ვინ გვართმევს ქართველობას?

ავტორი: ნიკა ბახსოლიანი

საქართველოს რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს უკვე ცნობილი ამბავია. ასოცირების ხელშეკრულება მართლაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

მაგრამ მაინც რაღაც ისე ვერ არის…

საქმე ისაა, რომ არსებობს ათასგვარი ხმა თითქოს ეს ყველაფერი „გადაგვაგვარებს,“ ისედაც ორ კინკილა ხალხს მიწისაგან აღგვის და „მეობას დაგვაკარგვინებს“.

GRUრა არის ევროკავშირი? ეს არამარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური, არამედ კულტურათა გაერთიანებაცაა. ერთიანი სავიზო პოლიტიკა და სხვადასხვა პროგრამები ხელს უწყობს წევრ ქვეყანათა მოქალაქეების ერთმანეთთან გაცნობას და დაახლოებას. დღესდღეობით სავსებით ბუნებრივია ჩრდილოაფრიკელი ცხოვრობდეს ფრანგის, ინდუსის ან ინგლისელის მეზობლად ევროპის რომელიმე ქალაქში. სინამდვილეში, ის მოარული აზრები, რომელიც ჩვენშია, ევროპელებშიც არსებობდა. ბოლოსდაბოლოს სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, 1947 წელს ჩერჩილმა თქვა – „რა არის ევროპა ახლა? – რიყის ქვების გროვა, აკლდამა, ნოყიერი მიწა მოარული სენისა და სიძულვილისა.” მაშინ ურთულესი იყო იმის წარმოდგენა და დასიზმრებაც კი, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის მშვიდობა და ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკა დაისადგურებდა.

„გადაგვარება“, „ქართველობის წართმევა“, „გადაშენება“…

მოდით, განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები. ალბათ, ზოგადად მათში კულტურის გადაგვარებას და/ან დაკარგვას მოისაზრებენ.

კულტურა რთული ცნებაა, რომელსაც უამრავი განსაზღვრება აქვს. მარტივად, კულტურა სამყაროს რაიმე სპეციფიკური ჯგუფისეული აღქმაა. მასში მივათვლით ენას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ხელოვნებას და ა.შ.

ქართველებს რომ კულტურათაშორიდიალოგი გვიჭირდეს გასაკვირი არ არის, რადგან ხშირად ჩვენი კულტურის კბილებით დაცვა გვიწევდა. შორს რომ არ წავიდეთ, სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ გაერთიანებულნი ვიყავით კავშირში, რომლის რეჟიმიც ცდილობდა ერების გარუსებას, ზემოხსენებული ღირებულებების შეზღუდვას და ინდივიდუალიზმის, კულტურის მასაზრდოებელი ელემენტის მოსპობას.

ჩვენ მცირე ერი ვართ, ამიტომ ისიც ბუნებრივია, როცა ქვეყანათა კავშირში შესვლაზე ვლაპარაკობთ, ავტომატურად ჩვენი ეროვნულობისა და კულტურის დაკარგვაზე ვფიქრობთ.

საინტერესოა, რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა ევროკავშირის მიმართ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ იმის ილუზია არავის აქვს, ჩვენი ურთიერთობა მათთან ჩვენთვის ცალმხრივად დადებითი იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის გაერთიანება, რომელიც პატივს სცემს და აფასებს სამართალს, შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, პატივს სცემს ინდივიდუალიზმს, ადამიანის უფლებებს და მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება დემოკრატიის ბაზისზე დგას.

ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ კულტურა უნიკალური საუნჯეა და უნდა მოვუფრთხილდეთ. საინტერესო ფაქტია, რომ ამაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც შეთანხმდნენ და თანაც დიდი ხანია. მეტიც, კულტურული მრავალფეროვნება იყო ის ერთ-ერთი ფუძისეული ღირებულება, რაზეც ეს გაერთიანება აშენდა. ევროპული იდენტობა არ ანაცვლებს ეროვნულ კუთვნილებას, იგი მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქის იდენტობის კიდევ ერთი „შრეა“.

საქართველო გაუცხოებულია დასავლეთთან ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ამას „რკინის ფარდასაც“ დავუმატებ, იგი წლების განმავლობაში უშუალო გეოგრაფიულ ბარიერს წარმოადგენდა. უცხოს ფენომენს ადვილად მივყავართ შიშამდე. შიში და ინფორმაციის ნაკლებობა კი სტერეოტიპების ფორმირებას უწყობს ხელს. შიში და უცოდინრობა მანიპულირებისადმი მოწყვლადს გვხდის. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი იყენებს ამ იაფფასიან პლატფორმას ასეთი სტერეოტიპების გასაღრმავებლად და საბოლოო ჯამში, დასავლეთისგან ქართველების დასაშორებლად. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ბერკეტს ის გარე ძალები იყენებენ, რომელთაც ადამიანი სათამაშოებად მიაჩნიათ და არა ფასდაუდებელ ღირებულებად. რაკიღა უკვე შევთანხმდით, რომ ადამიანი ასაზრდოებს კულტურას, მარტივად დავასკვნით, რომ არც კულტურა წარმოადგენს მათთვის აპოთეოზს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s