როცა დიაგნოზამდე ნახევარი საათია

ავტორი: მაიკო ჭანტურიძე

არაფერია იმაზე საზიზღარი სანახავი, ვიდრე ზურგზე გადმობრუნებული შავი, პრიალა და წებოვანი ტარაკანი, რომელიც ფეხებს უმწეოდ აფართხალებს და გადმობრუნებას ცდილობს. სწორედ ამას ვგრძნობდი, როცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში გამომკეტეს. კაცმა რომ თქვას, ამასაც აქვს ერთი პლუსი – ეს ის ერთადერთი ადგილია, სადაც ნახევარი საათი გაუნძრევლად, თვალებდახუჭული უნდა იწვე. ადამიანები გვერდით არ გყავს, ვიღაცების ლაქლაქისა და მანქანების ხმაურის ნაცვლად უნდა უსმინო ხმას, რომელიც საშინლად მაგონებს იმას, მამაჩემის დაპობილი კუნძები რომ გამოსცემდა, ოღონდ ინტენსიურს.

დგდგდგდგდგდგდგდგდგდ

11658999_1057495904262344_263780657_oმარტო ხარ რაღაც ხვრელში, რომელსაც აპარატს ეძახიან და შენი თავი, ისევე, როგორც შენი გონება და ფანტაზია შენ გეკუთვნის. აქ არც მოძრაობის წესების დაცვაზე ფიქრობ, არც ნაგვის დაყრაზე, არც მოდურად ჩაცმაზე, არც სამომავლო გეგმებს აწყობ ზუსტად და ზედმიწევნით. აქ არ ფიქრობ ხალხზე, რომლების გარეთ დერეფანში ბოლთას სცემენ, საკუთარ რიგს ელოდებიან და იმას დარდობენ, ასეთი ძვირადღირებული კვლევებისთვის ფული ვის ესესხონ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია „შენ“ იყო. უსმინო ამ საშინელ ხმას და წარმოიდგინო, რაც გინდა. მე განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ ხოლმე. სულ მგონია, რომ ლარნაკი შემომატყდა და ახლა მისი ნაწილების შეკოწიწებას ამაოდ ვცდილობ. ვფიქრობ, რომ ერთი სკოლაში დავკარგე, ერთი ძველ შეყვარებულთან დამრჩა, ერთი – მეგობართან, ზოგი კი უფრო შორეულ ბავშვობაში დამემტვრა. ახლა ამ ლარნაკის აღდგენა ჩემი გვირილების ჩასაწყობად შეუძლებელია.

ტომოგრაფიის აპარატი უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი, აი, ისეთი ადგილია სიკვდილზე ფიქრისთვის. სანამ შენ გაშოლტილი იქ უდარდელად წევხარ, შესაძლოა, გარეთ ექიმები გაოგნებულები არიან იმ უცხო სხეულის სიდიდით, შენს ტვინში რომ ხედავენ და უკვე დღეებს ითვლიან თითებზე. მაინც რა ბედი ეწიათ მათ, ვინც ამ არცთუ კომფორტულ აპარატში ჩემამდე შესვეს? ნეტავ, რამე თუ აღმოუჩენიათ სასიკვდილო?! ნეტავ, სასწულების თუ მჯერა? პირველი სასწაული 5 წლის ასაკში ვნახე. მაშინ ვერავინ დამარწმუნებდა, რომ სასაცილო კოსტიუმში გამოწყობილ, სახემოხატულ კლოუნს ხურდები ჩემი ცხვირიდან არ ჩამოუყრია. მაგრამ ღმერთი ასეთ მდაბიო ტრიუკების ჩატარებას აქ არ იკადრებს. ცხოვრების ბოლო დღეები როგორ გაატარეს? რაზე ფიქრობდნენ სიკვიდლის წინ? ან, ცოცხლები არიან კი, ისევ?

დგდგდგდგდგდგდგდგდგდგ

არ ჩერდება აპარატი და როგორც ვატყობ, არც ჩემი გული აპირებს ბაგა-ბუგის შეწყვეტას. თვალების გახელა მინდა, მაგრამ ისეთი სასიამოვნოა ფხიზლად ძილი, ჩემს სამყაროში სინათლის შემოშვებას ვერ ვრისკავ. ხელში პულტი მიჭირავს. თითის ოდნავი შეხებაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი დამთავრდეს და რეალობას დავუბრუნდე. ისევ დავიწყო ფიქრი იმ ხალხზე, მოუთმენლობისგან, ალბათ, მეასედ რომ ჰკითხეს ექიმს, ჩემი რიგი როდის მოვაო. მე კი ვფიქრობ, შენი დროც მოვა-მეთქი, მაგრამ არც პასუხის გაცემა შემიძლია და არც იმას ჩემი მოსმენა. ეს აპარატი ერთადერთი ადგილია, სადაც ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც არავის ესმის შენი. არც საკუთარ თავს. ნეტავ, რა მოხდებოდა, ასეთი პულტი ცხოვრებასაც რომ ჰქონდეს? ადამიანებს ერთმანეთს შევაყვარებდით? ქუჩაში ცოლ-ქმარი ლანძღვა-გინებით კი არა, ღიმილიანი სახეებით გაივლიდნენ? ერთხელ, ჩემს მასწავლებელს ვკითხე, შეყვარებული თუ ხართ-მეთქი. გაიცინა, რას ამბობ, მე გათხოვილი ვარო. ნეტავ, პულტი რომ გვქონდეს, ამ ფრაზას აღარავინ იტყოდა, არასდროს?

დგდგდგდგდგდგდგდგდგდ

არ ცხრებიან დაკუნთული კაცები ჩემს ყურებთან და ასინქრონში აპობენ შეშას. ზოგი ნაჯახს ხმარობს, ზოგი კი, ურჩი კუნძების დასამარცხებლად უროს იქნევს გამალებით. აი, კლუბში მუშაობასაც ჰქონია რაღაც დადებითი. ყველაფერს რიტმში და მუსიკაში აღვიქვამ უკვე. ნეტავ, რამდენი ხანი გავიდა, რაც გაუნძრევლად ვწევარ? რა უცნაურია ცხოვრება საათის და დროის გარეშე. უკვე აპარატის ირგვლის დაკიდებულ დამდნარ და უისრებო საათებს ვხედავ. მერე მახსენდება, რომ თვალები დახუჭული მაქვს.

ყველაფერი სისულელეა. მხოლოდ მარტოობაა ჭეშმარიტი. კი, ბატონო, მოვაჩვენოთ საკუთარი თავები, რომ ბედნიერებისგან აღარ ვართ. კარგი მეგობრები, კარგი პარტნიორი, კარგი ოჯახი, კარგი გარეგნობა, კარგი ფოტოები “ინსტაგრამზე” და ბედნიერი სტატუსები “ფეისბუკზე” კარგია, მაგრამ ყველას ბოლო მაინც მარტოობაა. აი, 2 კარის იქით მეგობრები მელოდებიან, მაგრამ ხომ მაინც მარტო ვარ ახლა?! შეშის დაპობის ხმა, რომლის მსგავსის გამოცემაში დიჯეიები ბლომად ფულს ხვეტავენ, აღარ ისმის. ვიღაც ფეხზე მექაჩება. აბა, როგორი იყო? – მეკითხება ძალიან სიმპათიური და უბეჭდობით თუ ვიმსჯელებთ, უცოლო ექიმი. თქვენ მარტო ხართ?- ვეკითხები. ააა?! – დაბნეული მპასუხობს და ლოყაზე პატარა წერტილი ეჩუტება.

ჰო, მართლა, ჯერ არ ვკვდები.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s