ჩემი ჰომოფობი მეგობრები და ტრანსგენდერი მეზობლები ანუ კარი გავაღე და რაც შემდეგ მოხდა გამაოცა

ავტორი: თამარ გეგიძე

ტაბლოიდების შესაფერისი სათაური გამოვაცხვე. გამოდის მიზანსაც მივაღწიე და შენ +1 მნახველი ხარ ბლოგზე , მაგრამ თუ ჩემსავით პრეტენზიული ხარ, მაშინ მასალასაც ჩაკირკიტებას დაუწყებ და მანამ არ გააგდებ კითხვას სანამ  რამე საინტერესოს არ აღმოაჩენ.

ჰომოფობი და ტრანსგენდერი შუაღამის ოთხ საათზე გამოჩნდნენ, ჩემი სახლის კართან  ყვირილით, ხმაურით და გინებით. მოვლენების განვითარება ტიპური 17 მაისია. აქეთ შეზარხოშებული, ქართულად აღგზნებული მამრი და იქეთ არანაკლებ ალკოჰოლმიღებული თავისუფლებისთვის მებრძოლი ტრანსგენდერი. შუაში კი მე, ვითომ “სუსტი სქესის” „არწარმომადგენელი” ძლიერი ქალი, რომელსაც არც კუნთში მყოფნის ძალა და არც ხმის იოგები სიტუაციის გასაკონტროლებლად. ჩემი განწირული ხმით წარმოთქმული ხვეწნა-მუდარა და დამშვიდებისკენ მოწოდება ქანქარას მეთოდით ნაწილდება გარშემომყოფებთან, მაგრამ შედეგი მხოლოდ ექოა , რომელსაც ლიფტის ღრმული მიბრუნებს. მხატვრულობა იქეთ იყოს და არც ისე კარგია ღამის ოთხ საათზე მოდერატორის როლის თამაში ორ დაპირისპირებულ საზოგადოებას შორის, თან ისე რომ პატრულის გამოძახებას ერიდო, რადგან გულის სიღრმეში ეს პრობლემის მოგვარების კი არა დაძაბვის საშუალება გგონია.  შეურაცხყოფელმა ფრაზებმა იტრიალა, იტრიალა და საბოლოოდ ერთი მხარე ლიფტით დაეშვა ქვემოთ, მეორე კი აცრემლებული თვალებით და დაჩაგრული სახით ჩემს სამზარეულოს შეეკედლა.

LGBT-confოთხი მეგობარი გაოგნებული, გაფართოეული თვალებით  ვსხედვართ სამზარეულოში და ვისმენთ ჩვენი სტუმრის მიერ შეურაცხყოფილი ტრანსგენდერი მეზობლის პრეტენზიებს. გადამწყვეტ მნიშვნელობას ამ წინადადებაში ჩვენი სტუმარი ატარებს, ვინაიდან „დაზარალებული“ პასუხს ჩვენგან მოითხოვს და დამნაშავედ ჩვენ გვთვლის სხვის ჰომოფობიურ დამოკიდებულებაში. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, უმისამართოდ ვიხდით ბოდიშებს და ვცდილობთ ავუხსნათ , რომ ჩვენ ვემიჯნებით მსგავს დამოკიდებულებას. მაგრამ ჩვენი სტუმარი სასტიკ უარზეა და მონოტონურად იმეორებს ფრაზას, რომ ის ჩვენგან გრძნობს თავს შეურაცხყოფილად. კრიტიკის და ბოდიშების ეპიზოდმაც ჩაიარა და საბოლოდ სახლის კარიც დავკეტეთ დარცხვენილი სახით, მაგრამ ვერსად გავექეცით კითხვებს, რომელმაც ერთ დიდ ნაკადად გადაწყვიტა შემოჭრა.

რატომ ვიხდიდით ბოდიშებს? – იმიტომ, რომ ჩვენი სახლიდან გასულმა სტუმარმა დაუშვა შეცდომა და მიაყენა შეურაცხყოფა ტრანსგენდერ ადამიანს. რატომ გვადანაშაულებდნენ ჩვენ? – იმიტომ, რომ ჰომოფობი ადამიანი ჩვენთან იყო სტუმრად. რატომ გვლანძღავდნენ ჩვენ? – იმიტომ, რომ ჰომოფობი მეგობარი გვყავდა. რატომ ელოდნენ ჩვენგან ბოდიშს? – იმიტომ, რომ ჰომოფობია ცუდია და უნდა დავგმოთ. პასუხების ერთნაირობა, ჩემი ტავტოლოგიასთან მეგობრობის კი არა, იმ რეალობის პრობლემაა, რომელშიც ამ თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ.  ბოლოს კითხვაც: რა არის თანასწორობა ? მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები სასწორის პინებზე თანაბარ მაჩვენებელთანაა. მაგრამ, ჩემი ტრანსგენდერი მეზობლის გუშინდელმა მცდელობამ საკუთარი უფლებები დაეცვა, შელახა ჩემი ყველა უფლება და ამ შემთხვევაში მას მიანიჭა უპირატესი მდგომარეობა ესარგებლა სიტუაციით, რაც გააკეთა კიდეც.

საკმაოდ მოდურად იქცა ლგბტ თემის საკითხით აპელირება. ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე თავს დაჩაგრულად კი არ მიიჩნევს, მოვალედ გთვლის მის უფლებას პატივი სცე, რაც სავსებით სამართლიანია. მაგრამ  პასუხად ზევიდან გიყურებს, უკეთესად თვლის თავს და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავიწყდება. მართალია, ჩემს ტრანსგენდერ მეზობელს, ჩემმა ჰომოფობმა სტუმრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ რა შუაში ვიყავი მე, რომ ღამის ოთხ საათზე მომიწია საწოლიდან წამოხტომა, ნაჩქარევად პიჟამოს გამოცვლა და შეშლილი სახით სადარბაზოში გარბენა იმიტომ, რომ დაზარალებული ჩემს კარს ანგრევდა და პატრულის ეკიპაჟიც ჩემს მისამართზე გამოიძახა. რა შუაში ვიყავი მე, რომ დილის ექვსამდე საკუთარი სახლის სამზარეულოში ჩემკენ წამოსული დამამცირებელი შეფასებები მესმინა. არადა დამცირების ჩაყლაპვა მოგვიწია, იმიტომ რომ ცრემლიანი ტრანსგენდერის ისტორია ჩემს სიამაყეზე მნიშვნელოვანი იყო. რა დავაშავე მე , რომ  მხოლოდ 6 საათზე მომცემოდა შანსი წყნარად შევსულიყავი საძინებელში და თან გამოცდამდე საათები მეთვალა, და გადამეწყვიტა ღირდა თუ არა ამ დროს დაძინება.

მე ბრალი მიმიძღოდა ჰომოფობიის ხელშეწყობაში, რაც ნიშნავს იმას რომ ამ აზროვნების ადამიანი ჩემი სახლიდან გავიდა ანუ მე ჰომოფობთან მეგობრობაში დამადანაშაულეს, რამაც ავტომატურად მაქცია ჰომოფობად.

მიუხედავად იმისა, რომ საწოლს გათენებისას მივუსწარი და საშინლად დაღლილს ერთი სული მქონდა დამეძინა, ვერსად გავექეცი დოჩანაშვილის პატარა გარდამავალ წამს. სწორედ ამ პატარა წამში, როცა ეჭქვეშ ვაყენებდი ჩემს ლიბერალურ დამოკიდებულებებს და თავს ჰომოფობიაში ვიდანაშაულებდი, იმიტომ რომ „დაჩაგრულებმა დამადანაშაულეს“ აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი აღმოვჩნდი მე, აი იმ უმრავლესობის წარმომადგენელი რომელიც ამ უმცირესობის დასაცავად მუდმივ კონფლიქტში ერთვება ხოლმე, შედეგად მივიღე დასკვნა – შენ ჰომოფობი ხარ. მე ჰომოფობი ვყოფილვარ, იმიტომ რომ ლგბტ თემის წარმომადგენლმა ჩათვალა ასე. კარის გაღების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ ამ ფაქტმა გამაოცა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s