ბულინგი – „ქუჩის სკოლის“ გაკვეთილები

ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

ბულინგი – სიტყვა, რომლის მნიშვნელობა  ბევრმა შესაძლოა არც კი იცის. თუმცა, მისი კონტექსტი ახსნის შემდეგ ყველასთვის გასაგები და ცხადი ხდება. ტერმინი „ბულინგი“ განიმარტება, როგორც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებული ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. მოკლედ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, „ქუჩის სკოლა“, რომელიც, ნებით თუ უნებურად, ყველას გავლილი გვაქვს.

არავისთვის იქნება, ალბათ, უცხო ფრაზები – „5 ლარს ვაგროვებთ, ბიჭებს თავანი გვაქვს“, „ხო იცი, არ მიყვარს გოგოს ფულს რომ ვთხოვ, პროსტა მართლა ძაან მჭირდება“ და სხვა მრავალი. გოგონებზე აქცენტს შეგნებულად ვაკეთებ, რადგანაც ძირითადად ჰგონიათ ხოლმე, რომ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ ბიჭები არიან და ეს ძალადობა, უმეტესად, ფიზიკური ზიანით გამოიხატება. არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, მსხვერპლი, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი გამხდარიყო.

corporal2ჩემს სკოლაში, მაგალითად, „ქუჩის ინსტიტუტი“ ნამდვილ მაფიოზურ კლანად იყო ჩამოყალიბებული. ვიღაც „გლავნს“ ფული სჭირდებოდა და იერარქიული პრინციპით მოქმედი პატარ-პატარა ჯგუფები თითქმის ყველა კლასში იყვნენ თავანის შეგროვების პროცესში ჩართულნი. ჩემნაირი გოგონები და ბიჭები კი იძულებით, სირცხვილით, სიყვარულითა თუ უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ხელის არ გაწვდენა ასეთ სიტუაციაში „ტეხავდა“, ხშირად ვხდებოდით გაუცნობიერებელი მსხვერპლნი. არც თუ იშვიათად თავანის ჩაბარების პროცესი სირთულეებს აწყდებოდა და სკოლის გვერდით ე.წ. ”არკაში“ ჩხუბი, ცემა-ტყეპა, გინება და ერთმანეთის შემთხვევით თუ საგანგებოდ დაჭრა-დასახიჩრებაც კი აღარავის უკვირდა. გამოუვალ მდგომარეობას ისიც ემატებოდა, რომ შიშით ხმას ვერავინ ვიღებდით მიუხადავდ იმისა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით. მოკლედ, „ძველი ბიჭური“ თავის დამკვიდრების პრინციპი ქართულ მენტალობაში იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ თავს დღეს, ჩვენს თანამედროვე რეალობაშიც საკმაოდ ხშირად და მცირეწლოვან ასაკშიც კი იჩენს ხოლმე.

ეს ამბავი კიდევ ერთხელ გამახსენა „რუსთავი 2“-ზე გასულმა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“. ბოლო სერიები სწორედ სკოლაში ბულინგს ეხებოდა.  ვხედავთ მსხვერპლს, რომელსაც მატერიალურად და ფსიქოლოგიურად დააზიანებენ უფროსკლასელები. ეს მსხვერპლი კი სულ ცოტა ხანში თავად ხდება მოძალადე და ის აგრესია, რომელიც შინაგანად დაუგროვდა და უფროსკლასელებთან ვერ გამოხატა შიშისა თუ გაუბედაობის გამო, გადააქვს საკუთარ თანაკლასელზე, რომელიც იმ სიტუაციაში სხვებთან შედარებით სუსტად მოეჩვენება.

რას აკეთებენ ასეთ დროს მშობლები და მასწავლებლები, რომელთა გადაწყვეტილებები, რეალურად, მსგავს შემთხვევებში ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე? ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ სიტუაციის სირთულე და პრობლემის გადაჭრის გზებზე მშვიდად და ერთსულოვნად იმსჯელონ, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს – მასწავლებლები ადანაშაულებენ ბავშვს, რომელიც რეალურად მსხვერპლია; დირექცია თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდა და ყველაფერი, ასე თუ ისე, მშვიდობიანად, „ციხის გარეშე“ დასრულდა. პარადოქსულია ის ფრაზა, რომელსაც დირექტორი სერიალში ამბობს – „ისედაც ამდენი პრობლემა მაქვს სკოლაში და ეს ბავშვებიღა მაკლდნენო“.

მაყურებელი, ალბათ, მხოლოდ იმას ფიქრობს, რა შეიძლება სკოლაში ამაზე დიდი პრობლემა იყოს; ერთი დაზარალებულის დედა კი მდგომარეობას უფრო მეტად ამწვავებს და წარმოაჩენს სწორედ ისეთი გაუწონასწორებელი მშობლის მაგალითს, რომელსაც ნერვული სისტემა მთლად მწყობრში ისედაც არ აქვს, პრობლემები ოჯახში ნამდვილად არ აკლია, რაც ბავშვისთვის შეიძლება ძალიან ცუდი მაგალითი იყოს და სწორედ ამან უბიძგოს მომავალში ძალადობისკენ; მეორე ბავშვის დაბნეული მშობლები კი, ასე თუ ისე, ყველაზე მეტად ცდილობენ პრობლემის მოგვარებასა და სიტუაციაში გარკვევას, თუმცა ერთი მეორისათვის უყურადღებობის დაბრალებით ავიწყდებათ შვილი – ამ ქაოსის ყველაზე დიდი მსხვერპლი.

ბავშვი კი, რომელსაც არ ჰყოფნის არც ძალა, არც ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა, თუ როგორ უნდა დააღწიოს ამ ყველაფერს თავი – იკეტება საკუთარ პრობლემასთან ერთად, ცდილობს გაექცეს რეალობას და იმედი მშობლებისა, რომლებიც მხარში უნდა ედგნენ, შიშად გადაექცევა, კიდევ უფრო არ დასაჯონ იმის გამო, რაც რეალურად მისი ბრალი საერთოდ არაა.

ზოგმა კი ამ ყველაფერში, შესაძლოა, საკუთარი თავიც კი ამოიცნოს. დღესდღეობით მიუხედავად სკოლებში მიმდინარე გარკვეული ცვლილებებისა, ქუჩური მენტალიტეტის აღმოფხვრა და მისი ზეგავლენის შემცირება მოზარდებზე მაინც საკმაოდ რთულია. ბულინგი, რომელიც უწყინარი ხუმრობიდან დროთა განმავლობაში ძალიან საშიშ საფრთხედ შეიძლება მოგვევლინოს, არაერთი ბავშვისთვის კვლავ ყოველდღიურობის ნაწილია. ის „ქუჩის სკოლის“ გაკვეთილები კი, რომელთა გახსენება ამ წუთას მე ღიმილს მგვრის, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდისათვის ტრაგიკულად დასრულებულა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s