ხელმოწერა სიკვდილზე

090712-Domestic-Violence

ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

ცხოვრების თანამგზავრის არჩევამდე დაფიქრება რომ გვმართებდა, ეს ისედაც ვიცოდით. თუმცა თუკი აქამდე „ასჯერ ვზომავდით და მერე ვჭრიდით“, ახლა, ალბათ, ორასჯერ, სამასჯერ და ათასჯერაც კი უნდა „გავზომოთ“. მერე რა, თუკი არჩეულ პარტნიორთან თანაცხოვრება არ გამოგვივა? დავშორდებით? არც ისე ადვილია ყოფილი პარტნიორისგან გათავისუფლება. საქართველოში არ სცნობენ სიტყვა „ყოფილს”, მით უფრო თუ მისით სიტყვათშეთანხმება „ყოფილი ქმარი“ გამოდის.

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ქორწინების მოწმობაზე ხელის მოწერით საკუთარ სიკვდილზეც შეიძლება აწერდეს ხელს არაერთი ქალი. ამის თქმის საშუალებას ქმრების მიერ ცოლების მოკვლის ბოლო დროინდელი სტატისტიკა გვაძლევს. ჩვენს ქვეყანაში ქმრისთვის ცოლი (ხშირ შემთხვევაში) არა დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებად, არამედ მის საკუთრებაში მყოფ ნივთად აღიქმება; უსულო, უუფლებო, უპრინციპო, უ-ყველაფრო სხეულად, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს. ხოლო, როცა ეს „ნივთი“ სასურველობას დაკარგავს, გაანადგურებს, მოსპობს- სიცოცხლეს წაართმევს.

მდგომარეობა არც მაშინ იცვლება, თუკი ცოლი ქმართან გაშორებას გადაწყვეტს. ქალის სურვილი, რომ გაწყვიტოს ურთიერთობა და თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართოს, სურვილადვე რჩება. ქმრისთვის ხშირად სულერთია ისევ უყვართ თუ არა, მასთან დარჩენა სურთ თუ არა, მხოლოდ მაშინ გაშორდება, თუკი ამას თავად კაცი მოისურვებს. ქალს ამ გადაწყვეტილების მიღება ძვირად უჯდება, ზოგჯერ მეტისმეტად ძვირადაც კი. მიტოვებული ქმარი ვერ ეგუება, რომ ყოფილი ცოლი აღარ არის მის წინაშე ანგარიშვალდებული, რომ აღარ აქვს უფლება ჩაერიოს მის ცხოვრებაში. ამავე დროს ფიქრობს, რომ მისი „მამაკაცურობა“ შეილახა, რომ „თავლაფდასხმულია“ და ამისთვის ცოლს პასუხი უნდა აგებინოს. იწყებს ჩხუბს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაშინებას და ყველაზე უარეს შემთხვევაში, მუქარა სისრულეში მოჰყავს.

რას აკეთებს ამ დროს საზოგადოება? ისევ არაადეკვატური რეაქცია აქვს. ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად კრიმინალია, კვლავ სხვადასხვაგვარად აფასებს: ერთნი, ამ ამბით აღშფოთებულები, გმობენ მკვლელის საქციელს, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ არაფერი უმიზეზოდ არ ხდება და რომ ყოფილ ქმარს მკვლელობის ჩადენის მიზეზი ექნებოდა. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. მისი თქმით – „ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავალა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა“. საკითხავია, დასაშვებია კი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა რაიმე მიზეზით?

იმ დროს კი, როცა ქალი ყოფილი ქმრის მუქარის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს, პოლიცია მხოლოდ მოძალადის გაფრთხილებით შემოიფარგლება. მსხვერპლი კი ისევ საკუთარი თავის და „აეროზოლის“ იმედად რჩება. შედეგი ერთია: ტყვიისგან აეროზოლმა ვერ დაიცვა, ვერც პოლიციამ.  „გაგებით მოვეკიდოთ მეგობრებო“!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s