წარსული აწმყოში

roller-coaster-going-upავტორი: ქეთა კანდელაკი

ტელევიზორის ეკრანთან მოვკალათდებოდით მთელი ოჯახი. მაშინაც იატაკზე ჯდომა მიყვარდა, როგორც ახლა. სავარძელში მჯდომი მამაჩემის ფეხებთან მივცუცქდებოდი და ვუსმენდი ყველა ერთად ჩემთვის გაუგებარ კომენტარებს რომ აკეთებდა, თურმე პოლიტიკური სიახლეების მსვლელობისას. გამახსენდება თუ არა,  ყოველთვის ერთსა და იმავე სუნს ვგრძნობ: დარიჩინიანი ყავის და თაბაქოსას ერთად, მამაჩემი რომ ღერს-ღერზე ეწეოდა.

ამ სიტუაციას ყოველთვის ჰქონდა რაღაც მისტიური და მოულოდნელი. აუცილებლად მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გავმხიარულდებოდი ამ სასაცილო ხალხის ყურებით, ტელევიზორის ეკრანი ქრებოდა. გამობურცულ ზედაპირზე, შუაში, თეთრად გამკრთალი ხაზი თვალს მჭრიდა, მეც მომენტალურად ვხუჭავდი და გახელისას, ჩაბნელებულ ოთახს და ამ სიბნელეში დაკარგულ ოჯახსწევრებს ვხედავდი მხოლოდ.

ახლა შუქით განათებულ ოთახში მჯდომი ვიხსნებ ხოლმე დიდი ოჯახის პატარა ისტორიებს და სინათლიდან ვაღწევ ჩაბნელებული, 3 ოთახანი ბინის კედლებში, დარიჩინიანი ყავის და თამბაქოს სუნი ცხვირს რომ მიწვავს.

მაშინ შუქი რომ ჩაქრებოდა, “თვალთან თითს ვერ მიიტანდი”(ბებიაჩემი ამბობდა ასე) , დღეს ქუჩაში ლამპიონები ანთია და მათგან შემომძვრალი შუქი გეხმარება “იპოვო თვალი”. გარდა ამისა, ტრანსპორტიც გაგიკვირდებათ და არსებობს, ასლან აბაშიძეც ქვეყნიდან გაძევებულია და შევარდნაძეც გარდაცვლილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბნელ 90-იანებს გავცდით. მეც აღარ ვცხოვრობ იმ 3 ოთახიანში და აღარც გამობურცულეკრანიანი ტელევიზორით ვეცნობი პოლიტიკურ სიახლეებს. თუმცა, არის რაღაც, რამაც დროს გაუძლო და რაც რეალობაში არარეალურად არსებობის მიუხედავად მაინც მახსენებს იმ პერიოდს.

ზოგჯერ მგონია, 18 თეთრად ნაყიდი ელექტროენერგიით გაბრდღვიალებული ჩემი ოთხი კედელია ერთადერთი ადგილი, სადაც ხელოვნური და ცნობიერი სიბნელე ვერ აღწევს. ამ კედლებს გარეთ “უშუქობა” კვლავ აქტუალურია, არა იმდროინდელი გაგებით.

თურმე, ნუ გაგიკვირდებათ და საბჭოთა პერიოდის დაბრუნება ბევრს სურს. არვიცი რა იზიდავს ამ ხალხს, 37 მანეთიანი წინ და უკან ფრენა, უპასუხიმგებლობა, დახშული აზროვნება თუ მათ მაგივრად მიღებული გადაწყვეტილებები. ფაქტია, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორია ჭირსაც წაუღია, “რუსეთი ბატონადო” გაიძახიან.

ეს იქით იყოს და დილით, გაჩერებასთან რომ ვიდექი და 149-ს ველოდებოდი, გავიგე როგორ ემუდარებოდა მოხუცი ბებო მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელს არ დამაჯარიმოო. საავადმყოფოდან მოვდივარ და როგორ აგიხსნა ახლა ჩემი მდგომარეობაო. ვინ იცის, იქნებ ვინ ჰყავდა ავად, იქნებ თავად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ან სულაც არა, ფაქტია, 50 თეთრი არ ჰქონდა. ან ჰქონდა და მოგეხსენებათ “ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო”. 5ლარიან ჯარიმას ისე თავგანწირვით ებრძოდა, რომ არ მოსულიყო 149, არ ვიცი კიდევ რამდენჯერ გავიგონებდი “გემუდარები შვილო”-ს.

ასეთი სიტუაციები ისე მიმღვრევს სულს, როგორც მოულოდნელად გათიშული, ბავშვობისდროინდელი, გამობურცულეკრანიანი ტელევიზორი მიმღვრევდა. არც მაშინ ვიცოდი ვინ ან რა იყო შუქის წასვლაში დამნაშავე და ვერც იმას ვხვდებოდი, ბებიაჩემის ნათქვამი “ჩაგიბნელდათ შიგანის” ადრესატი ვინ იყო. მთელი გზა გაგონილზე ვფიქრობდი და  დამნაშავის კვალს ვეძებდი.

უბილეთო მგზავრი დამნაშავეა, ან ის უფრო დამნაშავეა ვინც არასდროს ფიქრობს ამ უბილეთოებზე, რომელთა მიმართ პასუხისმგებლობები და მოვალეობები აკისრია. ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს და არღვევს იმიტომ, რომ სწორედ ამ დარღვევის საშუალებით შეძლებს მიიტანოს სახლში პური, მთლად დამნაშავეს ვერ ვუწოდებ. თუ ამ ადამიანს დავინახავთ, როგორც უწესრიგობას შეჩვეულს, უპასუხისმგებლობა გასისხლხორცებულს, რომლისთვისაც არც ფულია გადამწყვეტი, არც პური, არამედ ჩვევა, ამაში საზოგადოებაა დამნაშავე, ერია დამნაშავე. მონიტორინგის სამსახურის იმ მუშაკსაც, რომელიც დილას თავის მოვალეობას პირნათლად, თუმცა ყოყმანით ასრულებდა ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ თუ ზემოთნახსენებ საზოგადოებაში მასაც მოვიაზრებ, ბუნებრივია ისიც დამნაშავეა ამ ქალის და თავის თავის წინაშე. მეც დამნაშავე ვარ და შენც.

საქართველოში შიმშილია. მენტალური შიმშილია და არამარტო. ამიტომაც არ მიკვირს მუშაობა რომ არ სურთ, პასუხისმგებლობებს რომ უფრთხიან. ხალხზე რა უნდა ვთქვათ, როცა ქვეყნის რეალური მმართველიც კი თამაშგარეთ ყოფნას ამჯობინებს.

ლარი გაუფასურდება, დოლარი 2-ს მიუკაკუნებს, ევროზე ორივე ნახსენები იმოქმედებს თუ არა, მეორეხარისხოვანია იმ ხალხისთვის, რომელთა 80%-ს ის გაუფასურებული 5 ლარიც არ აქვს. სადაც დღიური ანაზღაურება საშუალოდ 10 ლარია, ანუ 12 საათიანი შრომა ერთი დარიჩინიანი ყავის ფასია.

მიცუცქული ვარ მამაჩემის ფეხებთან და ველოდები ეკრანი როდის ჩაქრება. ბებიაჩემი ტრადიციულად რომ იტყვის გაწყდით ერთ დღესო. ბაბუაჩემი მშვიდად იკითხავს სანთელი თუ გაქვთო. დედაჩემი მეტყვის ქეთუ არ შეგეშინდეს, სანთელს ავანთებო. მამაჩემი სიბნელეშიც იპოვის ყავას, მოსვამს და თავზე მომეფერება. მერე მეზობლის ბავშვები დაიწყებენ “ჩვენი ქსელი ჯეოსელი”-ო და ყველას ერთად გაგვეცინება.

ახლა პლაზმური ტელევიზორის ეკრანთან ვზივარ, იატაკზე. ავანთებ ყველა ნათურას, დავისხამ ცხელ შოკოლადს და მოვწევ. მერე უშველებელ ნომერს ავკრეფ და დედას დავურეკავ, რომელიც ერთადერთია, იმ მოგონებებიდან ცოცხალი რომ შემომრჩა, თუმცა ხანდახან ესეც მეეჭვება ჩვენი დაშორების დიაპაზონის გამო.

დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მე კი ავანთებ ყველა ნათურას, დავლევ ცხელ შოკოლადს და მოვწევ. იქაური ანაზღაურება სამივეს გაწვდება..

One thought on “წარსული აწმყოში

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s