ღმერთო! – პასუხი არ არის

ავტორი: მაიკო ჭანტურიძე

-ღმერთო!

პასუხი არ არის.

-ღმერთო!

პასუხი არ არის.

-ღმერთო!

პასუხი არ არის.

ფეისბუკზე მეგობარს რომ ვწერ, seen ეწერება, ის კი პასუხს არ მიბრუნებს, მწყინს. ასე ხდება მაშინაც, როცა ღმერთი არ მპასუხობს.

პირველი წყენა მერვე კლასში მქონდა. ჩემს სკოლელ ბიჭზე უიმედოდ შეყვარებული ღმერთს ნიშანს ვთხოვდი იმის მისახვედრად, ვუყვარდი თუ არა მასაც. საბანში გახვეულს, ცრემლები ღვარღვარით ჩამომდიოდა სახეზე და მეზობლის დენიკინის დროინდელი პარკეტის ყოველი გაჭრაჭუნება იმედისომცემად მეჩვენებოდა. ერთხელ კიდევ, ამ ჩემს უკვე ნახსენებ მეზობებს სკამი რომ გადაუვარდა ჩემი ლოცვის დროს, ისეთი ბედნიერი ვიყავი ღვთის ნიშნით, ლამის იყო კიდობნის აშენება დავიწყე, თავი უფლის რჩეული მეგონა. მაშინ ღმერთი შეცდა.

when-God-is-silent-e1376918478386-1024x616ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ რომ მკითხოთ, წერა როდის ისწავლეო, დეტალურად მოგიყვებით, როგორ ვიჯექი საწერ მაგიდად გადაკეთებულ საუთაო მაგიდასთან და უფროსი დის „მასწავლებლობანაში“ მოსწავლეობანას ვთამაშობდი. ისიც კარგად მახსოვს, პირველად როდის დამაჭერინა მასწავლებელმა ხელში საკუთარი თმის ბღუჯა. დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვერაფრით გამიხსენებია, როდის ვისწავლე „მამაო ჩვენო“. ზოგჯერ მგონია, ამ ტექსტის ცოდნა დაბადებიდან დამყვა-მეთქი (უკვე ხომ ვთქვი, რომ თავი ნოე მეგონა).

ისეთ ბაღში დავდიოდი, სხვები რომ შაკირას და ჯენიფერ ლოპესის ჰიტებზე აქიცინებდნენ უკანალებს, მე დილის ლოცვების თანმიმდევრობა ზეპირად ვიცოდი. მოკლეტოპიანი ჩირლიდერის ნაცვლად კი წამებული ქეთევან დედოფლის როლს ვასრულებდი ისეთი კაბით, ახლაც კოჭებამდე მაქვს.

მეშვიდე კლასში კი საქმეს ასაკისთვის „შესაფერისად“ სერიოზულად მივუდექი და მოძღვარი ავიყვანე. ვცდილობდი, ის მოვქცეულიყავი, აღსარების წიგნში ჩამოწერილი ცოდვებიდან რაც შეიძლებოდა ნაკლები რომ მქონოდა სათქმელი და ზიარების შანსიც გამეათმაგებინა. უკვე ისიც დანაშაულად მიმაჩნდა, ბებიაჩემი რომ სერიალს უყურებდა, იმ ოთახში ვმჯდარიყავი და ცალი ყურით მაინც მომესმინა ხუანის, ფიორელას, მარია ელენას თუ დონა ბარბარას ამბები. ის კი არა, მთელი ცხოვრება რომ პიჟამოებში მაქვს გატარებული, ახლა დედაჩემს ვეხვეწებოდი, პერანგი ეყიდა ჩემთვის (შარვლის ჩაცმა ხომ, ლამის, მიუტევებელ ცოდვად მიმაჩნდა).

შარვლისადმი ჩემი დამოკიდებულება, ისევე როგორც მღვდლებისადმი ერთ დღეს რადიკალურად შეიცვალა. სკოლიდან მეგობრებთან ერთად მოვდიოდი, როცა გზად ერთი საეკლესიო პირი შემოგვხვდა. სიმკაცრით ცნობილმა მღვდელმა ხელი მომკიდა, თვალი თვალში გამიყარა და მბრძანებლურად მითხრა, დაიფიცე, რომ შარვალს აღარასდროს ჩაი;ცვამო. ეკლესიის მსახურებს კი დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ არც იმდენად, შარვალი საბოლოოდ რომ დამეთმო. არა, რასაც არ გავაკეთებ, იმაზე რატომ უნდა დავიფიცო-მეთქი ვუთხარი, ხელი გამოვტაცე და გავიქეცი. მას შემდეგ გადმოვალაგე პიჟამოები და გადავალაგე დამოკიდებულებები რელიგიისადმი.

მას შემდეგ ყოველ წელს მაკლდებოდა ის სიხარული, რაც ვიცოდი, რომ საეკლესიო დღესასწაულებს უნდა ხლებოდა. ვხედავდი, რომ წლიდან წლამდე აღდგომის თუ შობის აღსანიშნავად უცვლელი მხოლოდ ჩემი ოჯახის მენიუ და საკლავის თანმიმდევრობა იყო: ქათამი, ინდაური, კურდღელი, გოჭი… ვხედავდი, ჩემი მოძღვარიც უფრო და უფრო მოწყენილი და რუტინაში ჩაფლული ხდებოდა. ვამჩნევდი, წლიდან წლამდე თვალები როგორ უღამდებოდა და ის სხივი, პირველი შეხვედრისას რომ ედგა თვალებში, სადღაც გამქრალიყო. ვხედავი, ყოველი წირვა-ლოცვა საჯარო სამსახურში მუშაობას ჰგავდა, ყოველი შემდეგი აღსარება კი სამუშაოს აუცილებელი ნაწილის შესრულება იყო. ისიც ჩემსავით მარტო მაშინ ამოისუნთქავდა ხოლმე თავისუფლად, როცა უკანასკნელად იტყოდა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ!“

ამბიონზე ყოველი გამოსვლისას მის მზერას ვიჭერდი და ვხედავდი, როგორი დაღლილი იყო ამ ყველაფრისგან. ვგრძნობდი, ზუსტად იცოდა, როგორ მესმოდა მისი და ვუთანაგრძნობდი. თვალს თვალში ჯიქურ გავუყრიდი ხოლმე და ვანიშნებდი, საერთოდ არ მესმის ამ ლოცვების არსი, გარეთ მინდა, მეც შენსავით ყელში ამომივიდა ყველაფერი-მეთქი.

ვიდექი ლოცვაზე თუ წირვაზე და ღმერთის ნაცვლად მედავითნეს ლუღლუღზე ვფიქრობდი. ვხედავდი, მისი ფურთხის ნაპერწკლები სახარებას როგორ ასველებდა, ბილწავდა და გული მერეოდა. ვფიქრობდი, რომ არც მე და არც რომელიმე იქ მდგომს არ ესმოდა ლოცვის არსი. არ ესმოდა ის, თუ რატომ იდგა აქ. მაგრამ იცოდა, თუ ღმერთთან მივიდოდა, თავისი კეთილი გულით, ისიც სამაგიეროს გადაუხდიდა და ჯანმრთელად ამყოფებდა, დიდხანს აცოცხლებდა, ბევრი ფული ექნებოდა, შვილებს და შვილიშვილებს გაუხარებდა და სასმელ-საჭმელი (რაც მთავარია) არასდროს მოაკლდებოდა…

ვხედავდი ბიჭების თვალებს მოკლეკაბანი გოგოების დანახვაზე. იმ გოგოების კაბებს ქვემოთ-ქვემოთ რომ ექაჩებოდნენ (არ ჰქონდა მეტი სიგრძე და ნეტა რას ირჯებოდნენ?!) ვხედავდი, როგორ ალეწავდა ხალხი ერთმანეთს თავ-პირს იმის გამო, რომ ნაკურთხი წყლის წვეთი მოხვედროდა. „აქეთ, მამაო, აქეთ!“ – იძახდნენ და რაც უფრო სველი იყო მათი ტანსაცმელი, უფრო დიდი სიხარული მოჰქონდა. „უფრო მეტი ზეთი წამისვი, მამაო!..“ – ეს ფრაზაც ხშირად მომისმენია.

მესმოდა, რომ „მგალობლები“ მღეროდნენ და არა გალობდნენ. თანაც საოცრად უკმაყოფილოები ჩანდნენ ჭორაობის შეწყვეტა რომ უხდებოდათ. ვხედავდი, სტიქაროსნები როგორ ღლაბუცობდნენ და თავზე ხელის წამორტყმითა და პანღურებით მიერეკებოდნენ ერთმანეთს საქმისკენ. თუმცა, იმასაც ვხედავდი, როგორ შესთავაზებდა ხოლმე სანთელს შუა ხნის ქალბატონი მას, ვისაც სახარების წაკითხვის დროს ანთებული არ ეჭირა ხელში (ეს ეკლესიაში დაუწერელი კანონივითაა).

ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. კარგა ხანს არ გამახსენდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. მანქანის საჭესთან მჯდომმა ჩემმა მეგობარმა სინათლის სიჩქარეზე ოდნავ ნელა გადაიწერა პირჯვარი (მანქანა მოადგა უკან), თანაც სამჯერ. თვალის შევლება ძლივს მოვასწარი, დაფიქრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მერე კი, ეკლესია დავინახე და ყველაფერს მივხვდი…

რამდენი წელია პირჯვარი აღარ გადამიწერია ღვთის სახლთან ჩავლისას? რამდენი წელია რაც „რედისონის“ და ეკლესიის დანახვაზე ერთნაირად ვრეაგირებ, ანუ არანაირად? როდის გამიცივდა გული? ნეტა, ეკლესიაში ეს უაზრო ყოფა ისევ გრძელდება? შობა, აღდგომა, მარიამობა, ნათლისღება და ისევ ერთი და იგივე…

იმედები აღარ მიცრუვდება. უფრო, მწყინს ხოლმე. ღმერთი ისევ ცდება, ხანდახან..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s