ბრძოლა განვითარებისთვის

ავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

რამდენიმე დღეა ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ აქტიური კამპანია გაჩაღდა, რომლის მოთავეებიც, როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს, ამავე სექტორის წარმომადგენლები არიან. როგორც ჩანს ხელისუფლება ციხის შიგნიდან გატეხას აპირებს. თუმცა ამ შემთხვევაში შინაარსს არ ჩავუღრმავდებით, მთავარი ეს პარადოქსული გამოხატულებაა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ თემას.

10964775_777874478962878_814559394_oბოლო დროს ასევე აჟიოტაჟი იყო ატეხილი მუსლიმური თუ სხვა აღმსარებლობის სალოცავების გახსნასთან დაკავშირებით. მოწინააღმდეგეთა არგუმენტი იყო ის, რომ ამით მათი რწმენა შეილახებოდა და შეირყეოდა. თუმცა, ერთი აღმსარებლობის სამლოცველოს გახსნამ როგორ უნდა შებღალოს მასთან არავითარ კავშირში მყოფი სხვა სარწმუნოება, ამას ვერავინ ხსნიდა. თუ საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ განსხვავებული აღმსარებლობის სამლოცველოს გახსნა სარწმუნოებას შეურყევს, გამოდის, რომ მათი რწმენა საფუძველშივე არამყარი ყოფილა. ეს არცაა გასაკვირი, იმ ფონზე, როცა 99 პროცენტიანი ათეისტური ერი, სსრკ-ს დაშლისთანავე 99 პროცენტიან რელიგიურ საზოგადოებად გადაიქცა.

ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები ალბათ ყველგან ხდება, თუმცა ამ მხრივ საქართველო მაინც მოწინავე რიგებს იკავებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სუფრაზე ქალს ღვინით ხოტბას ასხამენ, ხოლო იმავე ღვინით მთვრალი კაცი შემდეგ ძალადობას ახორციელებს იმავე ქალზე.

იგივე სუფრა ყოველთვის მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება და ხშირად ჩხუბით მთავრდება.

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, მაგრამ მუჰამედის კარიკატურით რწმენის შელახვა უფრო დაუშვებელია, მაგრამ იმავე რწმენას ღორის თავების მიჭედებით ვახშობთ, მაგრამ  მაინც ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ.

საზოგადოება, რომელსაც ტერიტორიის 20 პროცენტი წაართვეს, მაგრამ მაინც სოროსისგან „ქართველობის წართმევაზე“ მოთქვამს.

ქვეყანა, სადაც ყველა პატრიოტია, მაგრამ ერთი სული აქვთ როდის „გაასწრებენ აქედან“ (ოღონდ ვის ან რას უნდა გასწრონ, არავინ იცის).

სადაც სამხედრო სამსახურს ემალებიან, მაგრამ სავალდებულო გაწვევის გაუქმებას მაინც ქვეყნის ღალატად თვლიან („ეგდოს, რა იცი რაში დაგვჭირდება“ არგუმენტით).

ქვეყანა, სადაც „საყვარელ ადამიანს ღალატს ვერავინ პატიობს“, მაგრამ ცოლის ღალატი ტიპობად ითვლება.

სადაც ყველა ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.

გვაქვს ახალი წელი, რომელიც იმავე დროს ძველიცაა, ვქეიფობთ საფლავებზე. გვძულს და გვეშინია თურქეთის, მაგრამ ვგიჟდებით თურქულ სერიალებზე.

ათეისტური ტირანიის შემქმნელს ყველაზე დიდ მართლმადიდებლად მივიჩნევთ.

სადაც 99% მორწმუნეა, მაგრამ „ბიბლია“ მარტო ყდაზე აქვთ ამოკითხული.

სადაც ევროპა გარყვნილების ბუდედ ითვლება და ამავე დროს ყველა მისკენ გარბის (ზოგი სამკურნალოდ).

ვეწინააღმდეგებით ძალადობას და მოძალადეების ჩაქოლვას ვითხოვთ.

სადაც ყველა პურს გვპირდება და ბოლოს მაინც ყველა სანაცვლოდ სანახაობას გვაძლევს.

ეს და კიდევ სხვა თვისებები  გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მყარი სამოქალაქო ცნობიერება ჯერ არაა ჩამოყალიბებული. საბჭოთა იმპერიის მონობამ გადაგვაჩვია ამ ყველაფერს. ეროვნული თუ ადამიანური ღირებულებების გააზრება მხოლოდ დროის საკითხია, მანამდე კი მრავალი წინააღმდეგობრივი გზის გავლა და დაძლევა მოგვიწევს. ეს ყველაფერი არც „მხოლოდ საქართველოში“ ხდება და არც მხოლოდ ჩვენი გზაა „გოლგოთის გზა“. განვითარება ყოველთვის წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, ამიტომ,  რაც უფრო დიდია პროგრესი, მით დიდია ეს ბარიერი. თუ გზას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გავდივართ, გამოდის, რომ მცდარი გზა აგვირჩევია.

თუნდაც ის ფაქტი, რომ გარკვეულ თემებზე ათი წლის წინ არათუ საჯარო დისკუსიას, არამედ ფიქრსაც კი ვერავინ გაბედავდა, ცნობიერების ამ პროგრესს უფრო ნათელს ხდის.  ერთი ხელის მოსმით მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ვალდებული ვართ ეს გზა უვალი ჩვენვე გავთელოთ. ეს რთული პროცესია, ძნელია წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენი დრო დაგვჭირდება ამისთვის, თუმცა რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, არის ის, რომ ამ საუკუნოვან სიბნელეს მკრთალი შუქი მართალია ნელა, მაგრამ თანდათან მაინც ფანტავს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s