რაღა დროს ჩემი ველოსიპედია?!

ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე ბევრი ამ საკითხს, რაზეც ახლა ვწერ, საკმად არასერიოზულად უყურებს ხოლმე. არადა, ველოკულტურაზე, უფრო სწორად კი უკულტურობაზე ხაზგასმისას, პირველ რიგში, ისევ და ისევ, ქართულ დამახინჯებულ მენტალიტეტს ვეხები ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ბევრისთვის გაუგებარია.

ველოსიპედი – ზოგისთვის ბავშვობასთან ასოცირდება, ზოგისთვის დღემდეა გართობისა და მეგობრებთან ერთად დროის გატარების საშუალება, საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენი დედაქალაქი ნამდვილად არ ქმნის ამ კომფორტს, თუმცა ველომოყვარულები, მიუხედავად ბევრი ბარიერისა, საყვარელ მეგობარს მაინც არ ღალატობენ ხოლმე.

unnamedსაქართველოში, ასე ვთქვათ, საველოსიპედო ქალაქი ხონი და სამტრედიაა. შეიძლება ბევრს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ჩემს გონებაში დაუვიწყარ მოგონებადაა ჩაბეჭდილი ველოსიპედზე შემომჯდარი ბაბუ, რომელიც ხონის ქუჩებში ნახირს მიერეკებოდა. მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, ყველას ველოსიპედით მოსიარულეებს რომ ვხედავდი. თბილისში კიდევ ველოსიპედით სიარული ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეს საქმეს ეხება ხოლმე.

იმ დილითაც ველოსიპედით წავედი. დიდი მანძილის გავლა, არ დამცალდა, გზა გადამიჭრა შავჯიპიანმა, შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა, რეიბანებიდან რაღაცნაირად მომზირალმა ყმაწვილმა. გვერდზე თავისივე ასლი ეჯდა. მსგავსი რეაქციისთვის შინაგანად უკვე მზად ვიყავი. შემოვბრუნდი და გზა განვაგრძე.

შემოვუხვიე აკურის, ალექსიძის თუ ასლანიძის ქუჩაზე. დღემდე არ ვიცი, რომელი მათგანია. ალბათ, არც იმ არქიტექტორებმა იციან, ვინც ეს უბანი დააპროექტა. სავალ ნაწილზე, ტროტუარებსა თუ სუპერმარკეტების შესასვლელთან გაჩხერილი მანქანების მწკრივში ძლივს, ვაივაგლახით მოვახერხე გაძვრომა. გონებაში იმაზე ვფიქრობდი, სად წავსულიყავი, სად იყო ველოსიპედებისთვის ადგილი ამ ქალაქში. ფიქრებიდან ერთ-ერთი დანჯღრეული მანქანის, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ჯართის გროვას, გამონაბოლქვმა გამომიყვანა. გვერდით რომ გიჟივით ჩამიარა მაგას აღარ დავეძებდი. სასუნთქი სისტემა ისე გადამეკეტა, გავჩერდი სულის მოსათქმელად და წყლიდან ამომხტარი თევზივით ვფართხალებდი. მოკლედ ასე, უკვე საკმაოდ შეწუხებულმა გავაგრძელე გზა. იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი.

გავედი კოსტავაზე. გავჩერდი შუქნიშანთან გზის კიდეში რომელიმე თავაწყვეტილ მძღოლს რომ არ გავეტანე, თუმცა აგრესიას მაინც ვერ გადავურჩი და როგორც კი მწვანე აინთო, ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა სიგნალების რისხვა დამაყარა, რადგან, თურმე, მესამე ზოლიდან პირველ ზოლში გადმოხტომისას კლიენტთან მისასვლელი გზა გადავუკეტე.

ასე ათასგზის იმედგაცრუებული გადავედი გზიდან ტროტუარზე. აქ მანქანები არა, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა პროტესტით აღსავსე მზერები შემეჩეხნენ. სამჯერ თუ ოთხჯერ ბიჭების დაღრეჯილი, დამცინავი სახეებიც არ ამცდა. გატარებით ხომ არავინ გამატარებდა, სულ რომ ხეს ან ღობეს დავჯახებოდი, მთავარი იყო, თვითონ გაევლოთ კომფორტულად. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ ერთმა ქალმა თითქოს ჩემს გასაგონად სულაც არა, თავისთვის ჩაიბურდღუნა – მანქანები არ გვეყოფოდა ტროტუარებზე, ეს ველოსიპედებიღა გვაკლდნენო.

მოკლედ, ჩემმა რომანტიკულმა პათოსმა ისევ ღრმად მიიძინა. წინა შემთხვევაში ასეთი იმედგაცრუების შემდეგ რამდენიმე თვე ველოსიპედით გარეთ საერთოდ აღარ გამოვსულვარ. ახლაც ბოლო წვეთი და ჩემი სეირნობის დასრულება ისევ და ისევ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დამსახურება იყო. საშინელი აგრესიით, ლანძღვა გინებითა და ჯაჯღანით მომაძახა – „რაღა დროს შენი ველოსიპედია გოგო, ძირს გადმოეთრიეო“. კარგად რომ წამომეწია, ეს არ მაკმარა და კინაღამ ისე გადამიარა, ალბათ, როგორც იტყვიან, „ასფალტიდან ვეღარავინ ამფხეკდა“.

აი, ასე, მთელ სამყაროზე გაბრაზებული წამოვედი სახლში. ვიცი ეს გაბრაზება რომ გადამივლის, ალბათ ისევ გავალ ჩემი ველოსიპედით თბილისის ქუჩებში, ისევ დამეცემა ვიღაცის ნასროლი სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი თავზე, ისევ მომიშლის ნერვებს მძღოლების დაუდევრობა, მაგრამ მაინც დავრჩები პოზიტიურისკენ მიმართულ ადამიანად და იდიოტს, რომელიც მომაძახებს, რაღა დროს შენი ველოსიპედიაო, ამჯერად უკვე ყურადღებას აღარ მივაქცევ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s