მოჯადოებული წრე

ავტორი: თედო სანიკიძე

ქართულ რეალობაში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ მოსახლეობის თვალში ყოველი ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესია (არჩევნების პირველი პერიოდების განმავლობაში მაინც), თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ ახალიც ძველისგან დიდად არ განსხვავდება მისი ქმედებებითა თუ უმოქმედობით და უკვე მომავალი ხელისუფლება ხდება მათ თვალში ახლანდელზე უკეთესი და სანატრელი, რომელიც ქვეყანას ააყვავებს, სიღარიბეს დაამარცხებს  და ქვეყანას გააბრწყინებს. თუმცა მომავალი ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსი აღმოჩნდება და დაუსრულებლად ვტრიალებთ ამ მოჯადოებულ წრეზე.

ეს რაც შეეხებოდა მოსახლეობას, თუ ხელისუფალთა მოსაზრებებზე გადავალთ აქ საქმე პირიქითაა, აქ არსებობს ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი. ეს ვარიანტი კი ყოველთვის მმართველი ძალაა, ხელისუფალთა აზრით, მხოლოდ ისინი არიან საუკეთესონი, რომლებმაც „თავგანწირულად“ დაამარცხეს წინა რეჟიმი და ქვეყანა იხსნეს უდიდესი განსაცდელისაგან. ეს მიდგომა ჰქონდა ყველა წინა ხელისუფალს და დღევანდელებიც არ არღვევენ წინამორბედთა ტრადიციას.

ასევე ხდება საჯარო სამსახურების უმეტესობაშიც, საჯარო მოხელეებიც ტენდენციურობას იჩენენ და ავიწყდებათ, რომ გუშინაც (წინა მთავრობების დროს) აქ მუშაობდნენ (ყოველ შემთხვევაში ის მცირე ნაწილი, რომლებიც არჩევნების შემდგომ ნათესაობის ან პოლიტიკური კუთვნილების გამო არ დანიშნულან) და მაშინაც კარგად გრძნობდნენ თავს.

ასეთ დროს იკვეთება პრობლემა, რომელიც არა რომელიმე ცალკეულ პარტიას ან საჯარო მოხელეს უკავშირდება, არამედ ამაში მთელი სისტემაა ჩაფლული და ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელსაც ჯერჯერობით არ არღვევენ.

აქ პრობლემა იმაშია, რომ ამ მიდგომის გამო, ყოველი „ახალი“ მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფალი თუ პარლამენტში უმრავლესობის მფლობელნი თავის მართლებას წინამორბედების სიცუდეზე აპელირებით ცდილობენ, ეს თავიდან ჭრის სამხრეთული მღელვარე მენტალობის საზოგადოებაში და ხალხს ერთგვარ მალამოდ ედებათ გულზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს მღელვარება გადაივლის, საზოგადოებას მოთხოვნები ამ ახალი, „უკეთესი“ ხელისუფლისაკენ მიიმართება. აქაც ტრადიციულ პრობლემას ვაწყდებით, საქმე ისაა, რომ ახალმოსულნი იმდენად გაერთნენ წარსულზე აპელირებითა და იმის მტკიცებით, რომ დღეს ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა, რომ ნაწილობრივ ეს თავადაც დაიჯერეს და გაუჩნდათ განცდა, რომ სამოთხეში ვცხოვრობთ (ყოველ შემთხვევაში მმართველ პოზიციებზე მყოფთა საუბრებში ეს აშკარად იკვეთება).

აქვე აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ თუ საზოგადოების პოლიტიკურად ნეიტრალური წევრები დაიწყებენ კითხვების დასმას მათი საქმიანობის შესახებ, პასუხად მიიღებენ, რომ ისინი ან შეგზავნილები არიან, ან წარსულის „საშინელი“ პარტიების ინტერესებს გამოხატავენ, ან სატანისტები არიან, ანაც უბრალო დილეტანტი ინტრიგნები (ეს მეთოდი უებარი საშუალებაა არასასურველ კითხვაზე პასუხის არგასაცემად). არადა, ამ დროს ეს ადამიანები ამის ნაცვლად უბრალოდ საკუთარ კითხვაზე ადეკვატურ პასუხს ითხოვენ.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან რომელზეც უკვე მერამდენედ მივდივართ? – რთული სათქმელია, თუმცა ყოველი დიდი მოგზაურობა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება და ჩვენმა ქვეყანამაც ამ კუთხით ეს ნაბიჯი სასწრაფოდ უნდა გადადგას. კარგი იქნება, თუ მოქალაქეთა უმრავლესობა შეძლებს თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებას ნებისმიერ ქმედებაზე, რაშიც მონაწილეობა მიუღია, ეს კი სახელმწიფო მმართველობის რგოლებზეც აისახება. იქაც ხომ ადამიანები მუშაობენ, სწორედ პასუხისმგებლობის ვერაღებისა და სხვაზე გადაბრალების ინსტინქტია ამ ყოველივეს ფუნდამენტი. აგრეთვე პოლიტიკური კულტურის ამაღლების საკითხიც მნიშვნელოვანია საზოგადოებაში, რამეთუ ყველამ იცოდეს, რომ, ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება დიდწილად არსებული ხელისუფალნი არიან პასუხისმგებელნი და „დამნაშავეების“ ძებნა არც წარსულში, არც „შემოგზავნილ დილეტანტ ინტრიგნებში“ და არც ზეცაში არ უნდა დავიწყოთ.

advokati_ადვოკატი7_.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s