ლარის კურსის ცვლილების ამბავი

ლარის კურსი

ავტორი: აკაკი გველესიანი

ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება 20 ნოემბერს, 1.76-იანი ნიშნულიდან დაიწყო და 6 დეკემბერს კურსმა 1.95-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია. 9 დეკემბერს ცოტათი დაიწია და ლარმა დოლარის მიმართ 1.94 შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ისინი ამ კვირიდან ტრენდის ცვლილებას და კურსის დასტაბილურებას ელიან, თუმცა თანხმდებიან, რომ ძველ ნიშნულს ლარი აღარ დაუბრუნდება.

კურსის ეს უეცარი ცვლილება, რასაკვირველია, ფართო განხილვის საგანი გახდა და თითქმის ყველა ექსპერტისა და პოლიტიკოსის მრავალგვარი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებიც მოვისმინეთ – ზოგისთვის ამ ამბავში არაფერია საგანგაშო, ზოგი კი ქვეყნის უფსკრულში ჩაჩეხვისთვის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებას ფასებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმით ხსნის, რომ ლარის დევალვაცია მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებას დაემთხვა. ამასთან, არ გაზრდილა ფულის მასა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით მიზნობრივზე მეტ ინფლაციას. ამის მიზეზი კი არის ორი: პირველი – ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი, მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. მეორე მიზეზი, რომლითაც არ ველოდებით მნიშვნელოვან ზეწოლას ეს არის ფულადი აგრეგატების ზრდის ფაქტორი. უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ყველაზე დიდი ზარალი იმ ადამიანებმა განიცადეს, რომელთაც ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს, შემოსავლები კი – ლარში. მათ სესხის მომსახურება ყოველ 100 დოლარზე, დღევანდელი კურსით,  დაახლოებით 15 ლარით მეტი დაუჯდებათ.

დევალვაციის ძირითად მიზეზებად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და გარე ფაქტორები სახელდება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორების – თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც ამ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის სალდოს გაუარესებას შეუწყო ხელი. ზოგადად, ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 11%-ით, ანუ ქვეყანამ უფრო მეტი დოლარი გასცა, ვიდრე მიიღო, ამან კი მისი მიწოდება შეამცირა და დამატებითი ზეწოლა მოახდინა კურსზე. აღსანიშნავია ისიც, დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა. ევრო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8-10%-ით გაუფასურდა, რაც ნავთობზე ფასების კლებისა და აშშ-ს შეცვლილი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ექსპერტთა უმეტესობა კურსის ცვლილებაში გარე ფაქტორებზე მეტად ხელისუფლებას ადანაშაულებს და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა პრივატიზაცია, გართულდა და დამატებითი რეგულაციები დაწესდა უცხოელების მიერ მიწის შესყიდვასა და ვიზის მიღებაზე, ბიუჯეტის ხარჯვა კი უკვე ორი წელია, არაჯეროვანი და არათანაბარია. ექსპერტთა მტკიცებით, ამ ფაქტორებმა საინვესტიციო გარემოს გაუარესება გამოიწვია და შეამცირა დოლარის შემოდინება ქვეყანაში, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რადიკალური ცვლილებებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის გარეშე, ეკონომიკური ჩავარდნა გარდაუვალი იქნება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ კურსის ცვლილება სუფთა ეკონომიკური მოვლენაა და ეროვნული ბანკისკენ იშვერენ ხელს. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის ზემოქმედება გაცვლით კურსზე ნულის ტოლია. ეროვნული ბანკი კი მთავრობისგან მაღალ ეკონომიკურ ზრდას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, „ყველა ჩვენი გამოწვევის წამალია“.

აშკარაა, მთავრობას ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა მიეღო პრევენციული ზომები, რათა კურსის ცვლილება ასეთი სწრაფი, მტკივნეული და პანიკური არ ყოფილიყო. შექმნილმა აჟიოტაჟმა დამატებითი წნეხი წარმოქმნა კურსზე, რადგან კიდევ უფრო მეტი ზარალის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობამ ლარი დოლარში დააკონვერტირა და კურსზე ზეწოლა გაზარდა. გაზრდილი მოთხოვნით გადამცვლელმა პუნქტებმა და ბანკებმაც ისარგებლეს და სპეკულაციას მიმართეს – განვლილ დღეებში საკმაოდ ბევრგან 1 დოლარი 2-2.05 ლარი ღირდა, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაქსიმალური გაცვლითი კურსი 1.95 იყო. დააგვიანა ოფიციალურ პირთა გამოხმაურებებმაც – მათ შეფასებები მხოლოდ მაშინ გააკეთეს, როცა კურსმა უკვე პიკს მიაღწია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი მხოლოდ 9 დეკემბერს გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე და საზოგადოება დაამშვიდა. გიორგი ქადაგიძის თქმით, „ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.

ოფიციალური პირები ზუსტი პროგნოზებსაგან თავს იკავებენ და იმედოვნებენ, რომ კურსი ნელ-ნელა დაბლა დაიწევს. 2015 წლის ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირაში დაამტკიცებს, 1.80-იან მაჩვენებელზეა გათვლილი. ფაქტი ერთია – კურსის ცვლილებას კარგი არაფერი მოუტანია, პირიქით – საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გადასახადები საგრძნობლად გაზარდა. აშკარაა, რომ ეკონომიკური განვითარება მომხდარ ცვლილებებს ვერ პასუხობს და მოქალაქეთა ხარჯების ზრდა ბევრად დიდია, ვიდრე მათი შემოსავლების. ამ ტენდენციის გაქრობა მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, კარგ საინვესტიციო გარემოსა და მაქსიმალურად თავისუფალ ეკონომიკას შეუძლია, ეს კი სწორედ ის საკითხებია, რომელიც, აგერ უკვე მეორე წელია, ხელისუფლებს მთავარ თავის ტკივილად იქცა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s