შეზღუდული – ეს გარემოა

Sezguduli garemo

ავტორი: სალომე ჩადუნელი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე იყო. უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლები გვქონდა, სადაც ძალიან ბევრმა სტუდენტმა ისაუბრა პრობლემებსა და იმ შედეგზე, რაც გულგრილ საზოგადოებას მოაქვს. ვიდეორგოლიც გადავიღეთ და ერთიანი ძალებით შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა საზოგადოებისთვის, დაგვენახვებინა მათთვის, რომ შეზღუდული ეს გარემოა და არა პიროვნება.

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველა მოქალაქისთვის არაა განკუთვნილი. ის ნებით თუ უნებლიეთ რიყავს საზოგადოების ნაწილს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ხელს უწყობს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს შეადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადამიანები, რომელთა პრობლემების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, ახალგაზრდები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგრამ პრობლემა არათუ გვარდება, არამედ მთელი სიმწვავით დგას ჩვენს წინაშე და გვახსენებს, რომ უთანასწორობა ბატონობს.

მეღიმება, როდესაც მესმის მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების ხელმისაწვდომობაზე, ინკლუზიურ განათლებასა და შესაძლებლობების რეალიზებაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი –  თავისუფლად გადაადგილების პრობლემა,  დღემდე  მოსაგვარებელია. სწორედ არაადაპტირებული გარემოა ის უმთავრესი პრობლემა, რომელიც სხვა პრობლემებს განაპირობებს. შშმ პირები სახლებიდან ვერ გამოდიან, ვერ ჩამოდიან კიბეზე, ვერ მოძრაობენ ქუჩაში, ვერ სარგებლობეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერ შედიან სხვადასხვა შენობებში, ვერ მიდიან სკოლამდე. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩუმად და ამავდროულად ხმამაღლა ეუბნება მათ -ეს ქვეყანა,  ეს გარემო და ცხოვრება ყველას არ ეკუთვნის.

სახელმწიფოს მოვალეობაა თანაბრად იზრუნოს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე, შეუქმნას გადაადგილების თავისუფალი ნება, განათლების მიღების შესაძლებლობა, პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება და თანაბარი სასტარტო პირობები. რეალობა კი სულ სხვა სურათს გვიხატავს.

გვაქვს პანდუსები, რომლითაც არათუ დამოუკიდებლად , არამედ სხვისი დახმარებითაც კი ვერ გადაადგილდები.

გვაქვს პანდუსები, რომლებზეც მოქალაქეები მანქანებს აჩერებენ და მიაჩნიათ, რომ ეტლით მოსარგებლებს არ სჭირდებათ პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილები.

გვაქვს უნივერსიტეტები და სკოლები, რომელთაც შშმ პირი ვერც კი მოუახლოვდება, გადააგილებაზე და განათლების მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

გვაქვს შენობები და გადასასვლელები, სადაც პანდუსი პანდუსისთვის კეთდება და არა საჭიროების გამო.

გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ქმნის ვითომ ადაპტირებულ, რეალურად სრულიად შეუფერებელ გარემოს წლის ანგარიშისთვის, გაწერილი გეგმისთის და არა საზოგადოებისთვის. ნიშნავს პენსიას, რომელიც გადაადგილებაშიც კი არ ყოფნის ადამიანს, კვებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,  შეზღუდული ეს გარემოა. გარემოში მოიაზრება საზოგადოებაც, რომელშიც იბადება არასწორი დამოკიდებულებები და სტერეოტიპული შეხედულებები შშმ პირთა ირგვლივ. საზოგადოების როლი უდიდესია პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. შშმ პირებს, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად სიბრალული სჭირდებათ. მათ სჭირდებათ გარემო, რომელშიც შეძლებენ პოტენციალის რეალიზებას.

გუშინ ერთ გოგონას შევხვდი. მას ნატა ჰქვია, ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ ეცეკვა დიდ სცენაზე. 4 წლის წინ ავარიაში მოყვა და მხედველობა დაკარგა, მაგრამ არ დაუკარგავს იმედი, არ შეშინებია საზოგადოების დამოკიდებულების. შეძლო და თავიდან იპოვა საკუთარი თავი, იცეკვა და ამით გვითხრა, რომ შეზღუდული თვითონ კი არა, ჩვენი გონებაა. ასეთი ადამიანები უტყუარი ფაქტები არიან, იმის წინააღმდეგ, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ნაკლებია და ვიღაცას ჩვენი სიბრალული სჭირდება.

რა კუთხითაც არ უნდა დავიწყოთ საუბარი შშმ პირების პრობლემებზე, ბოლოს მაინც განათლების ნაკლებობის პრობლემას მივადგებით ხოლმე. არავინ არ იცის როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუ დღეს კარგია, ხვალ არავინ იცის ცუდი იქნება თუ უკანასკნელი. არავინაა დაზღვეული, რომ ერთ დღეს სწორედ იმ „ჯგუფის“ წევრი გახდეს, რომელსაც რიყავდა, ზურგს აქცევდა და აგრესიულად ეპყრობოდა.

ცალკე პრობლემაა შშმ პირების ოჯახის წევრები და მათი დამოკიდებულება პრობლემასთან. შობლების ნაწილი მალავს შვილს ოჯახში, არ უშვებს საზოგადოებაში, რცხვენია ან საზოგადოების დამოკიდებულების ეშინია, არ უნდა, შვილს გული ეტკინოს და თავი არასრულფასოვან ადამიანად იგრძნობს.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ვნერგავთ დემოკრატიულ პრინციპებს და ხელს ვუწყობთ ხალხის მმართველობას, ვებრძვით დისკრიმინაციას, სტერეოტიპებს და სტიგმებს, ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი სივრცე ყველასთვის, მაგრამ სანამ საზოგადოების ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კარებს უჭედავს, საქანელას ხსნის, შშმ პირს შვილს არიდებს, პანდუსზე მანქანას აჩერებს, პრობლემები ვერ მოგვარდება. შეზღუდული-ეს  ჩვენი აზროვნება და გარემოა და არა შესაძლებლობები..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s