ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი

tumblr_mnxg0uBCtD1qd4vugo1_1280ავტორი: ნინა კოპალეიშვილი

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში ვდგავარ. ამ მომენტში მარტო, სხვა დროს კი ბევრნი ვართ ხოლმე. სასწრაფო დახმარებამ ვიღაც დაჭრილი პატრული მოიყვანა, გარს უამრავი პოლიციელი და კიდევ უფრო მეტი ჟურნალისტია. ქალაქში საყოველთაო ფსიქოზია, თუმცა ,,ყველა მკვლელობას ხომ თავის მიზეზი აქვს”. სასაცილო სულაც არაა, ალბათ უფრო  სატირალიც ეთქმის, როდესაც ვერგაგებული ინგლისურის პარალელურად, მკვლელობების სავარაუდო მოტივები ზედა ეშელონებში ასე კარგად ესმით.

ჩემი ბავშვობის მეგობარს ველოდები. ქეთი გამოვიდა, ხელში უამრავი ფურცელი უჭირავს, სახეზე კი უამრავი კითხვის ნიშანი აწერია. დაბნეული და უაზრო გამომეტყველებით მოდის ჩემსკენ. ვხდვები, რაღაც ისე ვერაა,როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ისეა, როგორ ნებისმიერ ნომარმალურ ქვეყანაში იქნებოდა. აგერ უკვე მეორე კვირა იწურება, რაც ყოველი დღის ნახევარს  ამ საავადმყოფოში ვატარებთ. გიჟები არ გეგონოთ, არც მოხალისეები ვართ და არც სამედიცინო პრაქტიკანტები, უბრალოდ ქეთის დედა უბედური შემეთხვევის შედეგად რეანიმაციაშია, უბედური სისტემის შედეგად კი ჩემი მეგობარი – ვალებში.

მოკლედ ასე : ზუსტად ორი კვირის წინ აქ პირველად მოვხვდით. დამთრგუნველი გარემოა, ირგვლივ ყველას უჭირს, ყველა სასოწარკვეთილი და გაუბედურებულია.ორ წამში ერთხელ სასწრაფოს სისხლიანი პაციენტები მოჰყავს. ემერჯენსის დანჯღრეული სკამები კი უაზრო ნაცრისფერ კოლოფში მოუთავსებიათ, რომლის ერთ საღებავგაცრეცილ კედელზე ხატებია, მეორე მხარეს კი პატარა  ”ფორთოჩკაა”, საიდაც ელი, რომ ოდესმე ვინმე შენი პაციენტის ამბავსაც გამოგძახებს. დგახარ მოსაცდელში და ელოდები, რას – თვითონაც არ იცი.

რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვის დასმის შემდეგ, ექიმი თავად გამოდის და ჩატარებული ოპერაციის შედეგს გიყვება. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, საუკეთესო ქირურგებმა საუკეთესოდ იმუშავეს, პაციენტი აგვიწყვეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჯადოქარმა ექიმებმა დიდი იმედები ჩაგვიდეს გულში, ჩვენ კი სანაცვლოდ დიდი ფული უნდა ჩავუდოთ საავადმყოფოს სალაროში (რომელიც არ გვაქვს და რომ ვივარაუდოთ, არც გვექნება).

ქირურგი გვიხსნის, რა და როგორ გააკეთა, ჩვენც ვისმენთ ჩინურ ანა-ბანას. რომელიღაცამ გაბედა და იკითხა, უფრო ქართულად ხომ ვერ აგვიხსნიდოთო, თუმცა გულგრილობამ სძლია მწვანეხალათიანს და  ამის გაკეთება არ დაანება. ისედაც დაბნეულები, კიდევ უფრო დაგვაბნია, მხოლოდ ის გავიგეთ , რომ რამდენიმე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

რამდენიმე დღეში გვიმართლებს, მომდევნო ოპერაციის შემდეგ უკვე სხვა ექიმი არა მარტო ,,ადამიანი სკალპელითა და უცნაური ტერმინებით”, არამედ  ადამინიც გამოდგა და ადამიანურადაც განგვიმარტა, რომ, მაგალითად,  დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა, ჩვენებურად ფეხის მოტეხვას ნიშნავს.

ერთი კვირის თავზე გადავწყვიტეთ გაგვერკვია რა თანხაზე ავიდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი, თუმცა გაგებისთანავე ვინანეთ ჩვენი განზრახვა. ხარჯი თითქმის 50000-მდეა ასული, საყოველთაო დაზღვევა კი, მხოლოდ 15000 ანაზღაურებს. მომდევნო გაოცებას  ქმედება, ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციებში რეკვა და მერიაში სირბილი მოჰყვა. გაირკვა, რომ ადრე, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში,   გამგეობას ერთ ბენეფიციარზე 10000 ლარიანი ლიმიტი ჰქონდა, ახლა კი 1500-მდეა დაწეული ეს თანხა.

საავადმყოფოს თითქმის ჩემხელა (მე 21 წლის ვარ) ფინანსურ მენეჯერს ვეუბნები, რომ ოჯახს შესაძლებლობა არ აქვს და ამ თანხას ვერ დაფარავს, ის კი აპრეხილ წამწამებს მალვინასავით ახამხამებს და სრულიად არგუმენტირებულად მიხსნის , რომ ეს მისი პრობლემა სულაც არაა.

მომდევნო დღეს ისევ ოპერაცია დაინიშნა.

ოცდაათ კაცამდე ვსხედვართ დერეფანში და აგერ უკვე 9 საათია შედეგს ვუცდით, რომელიც იგვიანებს და გვაფიქრებინებს რომ ძალიან ცუდია. ფოიეში შუქები ჩაგვიქრეს, ერთი ის არ უთქვამთ ადექით, ვიკეტებითო. დერეფანში გამოჩენილ ყველა მწვანეხალათიანს ჩვენი პაციენტის ამბავს ვეკითხებით, გულრგრილი და გაღიზიანებული თეთრფლოსტა პერსონალი კი მოთმინებისაკენ მოგვიწოდებს. გვეუბნებიან, დამთავრებისთანავე გამოვა ექიმი და ყველაფერს გეტყვითო. შუქი ეზოშიც ჩაქრა. ერთმანეთს თვალებში ვეღარც ვუყურებთ, ვხდებით რაღაც ცუდი ამბავი მოხდა ან ხდება. ყველა ცალ-ცალკე მიდი-მოდის, არავინ აღარ შევდივართ ერთმანეთთან კონტაქტში. დაძაბულობა და გაურკვევლობა პიკს აღწევს.

გაცოფებული ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ზემოთ-ქვემოთ იწყებს სირბილს. რამდენიმე წუთში გაბრაზებული მორბის და ამბობს, ქეთის დედის ოპერაცია 3 საათის წინ დამთავრდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. ქეთი, რომელიც დედის ამბავს აგერ უკვე მეათე საათია უცდის, გაცოფებულია. ხელისკანკალით ურეკავს ქირურგს საყვედურებით, ასე როგორ შეიძლებაო, სამი საათის წინ დამთავრებულ ოპერაციაზე ვინმეს რამე ხომ უნდა ეთქვაო. ექიმის ბოდიშებისა და ,,ვერ გიპოვეთ პაციენტის პატრონების”  შემდეგ ქეთი რეანიმაციაში რეკავს, რეანიმაციის მორიგე ექიმი კი კივილ-წივილით უხსნის წესებს (რომლებსაც თავად არღვევს მომდევნო წუთს) და ყურმილს უკიდებს. დაცვა თავისთვის დგას და რაღაცებს ბუტბუტებს, დარწმუნებული რომ მის ავტორიტეტულ მონოლოგსა და მითითებებს რომელიმე ჩვენგანი მაინც უსმენს.

მომდევნო დღეს თანხა კვლავ გაიზარდა. რეანიმაციაში წოლა ათას ლარს უდრის დღეში, მიუხედავად ამისა,  პაციენტის სპეც-საკვები მისმა პატრონმა აფთიაქიდან უნდა მოიტანოს, რისი საწყისი ფასიც 40 ლარია. ირგვლივ სრული უიმედობაა, გგონია რომ,, გეღადავებიან” და არ გეხუმრებიან. ფანტაზიას თუ გასაქანს მისცემ, შთაბეჭდილება გექმნება, რომ ვიღაც ,,ტიპი”  თავის კაბინეტში მყუდროდ მოკალათებულა, კამათელს აგორებს და ფიქრობს, დღეს რომელი პაციენტის ქეისი ამოიღოს მიზანში და ბონუსად როგორ დაუმატოს მის ახლობლებს ერთი-ორი პატარა პრობლემა .

ჰოდა, მოკლედ თუ პაციენტი ხართ და თქვენს ოჯახს ფული არ აქვს, ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი, უკეთეს შემთხვევაში კი სპეც-საჭმლის გარეშე თავის გატანა და ჰაერით გამოკვება. პაციენტის ახლობლებს კი, ბოდიში, მაგრამ საავადმყოფოსთან ვალში დარჩენილებს წინ გრძელი სასამართლო პროცესები და კაცმა არ იცის კიდევ რა სურპრიზები ელით..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s