწრფელად გსურს არ იყო, მაგრამ უკვე აღვნიშნე კიდეც, გარემო გაიძულებს – მეთქი საპირისპიროს: სრული ქაოსი ქუჩებში, ჩაშავებული თბილისი (ჩაშავებული იმიტომ, რომ შავი ფერი ყველა სხვა ფერს უხდება და პრაქტიკულად ეკონომიურია “ვაკე-ვერას” საზოგადოების გამოკლებით, რომელთაც სხვა არგუმენტები აქვთ ამ უკანასკნელზე).

იმას ვამბობდი, შეუძლებელია არ იყო კონფლიქტური თუ არა გაღიზიანებული მაინც, როცა კითხვის ავტორის გვერდით მჯდომი პატარა გოგონა (სავარაუდოდ მისივე შვილი) ვითომც აქ არაფერიო მაგიდაზე მოთავზებულ ჭიქებში აორთქლებს, ასე ვთქვათ ერთობა. კითხვის ავტორის შენიშვნას ელოდები თავისი შვილის მიმართ და ამის ნაცვლად კითხვას გიმეორებენ ხართ თუ არა კონფლიქტური და შენიშვნებზე როგორ რეაგირებო. რა გინდა რომ ქნა! აქნევ ამ თავს და გამოდიხარ…

ისევ ყვითელი ყუთი და სახლისკენ მიმავალი გზა…

და მაინც ადგები და იტყვი, რომ გიყვარს ცხოვრება, რომელიც ყვითელია და ცივი. იმიტომ ხომ არა, რომ ოპტიმისტი ხარ და უფრო ზუსტად გამოუსწორებელი ოპტიმისტი?! დაე გიყვარდეს! სიყვარული კარგი რამაა, ნამდვილად პოზიტიური აბსტრაქცია.

რაც შეეხება ოპტიმიზმს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თამბაქოსავითაა-კლავს!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s