“კარვების ქალაქი” – ბრძოლა გადარჩენისთვის

ავტორი: ანი ჭურაძე

მოსკოვის გამზირზე, სადაც გამოყოფილია კონკრეტული ადგილი კარვებისთვის, ყოველდღე 180-ზე მეტი უსახლკარო ადამიანი იბრძვის გადარჩენისთვის. დროებითი თავშესაფარი მუშაობს ზამთრის პერიოდში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უსახლკაროები თავიანთ “სახლს” – ქუჩას დაუბრუნდებიან. პირობები იმაზე კარგია, ვიდრე ქუჩაში, მაგრამ საარსებო მინიმუმს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. მობინადრეები მთავარ პრობლემად ანტისანიტარიასა და კარვებში შესულ წყალს ასახელებენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალოზე მძიმეა. მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლათ და არც კარავი შეხვდათ, ბრძოლას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქუჩის პირობებში განაგრძობენ. პრობლემა კი არც კარვების ქალაქით იწყება და არც მისით მთავრდება – ბევრად უფრო ფუნდამენტურია: რატომ ვართ ასეთი ინდიფერენტულები იმის მიმართ, რაც ჩვენ არ გვეხება? მართალია, ჯერ ამის პასუხი ვერ ვიპოვე, მაგრამ ამ კითხვაზე ხშირად მახსენდება მარტინ ნიმიოლერის სიტყვები,რომელიც ნათლად მანახებს იმის შედეგს, რაც ინდიფერენტულობას მოაქვს:

პირველად ისინი კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, რადგან არც პროფკავშირის წევრი ვიყავი. ებრაელებს რომ მიადგნენ, ჩუმად ვიყავი, რადგან არც ებრაელი ვყოფილვარ. შემდეგ მომადგნენ მე, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად”.

(მარტინ ნიმიოლერი)

საზოგადოება, როგორც ერთი მთლიანი არსება, რომელიც ჩვენგან, ინდივიდებისგან შედგება, უნდა ზრუნავდეს მის თითოეულ წევრზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს წევრი უმცირესობას შეადგენს და დახმარება სჭირდება. თუ ჩვენი დამოკიდებულება იქნება გულგრილი და გავაგრძელებთ უმოქმედობას, ამან შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

ფოტო აღებულია ვებგვერდიდან intermedia.ge

ფოტო აღებულია ვებგვერდიდან intermedia.ge

მართებულია თუ არა უსახლკაროთა პრობლემის ინდივიდუალიზაცია, რაც ხშირად ხდება?რა თქმა უნდა არა. საზოგადოების თითოეულმა ინდივიდმა უნდა გავიაზროთ ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრის როლი  და პასუხისმგებლობა მათ წინაშე. არაერთხელ ყოფილან უსახლკარო ადამიანები დაცინვის ობიექტები და ვფიქრობ დღემდე სოციალური უხილავობის მსხვერპლად რჩებიან. ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ მათ მიმართ არსებობს არასწორი მიდგომა, თითქოს ვიღაც A, ვიღაც B-ზე რამით მეტია, არადა დაბადებიდან ხომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ციხის კადრები მახსენდება, როცა საზოგადოება ერთხმად იცავდა პატიმრებსა და მათ შელახულ ღირებას, მას შემდეგ, რაც ვიდეო იხილეს (ვიხილეთ), იქამდე კი, მართალია უმეტესობამ იცოდა (ვიცოდით) ვიდეოს გარეშეც ციხეში არსებული სიტუაცია, მაგრამ თვალით ხილულის შემდეგ უმოქმედობის შერცხვათ(შეგვრცხვა). არაერთი ვიდეომასალა არის „კარვების ქალაქიდანაც“ ,რომელშიც პირდაპირ არის საუბარი მათ პრობლემებზე, თუმცა კიდევ უფრო მეტი უსახლკარო არსებობს, რომელთა შესახებაც ჯერ ვიდეო არავის გადაუღია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ დღესვე დავიწყებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა, სიცოცხლის შენარჩუნებისა და გაგრძელებისთვის სჭირდებათ. ნურავინ იტყვის, რომ მას არ მიუძღვის ბრალი არსებულ მდგომარეობაში:

„რამეთუ, უწყოდეთ ძვირფასებო,რომ ყოველი ჩვენგანი უცილობლად დამნაშავეა ყველას წინაშე იმ ყველაფრის გამო, რაც დედამიწაზე ხდება, არა მხოლოდ საერთო საკაცობრიო დანაშაულით, არამედ პირადად. ყოველი ჩვენგანი დანარჩენებზეა პასუხისმგებელი და დამნაშავეა ამქვეყნად ყველა ადამიანის გამო.“(ფიოდორ დოსტოევსკი-ძმები კარამაზოვები)

ფული იქნება, ტანსაცმელი თუ მედიკამენტი, არ აქვს მნიშვნელობა. მათ სამივე ზემოთნახსენები დაეხმარება და შეუმსუბუქებს ყოფას. რა თქმა უნდა, ტანსაცმელი ან/და მედიკამენტი სახლის მაგივრობას ვერ გაუწევს, მაგრამ ეს ის მინიმუმია, რითიც ყველას შეგვიძლია დახმარება, რაც იქნება პატარა წინგადადგმული ნაბიჯი არამხოლოდ გაჭირვებულთა დახმარებისკენ, არამედ ისეთი საზოგადოების შექმნისკენ, რომელსაც გულთან ახლოს მიაქვს მისი წევრების პრობლემები და როგორ საზოგადოებაშიც ცხოვრება ბევრი ჩვენგანის სურვილია. პრობლემის მოგვარება მოითხოვს აქტიურ ჩართულობას და მისი მოგვარება შეიძლება ერთიანი ძალებით. უსახლკაროთა პრობლემა-ჩვენი პრობლემაა. ჩვენი, როგორც სახელიმწიფოსი; ჩვენი,როგორც მთავრობის; ჩვენი,როგორც საზოგადოების..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s