როგორ გადავურჩი ერეკლეობას

ავტორი: მაიკო ჭანტურიძე 

ჟუჟუნა, ნათელა, მაყვალა და სხვა მეზობელი ქალები ამბობდნენ, ისეთი მუცელია, ბიჭი იქნებაო. მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, პირველი გოგოს შემდეგ, ბიჭს „აჩუქებდათ“ უფალი. ბებიაქალის აღტაცებული შეძახილი – „ბიჭია, ბიჭი!“ ბებოსთვის საოცნებო იყო. ცისფერი ტანსაცმელი უკვე ნაყიდი ჰქონდათ, სახელი კი – მოფიქრებული. ერეკლე – ასე მერქვა დაბადებამდე.

„გოგოა“ – მშრალად ნათქვამი ეს სიტყვა ისეთი მოულოდნელი იყო, უხერხულობისგან ლამის უკან შევბრუნდი. გუგულა, სულიკო ან ნუკრი რომ ჰქონოდათ გადაწყვეტილი, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ერეკლეს დარქმევა გოგოსთვის არ გამოდიოდა. ამიტომ შოკიდან გამოსვლამდე და სახელის მოფიქრებამდე ბანტიან ერეკლეს მეძახდნენ. ეს სახელი, ჩემდა ჭირად, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შემორჩა ნათესავების მეხსიერებას.

მერე კი, რადგან მაისი იყო, მათი ფანტაზია მეტს ვერ გაწვდა და მაია დამარქვეს. ამ სახელის გამო საკუთარ თავს ძროხასთან დიდი ხანი ვასოცირებდი. ჩემი მეზობლები სწორედ ამ პრინციპით ურჩევდნენ სახელებს ახალდაბადებულ ხბოებს – მაისა, მარტა, ივლისა და აპრილა იმდენ ძროხას ერქვა, დაძახებაზე აღარც რეაგირებდნენ.

05705a273288e5d79375a3a01ac9dced„ეს ჩემი უმცროსი ვაჟკაცია“ – ასე აცნობდა მამაჩემი ჩემს თავს ხალხს. მე კი, ნაძალადევად ვიკრიჭებოდი და საკუთარ თავთან უხერხულობის დასაძლევად ყოველთვის ერთსა და იმავე ხუმრობას ვამბობდი – რომელ ბიჭს არ ვჯობივარ, რო?! მერე კი ჩემთვის ვბრაზობდი, ბიჭად რატომ არ დავიბადე, რატომ გავუცრუე ხალხს იმედი-მეთქი. გოგოდ ყოფნა ხომ ასეთი ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გელოდებიან. უფრო მეტად კი მაშინ, როცა საქართველოში, თანაც ტრადიციულ ოჯახში იბადები.

ბიჭობა უფრო ადვილია მეთქი-ბავშვურად ვფიქრობდი – მას უფრო დიდი ხნით უშვებენ ეზოში – ომობანა უნდა ითამაშოს, ამ დროს კი გოგო თანაკლასელებისთვის ერთი-ორი წლით გასასწრებად უნდა მეცადინეობდეს. ბიჭს საჭესთან ჯერ კიდევ მანამდე სვამენ, სანამ თავისით ჭამას ისწავლის. ბიჭს საკუთარი რეზინის ფეხსაცმელი აქვს, სპეციალურად ყურძნის დასაწურად, ფეხის თავისუფლად გაშლას როგორც კი შეძლებს, იმ დღიდან. ბიჭს მამის ძმაკაცები გინებას ასწავლიან. ბიჭებს თმებს პარსავენ. ბიჭს მამები სიგარეტს ჩრიან პირში. ბიჭი ბიძებს „ქალებში მიჰყავთ“…

გოგო კი, მოკლე კაბიანი ბოზიაო, წითელპომადიანი და „წითელმანიკურიანი“ ბოზიაო. ,,ჯერ ყავა სვი და მერე ყურში ჩამაფერფლეო.“ სიგარეტიანი ქალი ბოზიაო. ყურძნის დაწურვა მოვინდომე, რა ქალის საქმეაო. მანქანის მართვის სწავლა მოვინდომე, ქალი დებილია, „რულის ტრიალი“ რა მისი საქმეაო. სუფრასთან ლაპარაკი რა ქალის საქმეა, გაჩუმდიო. კაცების საქმეში ნუ ერევიო. ბილწსიტყვაობისთვის ტუჩებში მომხვდა, და არამარტო. კალათბურთის თამაში მინდოდა, გოგო ხარ თუ თხაო. თმის გადაპარსვა მინდოდა, თმაგადაპარსული ქალი ან ბოზია, ან მონა, შენ აირჩიეო.

დრო გავიდა. ერეკლე არ მქვია და უფრო მეტიც, 8 მარტსაც მილოცავენ. ოჯახი შეეგუა იმას, რომ ბიჭი არ ჰყავს, მაგრამ მამაჩემი 20 წლის ასაკშიც კი „ჩემი ვაჟკაციაო“, ხალხს ასე მაცნობს. ცოტა ხნის წინ, სწორედ ასე უთხრა ერთ შუახნის კაცს.  უცნობს ქუდი ყურებზე ჰქონდა აკეცილი, აი ისე, ყანაში მუშაობისას რომ იციან ხოლმე. ტყავის ქურთუკის ქვეშ, ასევე ტყავის ჟილეტი ეცვა, რომელიც უზარმაზარ ღიპზე შემოტკეცოდა. აქამდე მეგონა, ერთი ბაბუა მყავდა და მეორე – ცხონებული, მაგრამ ის კაცი ისე დამეტაკა და ამირან ბაბუა ვარო მითხრა, უკან დახევაც ვერ მოვასწარი, მოულოდნელობისგან თავზარდაცემულმა.

კაცს ხელში სათვალე ეჭირა და მისი ტარისთვის ახალი ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული – არც მეტი არც ნაკლები, ყურების ჩიჩქნა/წმენდა. ამ საზარელი სანახაობის შემხედვარეს, მასთან მიახლოების ყოველგვარი სურვილი გამიქრა და რამდენიმე მეტრიანი დისტანცია დავიჭირე, მაგრამ ვინ მაცადა თავდაჭერა. მერე მამაჩემს მიუბრუნდა და გამომწვევი ტონით ჰკითხა: „შენ ისევ ორი გოგო გყავს ხო?“ ჰო, არ მიმიმატებიაო, მამაჩემმა. „ბიჭი??“ –  ჩაეკითხა ცნობისმოყვარე ამირან „ბაბუა“ და მეორედაც, რაღაცნაირად დანანებით გაიმეორა – „ბიჭი?“

დღეს 8 მარტი ისევ არ მომილოცა მამაჩემმა..

One thought on “როგორ გადავურჩი ერეკლეობას

  1. კაი, მაგაზე არ იდარდო. მე 23 წლის ვარ და მარტო რამდენიმეჯერ თუ მოულოცავს მამაჩემს 8 მარტი. ისე მეც რომ დავიბადე, დედის მშობლებისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და პაპაჩემს ასე უთქვამს ჩემზე კიპაჭო შვილიშვილიაო, რადგან გოგოს მხრიდან ვიყავი და მისი გვარის გამგრძელებელი არ ვიყავი, ნაღდი ის იქნებოდა რომელიც ბიჭისგან ეყოლებოდა. ეს ამბავი ცოტა ადრეულ ბავშვობაში რომ გამეგო შეიძლება გულში ჩამედო, მაგრამ როცა გავიგე უკვე წამოზრდილი ვიყავი და ძალიანაც ვუყვარდი, მეც ძალიან მიყვარდა და რომ გარდაიცვალა მთელი გულით განვიცადე. მარტო ხანდახან ხუმრობით ვუხსენებდი, როგორ თქვი მაშინ-მეთქი?! რას იზამ, ის უხარიათ გვარის გამგრძელებელი თუ დაიბადება. მამებსაც და პაპებსაც; თუმცა მე თუ მკითხავ და ალბათ ცოტა უფრო შეგნებულ-აფიქრებული მშობლისთვის კარგი შვილი გოგოც კარგია და ბიჭიც.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s