გია VS მაია ქართულ ეთერში

maia vs giaავტორი: მაიკო ჭანტურიძე 

მძიმე ოთხშაბათის შემდეგ, როცა ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა ხოფერია არიან, ხუთშაბათთან გასაკმლავებლად ვემზადები, ტელევიზორთან ვკალათდები, პულტს ვიმარჯვებ და აქეთ იქით ვრთავ. აქეთ სკანდალი, იქეთ სკანდალი. აქეთ მაია ასათიანი, იქით გია ჯაჯანიძე. აქეთ 12 წლის გოგოს გათხოვება, იქეთ 12 წლის გოგოს გათხოვება. აქეთ თეა დარჩია, იქეთ თეა დარჩია…. ისეთი არჩევანია, მტერსაც რომ არ უსურვებ.

“იმედის” წამყვანი დასაწყისშივე გვპირდება, რომ დღეს ყველაზე საინტერესო გადაცემა იქნება. ეს განცხადება დიდი ვერაფერი შვებაა მაშინ, როცა მისი წინა გადაცემები უკვე ნანახი გაქვს.

მაია VS გია

სტუმრებად ერთმანეთზე უკეთესი ,,ფეისები“ : მერსი სულხანიშვილი, თამუნა ვაშალომიძე, ეკა ყუშიტაშვილი,  ,,მულატკა“, ბესო ჩუბინიძე, თეა დარჩია, კოტე თოლორდავა და გურამ შეროზია. ამ სახელების ჩამოთვლა იმიტომ არ დამეზარა, რომ ისინი ამ შოუში ქართულ საზოგადოებას წარმოადგენენ. საინტერესოა, ალბათ, როცა შენს ხმას ეთერში მერსი სულხანიშვილი აჟღერებს.

ჯერ სტუმრები შოუს ტემპისა და ტემპერატურის ასაწევად ერთმანეთს ,,დაუპირისპირდნენ“ და ,,გაფენითაც“ კი დაემუქრნენ. მერე რამდენიმე წუთის განმავლობაში მერსის ქალიშილობა-არაქალიშვილობის საქმე ირჩეოდა. მაყურებლებმა ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქე მაშინ, როცა მივხვდი, რომ ეკა ყუშიტაშვილი მედეას და მედიას ვერ არჩევს.

სტუმრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ამ საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად უნდა გაიხადო. ეკლესიისა და ,,ფლეიბოის“ გზების გადამკვეთი შიშველი მედავითნე გვარწმუნებდა, რომ მართლმადიდებლობა და სიშიშვლე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის და ყველა უარყოფითი შეფასება, ქალური შურია და მეტი არაფერი. შური მიაჩნია ქართული მენტალობის ბნელ მხარედ ადამიანსაც, რომელიც პოპულარული გახდა პირველი სექსით პირდაპირ ეთერში. თუმცა ჯაჯანიძემ ისიც გაარკვია, რომ ეს სექსი სექსი სულაც არ ყოფილა და ამ გადაცემასავით დადგმული და სკანდალზე ორიენტირებული იყო. ამდენი წელი ტყუილში გვიცხოვრია.

მერე ქადაგად დავარდნილი თეა დარჩია გვარწმუნებდა, თავისუფლება ისაა, რასაც გინდა იმას რომ არ გააკეთებ, შენ თავზე უფალი მაშინ ხარო. და კიდევ იმდენჯერ ახსენა სიტყვა უფალი, ჩაწერა კი არა, დამახსოვრებაც ვერ მოვახერხე.

გადაცემის მეორე ბლოკში ქართველი ტრანსგენდერი და მისი ისტორია იყო განხილვის თემა. ბიანკა შიგუროვა ამბობდა, რომ დედა მას ოჯახის საქმეების კეთებას აიძლებდა. ,,ანუ ქალის საქმის“ – აზუსტებს რეიტინგული ტოკშოუს წამყვანი და ეთერით გვიმყარებს სექსისტურ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს.

ცოტა ხანში სათვალიანი და ქუდიანი ბიჭის დანახვაზე  ,,დეჟა ვუ“ დამემართა და მივხვდი, რომ მარკუს მეტრეველის დოზის გადაჭარბება მაქვს –  ჯერ მაია ასათიანთან, მერე ნანუკასთან, ახლა ჯაჯანიძესთან და რაც მთავარია, სამივე შოუში ერთი თემა – მისი სექსუალური ორიენტაცია განიხილება. მარტო ხოფერიას დარჩა საკითხავი, სექსი ჰქონია თუ არა კაცთან.

მერე 12 წლის გოგონა, რომელიც 6 თვის ორსულადაა და ქმარმა მიატოვა, გვარწმუნებდა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგია.

გაურკვეველია, რატომ ცდილობენ შოუს ავტორები ქართული მენტალიტეტისა და სექსის, სიშიშვლის ერთმანეთთან ასოცირებას? რატომ არ აღიქვამენ ჰომოსექსუალებს ჩვეულებრივ ადამიანებად და რატომ გვაიძულებენ მათ შეცოდებას? რატომ ცდილობენ სტერეოტიპების გამყარებას? დაუჯერებელია, რომ ქართველი მაყურებელი მხოლოდ სკანდალზე რეაგირებს. მხოლოდ ის აინტერესებს, ვის ვისთან აქვს სექსუალური ურთიერთობა. არც ის მჯერა, რომ ყოველ ხუთშაბათს ჯაჯანიძის გამოჩენას ერი მოუთმენლად ელოება და ელის ,,ხმას მღაღადებლისას“.

გადაცემის დასრულების შემდეგ ვრჩებით ადამიანების უბედურებით გაუბედურებული მაყურებელი და რჩება რეიტინგი, რომელსაც მეორე დღეს აფრიალებენ.

ამბობენ, თუ არ მოგწონს, გადართეო. კი ბატონო, ისევ ,,ახოტა ი რიბალკას“ ყურება მირჩევნია!.

5 thoughts on “გია VS მაია ქართულ ეთერში

  1. … ras qvia gadarton!!!! moashoron es daavadebuli azrovnebis xalxi eterss da movidnen axali taobis bavshvebi,xalasi gonebitt….ra ubedurebaa!!!. es jajanidzis jurnalistoba raga iyoo… 😛 maikoo upro meti uchkmitee maqgens da iqneb gamoafxizlooo …:D 😀 gamogvidzebze zedmetia laparakii 😀 yochag!!!!

    Like

  2. ხსენებული გადაცემების მთავარი მიზანი პუბლიკის მოზიდვა და რეიტინგებია. რატომ არ შეიძლება გაკეთდეს რეიტინგული გადაცემა, რომელშიც ხალხი ერთმანეთს არ გალანძღავს და სერიოზულად იმსჯელებს მრავლად არსებულ სოციალურ პრობლემათაგან რომელიმეზე?
    ჩემი აზრით ხარისხზე ორიენტირებული გადაცემა ფართო საზოგადოებისთვის მოსაწყენი იქნება და ჟურნალისტისთვის მისი ისე დაგეგმვა და წაყვანა რომ საინტერესო გახადოს სერიოზულ დონესა და შრომას მოითხოვს.
    უფრო ადვილია აყვირო და ერთმანეთს შეუსიო ეთერში ხალხი ან ახალი სკანდალი ეძიო 🙂 🙂

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s