დედობა – უფლება თუ მოვალეობა?

რამდენიმე წლის წინ მეგობრისგან გავიგე აქციის შესახებ – „ქალი ქარხანა არ არის“. აქციის მონაწილეები  ქალის მთავარ ფუნქციად რეპროდუქციის მიჩნევას აპროტესტებდნენ.  მანამდე ხშირად ნაფიქრ თემას უფრო საფუძვლიანად ჩავუფიქრდი და მივხვდი, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, ძალადობა ქალებზე ამ კუთხითაც ხდება. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას ერთი უჩვეულო და საკვირველი რამ ახასიათებს – ჩაერიოს ყველაფერში, რაც მისი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ქალის არჩევანის თავისუფლებაა. ერევა ყველა, ვისაც არ ეზარება და ისეთ ინტიმურ საკითხშიც, როგორიც შვილის ყოლა- არყოლის უფლებაა.

544092_439852532767363_1977225588_nრა ასაკიდან იწყება ქალის დავალდებულება, რომ საკუთარ მთავარ მოვალეობად დედობა მიიჩნიოს და კარიერა თუ სხვა დანარჩენი საქმე – მეორეხარისხოვანად? თუ უშვილოა, მანდ მთავრდება ყველაფერი. თითქოს იგი უფუნქციო ხდება. თუმცა იგივე საზოგადოება ქალს არ ავალდებულებს, რომ იყოს წარმატებული, იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე და ა.შ. იგი  ქალის მაქსიმუმს დედობაში ხედავს და ავიწყდება, რომ დედობა არჩევანია, ქალობისგან განსხვავებით.

ხშირად გამიგია „ჭეშმარიტი“ ქართველებისგან, ყანწით ხელში ნათქვამი სიტყვები, რომ „ისედაც ცოტანი ვართ და თითოეული მანდილოსნის მოვალეობაა, რომ ერი გაამრავლოს.“ ამ სიტყვებით კი ნათლად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ დედობა მოვალეობაა და არა უფლება. მე კი პირიქით მიმაჩნია. დედობა არის უფლება, რომელიც გააჩნია ქალს და ამ უფლების გამოყენებაში საზოგადოების ჩარევა, პირდაპირი თუ ირიბი გზით, დაუშვებელია.

მაგრამ რატომ ავალდებულებენ მათ და მცირე ასაკიდან რატომ აკისრებენ მოვალეობებს? ბაღის პერიოდიდან არა, მაგრამ სკოლიდან უკვე კარგად მახსოვს, რომ არაერთი ნაწარმოების გავლისას, ის ქალი იყო უფრო „მაგარი“, რომელმაც მეტი შვილი აჩუქა თავის ქვეყანას და თუ სამშობლოს შესწირა ისინი, საერთოდ გმირად რაცხავდნენ. ეჭვიც არ მეპარება, მასწავლებელი პრიორიტეტის მინიჭებისას, ვერც ხვდება, რომ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისმა შეფასებამ მოსწავლის ფსიქოლოგიაზე, და მოსაზრება, რომ რაც მეტი შვილი გყავს, მით უფრო „მაგარი“ ხარ , ღრმად ჩაიბეჭდოს ბავშვის ქვეცნობიერში.

არადა, რომ ვუფიქრდები, შუშანიკმა 4 შვილი გააჩინა, ოთარაანთ ქვრივმა კი ერთი, მაგრამ ჩემთვის ეს უკანასკნელი უფრო მისაბაძია, რადგან შვილის გამო უფრო მეტი მან გააკეთა და ღირსეულ დედობასთან ერთად, ძლიერიც იყო და შვილის გაზრდის გარდა სხვა საკუთარი საქმეებიც ჰქონდა. ანუ გამოდის, რომ რაოდენობა არ ყოფილა მთავარი, თუმცა, ეს კიდევ სხვა საკითხია..

იმავე პრობლემის წინაშე ქვეყანა მე-19 საუკუნეშიც იდგა, რაც ნათლად ჩანს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილიდან: „დედათა საქმის გამო“, სადაც ავტორი უწმინდეს დანიშნულებად დედობას არ მიიჩნევს და ადამიანობას თვლის მის მთავარ „მოვალეობად“ :

„ამ წერილში არ არის ის უკბილო საყვედური და უქმი ჩივილი, რომ აი, თქვე გულქვაო კაცებო, რატომ თქვენს უფლებას ჩვენც არ გაგვინაწილებთო? რატომ იმისთანა თავისუფლებას ჩვენც არ გვაძლევთ, რომელიც თქვენ ასე ტკბილად გატარებინებთ თქვენს სიცოცხლესაო და სხვა ამისთანა? არც ის უთავბოლო ფრაზებია იმაზედ თუ, — დედაკაცს ქვეყანაზედ მარტო სამი „უწმინდაესი, უსამღვთოესი დანიშნულება“ აქვსო: დედობა, ცოლობა და დობა, თითქო ყველაზედ უწინარეს იგი იმავე ადამიანად არ იყოს გაჩენილი, როგორც მამაკაცი და, მაშასადამე, მინამ დედობას, ცოლობას, დობას იკისრებდეს, ყველაზედ უწინარეს იგივე ადამიანობა არ მოეთხოვებოდეს, როგორც მამაკაცს. დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კაი დედაკაცობაა, კაი ადამიანობაა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კაი კაცობაა და მერე დედობა, მამობა, ქმრობა, ცოლობა და სხვა, კაცს დედობის, ქმრობის და სხვა ამისთანის გარდა კიდევ სხვა ბევრი მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე და ყველაზედ უწინარეს ამ მოვალეობას უნდა გაუძღვეს, მამაკაცია, თუ დედაკაცი“

ძალიან კარგია, როცა ადამიანი ბევრ შვილს აჩენს, აქვს მათი მოვლის შესაძლებლობა და ზრუნავს ქვეყნის გამრავლებაზეც, მაგრამ ეს უნდა იყოს მისი პირადი არჩევანი და არ უნდა გადაწყვიტოს შვილის ყოლა იმიტომ, რომ მეზობელმა „ჟუჟუნამ“ შეაქოს. ადრეული ასაკიდან კი ტვინში იმის ჩაბეჭდვა, რომ ქალი დედობით ფასობს და მას დაბადებიდან აკისრია მოვალეობა, ღირსეული შთამომავალი დაუტოვოს ქვეყანას, არის ჩვეულებრივი ძალადობა. ერთადერთი მოვალეობა კი, რაც ადამიანს გააჩნია არის ის, რომ არ დაივიწყოს, სად მთავრდება მისი თავისუფლება და სად იწყება სხვისი და ასევე არ წაართვას  არჩევანის თავისუფლება სხვა ადამიანს. როგორც რობერტ ნეფი ამბობს:

„საკუთარი ბედის განკარგვის შესაძლებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი ბედის განკარგვაში თანამონაწილეობა.“

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s