ჟურნალისტიკა – „განტევების ვაცი“

ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

4 წლის წინ აბიტურიენტი ვიყავი და იმაზე ვფიქრობდი, რაზე ჩამებარებინა. იმ ბედნიერთა კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომ ამბობენ ბავშვობიდან ვოცნებობდი, ესა და ეს გავმხდარიყავიო. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ჩემი და მყავდა, რომელსაც 15-16 წლისას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, პროკურორი გამხდარიყო. მე კი ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო, რომ არ მინდოდა ისეთი პროფესია, რომელიც ერთ ადგილზე ჯდომას და მოსაწყენ, რუტინულ საქმიანობას გულისხმობს, ზუსტად გაწერილი გრაფიკით, ხელფასით და დასვენების დღეებით. მინდოდა მრავალფეროვანი, საინტერესო პროფესია, თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით, რომლის კეთების დროსაც მექნებოდა ხალხთან ურთიერთობა, ამავდროულად შეგრძნება, იმისა, რომ ადამიანებისთვის საჭირო და სასარგებლოა ჩემი საქმე. ამ ჩემს „მოთხოვნებთან“ ყველაზე ახლოს ჟურნალისტიკა იდგა, მეც ბევრი არ მიფიქრია.

10884415_757502244326710_2060691230_nპირველ კურსზე ყოფნისას ყველაზე ხშირად, რასაც გვეკითხებოდნენ, იყო – რატომ ავირჩიეთ ეს პროფესია? ამ კითხვაზე ჩემს კურსელთა პასუხებს ერთი ძირითადი იდეა გასდევდა ლაიტმოტივად – ხალხის ინფორმირება, „მეოთხე ხელისუფლებად“ ყოფნა, სიმართლის წერა/გაშუქება,  უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ხალხის სამსახურში ყოფნა. ამასვე გვასწავლიდნენ ლექტორებიც. ამ „ყოვლისშემძლე იდეებით“ გამსჭვალული, ვფიქრობდი, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ და ზუსტად იქ ვარ, სადაც ჩემი ადგილია. თუმცა ჩვენი „პროფესიული სულისკვეთება“ მალე დაიწრიტა, გაიცრიცა. უფრო სწორად კი სხვებმა გაცრიცეს.

პირველად მაშინ დამწყდა გული, როდესაც ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ, ლექციაზე ჟურნალისტიკა, სხვა მიმართულებებთან შედარებით, დაკნინებულად მოიხსენია. მისი აზრით, ეს არ არის ის პროფესია, რაც ადამიანმა უმაღლეს სასწავლებელში უნდა შეისწავლოს. მეტჯერ მის ლექციას აღარ დავსწრებივარ.

ჟურნალისტიკის აგდებულად მოხსენიების მეორე შემთხვევა ავტობუსში მოხდა. მოხუცი, რომელსაც ადგილი დავუთმე, გამომელაპარაკა. რომ გაიგო, თსუ-ში ვსწავლობდი, გაუხარდა, მეც უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებულიო, თუმცა პროფესიის არჩევანი დამიწუნა. პატარა დუმილის შემდეგ ნიშნისმოგებით მიპასუხა: „მე ფილოლოგიაზე ვსწავლობდი. იქ იყო სწავლა თუ იყო, თქვენსავით კი არ ვერთობოდითო“. მე მაშინაც დამწყდა გული.

ამის შემდეგ იყო ბევრი ასეთი შემთხვევა და მე ნელ-ნელა მივეჩვიე. ისიც გავიაზრე, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში პროფესია კი არა განტევების ვაცია. ყველაფერზე, რაც კი ქვეყანაში ცუდი მოხდება, ხალხი თითს მედიისკენ იშვერს. ტრანსპორტში ყველაზე აქტუალური სალანძღავი თემა მთავრობის შემდეგ, სწორედ ჟურნალისტები ვართ. მოგვეკერა სტიგმა იმისა, რომ ჟურნალისტებს არც საღი აზრი მოგვეკითხება და არც სინდისი.

იმ დროს კი, როცა ასეთი დამოკიდებულება ყველაზე მეტად მტკივა ხოლმე, მახსენდება ჩემი ერთი ლექტორის ნათქვამი „ხალხზე არ უნდა გაბრაზდეთ. ხალხი რომ არ გვენდობა, ეს ისევ ჩვენი ბრალია“.

რაც უნდა არასასიამოვნო იყოს ამის აღიარება, ეს სიმართლეა. ქუჩაში გამვლელი მიკროფონის დანახვისთანავე გაგირბის იმიტომ, რომ იცის, როგორ „ამასხარავებენ“ ხალხს იუმორისტულ გადაცემებში და არ უნდა თვითონაც იგივე შეემთხვეს. არ გთანხმდება ინტერვიუს მოცემაზე იმიტომ, რომ ეშინია ის არ დაწერო, რაც მას არ უთქვამს. არ სჯერა შენი იმიტომ, რომ ერთ არხზე მუშაობისას ერთს ამბობ, სხვა არხზე თუ გადახვალ – მეორეს. არ მოსწონხარ იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში არღვევ ეთიკურ ნორმებს და იყენებ დისკრიმინაციულ გამოთქმებს. ბოიკოტს გიცხადებს იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში რესპოდენტს დაკითხვას უწყობ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ხალხი არ აფასებდეს, აღარ სჯეროდეს, რომ ჟურნალისტიკა მეტია, ვიდრე მხოლოდ მიკროფონის დაჭერა, მეტია, ვიდრე მხოლოდ კარგად წერა, მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის გასაჯაროება, მეტია, ვიდრე მხოლოდ კარგი გარეგნობა და სტუდიაში ჯდომა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s