გამარჯობა, მე მწვანე ვარ

ავტორი: ნინა კოპალეიშვილი

მახსოვს დაწყებითი სკოლის მოსწავლე ვიყავი, სულ პატარა გოგო  დიდი ჩანთით რომ ჩავუყვებოდი სკოლისკენ მიმავალ დაღმართს და ყოველ დილას თითქმის ერთსა და იმავე ადგილას ჩემხელა გოგონა მხვდებოდა ხოლმე. მე მარტო, ჩემს ჩანთასთან ერთად ვიყავი, ის კი – დედასთან და ეტლთან ერთად. მე სკოლაში მივდიოდი, ის კი – არა. მაშინ მარტივად –  სიბრალულით შევხედავდი ხოლმე, მხოლოდ იმის გამო, რომ მე საკუთარი ფეხით შემეძლო გადაადგილება და მას კი ეტლით, ის იჩაგრებოდა, არ დაჰყავდათ სკოლაში, მე კი უბრალო უპირატესობის გამო ჩვეულებრივი სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობდი.

თავიდან, როდესაც საქართველოში რამდენიმე გამბედავმა ადამიანმა მწვანედ ან ლურჯად შეღებილი თმით დაიწყო ქუჩაში სიარული, ყველას გვიკვირდა. გვიკვირდა იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენს დოგმატურ ცხოვრებაში არ ეწერა და თანაც თვალშიც მკვეთრად გვხვდებოდა. შემდეგ დახეულჯინსებიანებიც გამოჩნდნენ. ბაბუაჩემთან სამსახურში პირველად რომ მივედი მსგავსი ჯინსით, თვალები დამიბრიალა, საღამოს კი ფული მაჩუქა, წადი შვილო ახალი შარვალი იყიდეო. ახლა  შეეჩვია, ქუჩაში ყოველ მეორეზე რომ ხედავს დახეულ ჯინსებს, უცხო ნაცნობად იქცა და ჩვენს ყოველდღიურ დოგმბეშიც ჩაჯდა სამუდამოდ.

რომელიღაცამ გაბედა და პირველად გაიხვრიტა წარბი, მისმა მეგობარმა კი ტატუ გაიკეთა შუბლზე. ასეა თუ ისე ,,განსხვავებული’’ მასობრივ მოვლენად გადაიქცა დროთა განმავლობაში და  ისე შეეთვისა ჩვენს ყოველდღიურობას, რომ ახლა პირსინგი და სვირინგი აღარავის უკვირს. ასეა, ნებისმიერი უცხო ხილი უცხო მანამდე დარჩება ხოლმე, სანამ ის დიდ მასშტაბებს არ მიაღწევს.

imagesარაერთისგან მსმენია გაოცება იმის შესახებ, თუ რამდენი შშმ პირია  საზღვასრგარეთ, ხოლო ჩვენთან – რა ცოტა. ბევრ ჩვენგანს კი არც უფიქრია იმაზე, რომ რაოდენობა მხოლოდ მასშტაბების შესაბამისად თუ იცვლება. საქმე იმაშია, რომ განვითარებულ ქვეყნების შშმ მოქალაქეების ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ქვეყნის  ცხოვრებისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შშმ პირები ისევ ,,სხვებად’’ აღიქმებიან, ისინი კვლავ სტიგმატიზირებულ ჯგუფად რჩებიან. მათ მარგინალიზაციაში ადამიანთა 3 რგოლი ასრულებს დიდი როლს და სწორედ ამ რგოლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა ,,სხვა’’ იქცეს ,,ჩვენ’’-ის ნაწილად.

პირველი, ესაა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ იმ ინფრასტრუქტურით უზრუნველყონ დასახლებული პუნქტები, რომლებიც გაუადვილებს შშმ პირებს გადაადგილებას. ეს შეიძლება იყოს შესაბამისი ფუნქციების მქონე ავტობუსები, სტანდარტის შესაბამისი პანდუსები გარეთ და შენობებში, შესაბამისი განათლების სისტემა,  დასაქმება და სხვ.

მეორე, ესაა საზოგადოება – ,,ჩვენ’’, რომელსაც არაფრით არ უნდა და არ უშვებს იმას, რომ ,,სხვები’’ გახდნენ ,,ჩვენ’’-ის ნაწილად. თითოეული ჩვენგანს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ  ეს ადამიანები დაუბრუნდნენ სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა დავივიწყოთ შიშის, სიბრალულისა და ზიზღის გამომხტველი მზერა, საჭიროა გავითავისოთ, რომ ჩვენც შეიძლებოდა მათ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით და, ერთი სიტყვით, ვიმეგობროთ მათთან ზუსტად ისე, როგორც სხვა ჩვენს ახლობელ-მეგობრებთან. არ უნდა დაველოდოთ იმას, როდის გამოჩნდებიან ქუჩაში არა ერთი და ორი, არამედ გაცილებით მეტი შშმ პირები, რომ შევძლოთ მათთან შეგუება და შეჩვევა.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვან რგოლს თვითონ შშმ პირები წარმოადგენენ, რადგან თუკი ისინი არ შეეცდებიან ამოიღონ ხმა, ისაუბრონ თავიანთ უფლებებზე, მოთხოვნილებებზე,  თუკი არ იქნებიან ძლიერები, სრულფასოვნად შემოიჭრან ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისინი ვერასდროს შეძლებენ დააღწიონ იმ სტიგმას თავი, რომელშიაც ისინი იმყოფებიან. როდესაც ეს სამივე რგოლი შეიკვრება, ჩაჯდება თავის ნორმალურ ჩარჩოებში, ისე როგორც ეს პანდუსებიან, დასაქმებულ შშმ პირებიან ქვეყანაშია, სადაც  ისინი ბევრნი მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება, რომ  აქვთ შესაბამისი პირობები გარეთ გამოსასვლელად, სადაც შშმ პირები იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ჩავჯდეთ სტანდარტით გათვალისწინებულ უბრალოდ ადამიანურ ნორმებში.

უმცირესობებეზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია გვახსენდება რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ პირები. აქ ისევ შიში მოდის. გვეშინია ,,გეის’’, რომ ,,რამე არ გადმოგვდოს’’, გვეშინია ბუდისტის, რომ ,,მრწამსი არ შეგვაცვლევინოს’’, გვეშინია ფერადკანიანის, რომ ,,არ გადაგვაჯიშოს’’. მოდით ვაღიაროთ, პრობლემა ჩვენშია და არა მათში. რადგან ისევ და ისევ ჩვენ ვართ მშიშრები და უსუსურები და არა ისინი (ბუნებრივია ,,ჩვენ’’-ში განვიხილავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კიცხავს ზემომოყვანილ ჯგუფებს ამა თუ იმ ფაქტორის გამო).

როდესაც ჰომოსექსუალებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მწვავედ დგას რელიგიური ფაქტორი, რომელიც მასაზე, ვფიქრობ, კარგად (და არა დადებითად)მოქმედებს. აპელირება იმაზე, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა, საკმაოდ დიდ მასებს ,,აიძულებს’’ დევნოს ისინი. თუკი საკითხს იმ კუთხით მივუდგებით, რომ ეს ადამიანები ცოდვილები არიან, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ სად წერია, რომ ცოდვილი უნდა იდევნებოდეს. თუკი უფრო ჩავუღრმავდებით, შეიძლება ისიც აღმოვაჩინოთ, რომ ეს ცოდვა სულაც არაა და უფრო მეტადაც თუ დავფიქრდებით, შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ სხვისი პირადი და ინტიმური ცხოვრება სულაც არაა რომელიმე ჩვენგანის საქმე. ამ საკითხზე საუბარი დაუსრულებლად და უამრავი არგუმენტითა და კონტრარგუმენტით შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა არა აქ და ახლა, რადგან ვცდილობ უფრო განვაზოგადო თემა ,,სხვა’’.

მე მწვანე ფერის ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი, ოღონდ მწვანე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,თქვენ’’ გაქვთ საფუძველი გამკიცხოთ, მდევნოთ, გეზიზღებოდეთ ან გეშინოდეთ ჩემი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩემი მწვანეობა ბევრი თქვენგანის სხვა იმ თვისებას სჯობს, რომლებიც ყოველდღიურ დოგმატურ სისტემას კარგად ერგება. ვფიქრობ, ხანდახან მაინც დასაფიქრებელია, რას ვიზამთ თუ გვეყოლება გეი, შშმ შვილი, გავაჩენთ ბავშვს ფერადკანიანისგან ან სხვა რელიგიის მიმდევარისგან, რა მოხდება, როდესაც ჩვენს შვილსაც ,,ტაბურეტკით’’ გამოედევნება ვინმე, ნუთუ მაშინაც დავიწყობთ ფეხს ფეხზე და ისევ რაიმის ფობია დაგვემართება.

მე მწვანე ვარ, მეც თქვენიანი მინდა ვიყო..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s