რატომ არ ვენდობით საჯარო სექტორს?

ავტორი: თედო სანიკიძე

ქართულ საჯარო სექტორზე საუბრისას უმეტეს ჩვენგანს პირველად  ალბათ  „ნაკურთხი პრემიები“ და „მირონცხებული დანამატები“ ახსენდება. ადამიანები არაცნობიერად ამგვარ უპასუხისმგებლო და მომხვეჭელურ ფაქტებს მთლიან სექტორზე ანზოგადებენ ხოლმე, რაც კიდევ უფრო აკნინებს ამ ინსტიტუტისადმი ნდობასა და მის ავტორიტეტს საზოგადოების თვალში.

საჯარო სექტორის მიმართ უნდობლობის ასახსნელად რამდენიმე ფაქტორი გამოდგება.

ერთი ესა იმ ადამიანთა შესაბამისი განათლება და გამოცდილებაა, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ „დიპლომი“ ყველას აქვს, მაინც დგას კვალიფიკაციის პრობლემა მთელ რიგ დაწესებულებებში (განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებში). რა უშლის ამ სფეროს მოხელეებს ხელს იმაში, რომ გამოცდილება დააგროვონ? – პასუხი მარტივია –  არასტაბილური სამუშაო.  იმის მოლოდინი, რომ მოხელე მომავალი არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ დატოვებს თანამდებობას,  სამუშაო ადგილების არასაიმედოობა და არასტაბილურობის განცდაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც ამცირებს ინსტიტუციურ ცოდნას და ხელს უშლის ამგვარი გამოცდილების დაგროვებას ქვეყანაში. ეს კი მთელ საზოგადოებას ბუმერანგივით უბრუნდება არაპროფესიონალი კადრების მიერ ჩადენილი „გმირობების“ სახით.

ამავდროულად შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ „ახალი მთავრობა“ დამლაგებლიდან დაწყებული დეპარტამენტების უფროსებით დამთავრებული, თითქმის ყველას ცვლის,  მიზეზი მრავალგვარია – „რეორგანიზაცია“, „პირადი განცხადება“, „სამართლიანობის აღდგენა“, თუ სხვა. თუმცა თითქმის არ მსმენია, ვინმე დაბალი კვალიფიკაციის ან არაეფექტური ქმედებებისათვის გაეთავისუფლებინოთ.

საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა ერთმანეთშია არეული, არადა წესით ადმინისტრირება პოლიტიკის სეფროს მიღმა უნდა იყოს.

„ადმინისტრაციული საკითხები პოლიტიკური საკითხები არა არის. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა უსახავს მიზნებს ადმინისტრაციას, ეს უკანასკნელი არ უნდა დაზარალდეს მისივე ოფისებით მანიპულირების გამო“ (Wilson, 1887, გვ. 210).

ეს ნიშნავს იმას, გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებენ, მათი შესრულება კი პოლიტიკურად ნეიტრალურ, პროფესიულ  ბიუროკრატიას ევალება.

სწორედ ინსტიტუტების ერთმანეთში აღრევის გამო, ყოველი არჩევნების შემდგომ, არჩეული თუ დანიშნული თანამდებობის პირები იწყებენ საჯარო სამსახურებში „საკუთარი გუნდის“ მოყვანას და თითქოს ეს ასეც უნდა იყოსო, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. თუმცა, აქ  პარადოქსული ისაა, რომ იმათაც კი, რომლებსაც ითხოვენ სამსახურის დაწყებიდან მოყოლებული აქვთ განცდა, რომ პოლიტიკური პარტიის ან ხელმძღვანელის შეცვლის შემთხვევაში მათ დიდი ალბათობით „წასვლა“ მოუწევთ და გარკვეულწილად ამ ფაქტს წინასწარ არიან შეუებულები.

ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოხდება პროფესიონალი კადრების მოზიდვის ღონისძიებების გატარება, შემდგომ კი  მათთვის სტაბილური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და ეს წესები გავრცელდება ყველა სტრუქტურაზე. აქ ალბათ პირველი, რაც გვახსენდება საჯარო სამსახურის ბიუროა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის კოორდინირებაზე პასუხისმგებელი ორგანოა, თუმცა ის ბევრს ვერაფერს აკეთებს, რადგან ყოველი უწყება საკუთარ საკადრო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს. ამ პრობლემის გადაჭირს ერთერთი გზა შესაძლოა ამ ორგანოს უფლებამოსილების გაფართოება იყოს, აგრეთვე სხვადასხვა სტრუქტურების საკადრო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მეტი ჩართულობისა და მისი შესრულების კონტროლის შესაძლებლობის მიცემა.

მეორე ფაქტორი საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესებისადმი  საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონე და გულგრილობაა.

საჯარო მოხელეებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ანარეკლია, ისინიც იმ დამოკიდებულებებისა და დამკვიდრებული „ტრადიციების“ უნებლიე დამცველებად და შემსრულებლებად გვევლინებიან. ერთნი „ყავის სმისა და ჭორაობის ტრადიციის“ მიმდევარნი არიან, მეორენი „სანამ თანამდებობა გაქვს, რაც შეიძლება ბევრი იშოვე“, მესამენი „კი მინდა რამე გავაკეთო, მაგრამ ზემოდან არ მაძლევენ საშუალებას“  სხვები კი „თვის ბოლოს ხელფასის მიღებისთვის დადიან“ ანაც „ნათესავები უფრო სანდოა და მხოლოდ ისინი უნდა დაასაქმო“ მიდგომას მისდევენ.

ამ მანკიერების შემცირებას უფრო გრძელვადიანი და რთული პროცესი დასჭირდება, ვიდრე ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას, რამეთუ აქ საქმე ადამიანთა დამოკიდებულებებსა და სტერეოტიპებთან გვაქვს, რაც ასე მარტივად არ იცვლაბა (ზოგჯერ საერთოდ არა). შესაძლოა, ამას თაობათა ცვლამ უშველოს და სხვა გარემოსა და რეალობაში დაბადებულმა თაობამ უკეთ გაართვას თავი. თუმცა თუ დღესვე არ გადაიდგა ნაბიჯები გაჯანსაღებისკენ „სხვა რეალობა“ უბრალოდ  არ დადგება და მომავალი თაობაც იმავე მოჯადოებულ წრეზე გააგრძელებს სვლას.

office-1სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, პოლიტიკური კულურის არცთუ მაღალი დონე და მანკიერი პოლიტიკური სისტემაა იმის მიზეზი, რაც აფერხებს საჯარო სექტორის განვითარებასა და მდგრად ინსტიტუტად ჩამოყალიბებას, რაც  წარმატებული სახელმწიფოს შექმნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s