ასოცირების შეთანხმება – ჩვენი გასავლელი გზა

ავტორი: თორნიკე ფუტკარაძე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება ადვილი შესაძლებელია აღმოჩნდეს გარდამტეხი მომენტი საქართველოს სამომავლო განვითარებისათვის.

დღესდღეობით წარმოებული პროპაგანდისა თუ სხვა მიზეზების გამო, საზოგადოებაში გაჩენილია არასწორი და გაზვიადებული მოლოდინები ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხშირად შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას, ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის პანაცეად მიიჩნევენ ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირს.

cms-image-000027090მეც, როგორც რიგითი სტუდენტი ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის, თუმცა ვერ გავიზიარებ იმ პათოსს, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით მოგვარდება/მოგვარდა და ჩვენ არაფერი გვექნება გასაკეთებელი. რეალურად პირიქითაა, ასოცირების შეთანხმება, ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია ქვეყნის მომავალი განვითარებისაკენ მიმავალ ძალზე რთულ გზაზე და მისი გავლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ, აქ მცხოვრები ხალხი მთელი გულით მოვინდომებთ იმ მიზნის მიღწევას რასაც ევროპული დონე და ევროპული ცხოვრების წესი ქვია.

რა არის ასოცირების შეთანხმება? რას ითვალისწინებს? რა სფეროებს მოიცავს? ამ კითხვებზე  პასუხს ადვილად ვიპოვით ინტერნეტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ. გვერდზე ან დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურებში: „ასოცირების შეთანხმება ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. ასოცირების შეთანხმება შესასრულებლად სავალდებულოა. შეთანხმება გახსნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.“ – შეთანხმების მოქმედების სფერო შეიძლება ითქვას, ძალიან ფართოა. აქვე უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს სულ სხვა პროცესია რომლისთვისაც მზად ვიქნებით თუ მოხდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია სრულყოფილად.

ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს სახელმწიფოს ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის მიერ შიდა გამოყენებისთვის მიღებულ შესასრულებლად სავალდებულო დირექტივებსა და სხვა სავალდებულო ნორმებთან. ევროკავშირის საკანონმდებლო აქტები, რომელთაც საქართველო უნდა მიუერთდეს მოცემულია შეთანხმების თითოეული თავის დანართებში. თუმცა როგორ, რა მექანიზმით მიუერთდება საქართველო ამ ხელშეკრულებებს, ასევე ნებისმიერი გასატარებელი ღონისძიება იმპლემენტაციის პროცესის უმტკივნეულოდ ჩავლისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა. სახელმწიფოა პასუხისმგებელი ყველა იმ უხერხულობისთვის რაც ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიღებულ საკანონმდებლო აქტებს მოყვა იქნება ეს ბოლო დროს აქტუალური მედიის და სარეკლამო დროის განაწილების შესახებ კანონი, თუ საქართველოს ახალი სავიზო პოლიტიკა.

საუბარი იმაზე, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული და დასანერგი საკანონმდებლო აქტები შეიძლება არარელევანტური ან შესასრულებლად შეუძლებელი იყოს არასერიოზულია, რადგან მათი იმპლემენტაცია განხორციელებულია კავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და ისინი ყველგან „მუშაობს.“ თითოეული საკანონმდებლო დოკუმენტი, ვინაიდან ისინი მიღებულნი არიან ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ 28 ქვეყანაში სამოქმედოდ შედგენილია ისე, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული სახელმწიფოს განსხვავებული თავისებურებები და ადვილი დასანერგი იყოს შიდა კანონმდებლობაში. ძალზე იშვიათია შემთხვევა, როცა ცალკეული დოკუმენტი სახელმწიფოს ავალდებულებს კონკრეტული ქმედების განხორციელებას; დოკუმენტები უმთავრესად აწესებენ სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო გზას, რაც შედეგამდე მიდის სახელმწიფო თავისი დისკრეციითა და ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით ირჩევს.

ზემოთ დახასიათებული მიდგომა ზოგადად ეფექტურია, რადგან ვინ, თუ არა შესაბამისმა მთავრობამ იცის თავისი ქვეყნის თავისებურებები, ნაკლოვანებები და სწორედ მას შეუძლია ივარაუდოს და დაგეგმოს ღონისძიებები შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში დამდგარი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამსუბუქებლად; დაწესებული სტანდარტები კი მართლაც ძალიან მაღალია, – ევროკავშირი (2012 წლის მონაცემებით) მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით პირველ ადგილზეა რაც განაპირობებს იქ წარმოებული პროდუქტის მაღალ ხარისხს.

ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება იოლი არ არის, თუმცა, შესაძლებელია, რასაც წლები, უზარმაზარი შრომა და სწორი დაგეგმარება სჭირდება. ეს კი სწორედ ის სფეროა, სადაც სახელმწიფოს სრული თავისუფლება და შესაბამისად სრული პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული, პასუხისმგებლობა რომელიც მთლიანად ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს და არა რომელიმე მთავრობის. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, იმ დონეზე ასვლა, სადაც დღეს ევროკავშირია, თუ არ ვიშრომეთ და არ ვისწავლეთ, ამას ძალით ვერც სამთავრობო აპარატი და მითუმეტეს ვერც ევროკავშირი ვერ გააკეთებს.

წარმატებულ ქვეყანას ვერ ქმნის ვერც თავს დაცემული ნავთობი ან სხვა ძვირფასი მატერიალური რესურსები და ვერც რომელიმე გაერთიანებაში შესვლა, ქვეყანას წარმატებულს ხდის იქ მცხოვრები მოსახლეობა და მისი გონებრივი რესურსები. თუ გვინდა ევროკავშირის დონეს მივაღწიოთ, ამისთვის არ კმარა არც ასოცირების შეთანხმება და არც თვითონ კავშირში შესვლა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ცნობიერება და ევროპის ამ „სანუკვარი“ სტანდარტების თითოეული ჩვენგანის მიერ ინდივიდუალურად დაკმაყოფილება.

ასოცირების შეთანხმება – ეს არის გზა საითკენაც ქვეყანა უნდა წავიდეს და განვითარდეს, ეს არის გზამკვლევი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ. ეს გზა არ არის მარტივი და უამრავი დაბრკოლება და განსხვავებებია გადასალახი ცნობიერებასთან დაკავშირებულ თუ ეკონომიკურ სფეროებში, თუმცა პირველივე დაბრკოლება ან შეუსაბამობა არ ნიშნავს, რომ ეს კავშირი ჩვენთვის არაა, რომ ევროპა „ცუდია“ და იქ ჩვენი ადგილი არაა, ეს უბრალოდ ერთი გამოწვევაა ქვეყნის განვითარების გზაზე, რასაც აუცილებლად გადავლახავთ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s