ცხოვრება საზღვარზე

ავტორი: ნინო ხუროშვილი

08.08.08, თარიღი რომელმაც შეცვალა თანამედროვე საქართველოს ისტორია, თარიღი, როდესაც თავისივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი დევნილად იქცა და უბრალოდ თარიღი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება.

ბავშვობაში საზღვრისპირა რეგიონები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ჩემს გარშემო არ ხდებოდა. თუმცა გავიდა წლები და მეც სწორედ საზღვარზე ვცხოვრობ. ამ ფაქტის გაცნობიერება მარტივად არა, მაგრამ სწრაფად კი მომიხდა. ერთ საღამოს ჩემი სახლის უკან მთაზე სეირნობისას პოლიციელების ყვირილი და განგაშის ხმა გავიგე, თურმე, გვიან მივხვდი, რომ მე მიყვიროდნენ, ჩემდაუნებურად, საზღვარი გადამიკვეთია, ისინი კი მთხოვდნენ, დაუყოვნებლივ დამეტოვებინა ტერიტორია. ხურვალეთში ცხოვრება საზღვარზე ცხოვრება გახდა.

photo N=1სოფელში შესვლა-გასვლისას უკვე შვიდი წელია მხვდება ქართული საგუშაგო, სადაც აუცილებლად მაჩერებენ, მთხოვენ საბუთებს და არკვევენ ჩემსავე სოფელში სტუმრობის ან დატოვების მიზეზს. ეს პროცედურა ყოველ ჯერზე მეორდება და არ გამოირიცხება იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა თითქმის ყველა პოლიციელი უკვე გიცნობდეს.

მას შემდეგ რაც ამ შემოწმებით უკვე შეიგრძნობთ,  რომ თქვენ საზღვრისპირა სოფელში მიდიხართ, მალე ომის ყველაზე დიდ დანატოვარს იხილავთ  – რამდენიმე წუთში  დევნილთა დასახლებას მიადგებით. ერთნაირად ჩამწკრივებულ, მოუხერხებელ ადგილას აშენებულ სახლებს, სადაც მოსახლეობას მუდმივ ქართან და ურწყავ მიწასთან უწევს გამკლავება.

დევნილთა დასახლების გავლის შემდეგ უკვე უშუალოდ ხურვალეთში მოხვდებით, აქ ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურადაა თუ არ ჩავთვლით  პოლიციელებსა და სადამკვირვებლო მისიის წამომადგენლებს, რომლებიც უთუოდ შეგხვდებიან გზაში. კიდევ ერთ რამ რაც შეიცვალა სოფელში – ახლანდელი პოლიციის შენობა ომამდე ბიბლიოთეკა და სოფლის საკონცერტო დარბაზი იყო, რომელსაც არაერთხელ უმასპინძლია მოხეტიალე ჯამბაზებისთვის, მცირე მასშტაბიანი ცირკისთვის და  შარლატანებითვისაც კი.   თუმცა ომის შემდეგ შენობა გაარემონტეს, გადაღებეს და პოლიციის ტრაფარეტი გაუკეთეს.  პოლიციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ უჩვეულოა ჩემთვის, მშობლიური და ნაცნობი ადგილების ასე შეცვლა და გაუცხოვება.

ბუნებრივია, მხოლოდ მე არ ვარ ამ მდგომარეობაში აგერ უკვე ათეულობით ადამიანი დააკავეს ,,საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისთვის.  არ გეგონოთ, ამას შეგნებულად აკეთებდნენ, ზოგს მსხვილფეხა პირუტყვი გაურბის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (სამწუხაროდ, ჯერ ვერ ისწავლეს, როგორ აუხსნან ცხოველებს სადაა საზღვარი, რომლის  გადაკვეთა აკრძალულია) ზოგი უბრალოდ ვერ ეგუება იმას, რომ მისი ბაღის, მისი ეზოს და  მისი სახლის ნახევარი საზღვარზეა მოქცეული და ხან ნებით და ხან უნებლიედ კვეთს მას.

კიდევ ერთი, რამ რაც ხურვალეთში შეიცვალა ის გახლავთ, რომ აქამდე თუ ქალაქელების ამოსვლა დიდი იშვიათობა იყო ხოლმე, ახლა ქალაქელებიც და უცხოელებიც სოფლის ძალიან ხშირი სტუმრები გახდნენ. თითქმის ყოველ კვირა იხილავთ პოლიტიკოსებს, ელჩებს და, რა საკვირველია, უცხოური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. ალბათ, აღარ დარჩა ქვეყანაში გავლენიანი ფიგურა, რომელიც არ გვესტუმრა. მაგრამ საკითხავია რას გვაძლევს ეს? რას ცვლის მათი გამუდმებული ვიზიტები? სამწუხაროდ, 2008 წლის მოვლენების შემდეგ ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ  ოკუპანტებმა საზღვარი კვლავ გადმოგვიწიეს.  საზღვრის ფარგლებში კი ჩვენი მიწები მოექცა ის მიწები, რომლებსაც ადგილობრივები მთელი წელი ამუშავებდნენ და მოსავლის აღებისას კი შეატყობინეს, რომ თურმე ეს მათი ტერიტორია აღარ არის.  ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, რას უნდა განიცდიდეს ადამიანი, როცა მთელი წლის შრომა წყალში იყრება და კარგავს ოჯახის სარჩენ წყაროს. ამ დროს კი სოფელში გავრცელდა ხმა, რომ თუ ქართველები ,,კარგად მოიქცეოდნენ“ ანუ  აღარ გასწევდნენ წინააღმდეგობას, შეძლებდნენ ამ წლის მოსავლის აღებას. სასაცილოა, მაგრამ ნაწილი მოსახლეობისა ამაზეც კი დათანხმდა და იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსავლის დანაკარგი,  არ იცოდნენ ან არ სჯეროდათ.

საზღვრის გადმოწევაზეც შეშფოთდა ქართული პოლიტიკური ელიტა და ერთმანეთის შენაცვლებით მოდიოდნენ ახალი ტრაფარეტის სანახავად. აქ იყვნენ სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები   ან უბრალოდ ის ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი, ჩემი ღრმა რწმენით, გულწრფელად და ღიად აპროტესტებდა მიმდინარე მოვლენებს. სწორედ მათ რიგებში იყო „თავისუფალი ზონაც“, რომლებსაც დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლება. არ დაგიმალავთ, ისევე როგორც მოსახლების დიდი ნაწილი, მეც გამაბრაზა ადგილობრივებმა აქციის ჩატარების უფლება რომ არ მისცეს.

photo N=2თუმცა, აქ ჩნდება კითხვა ვინ უნდა დავადანაშაულოთ ამ სიტუაციაში –  ადგილობრივები, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი ნაშრომი დაეცვათ და არ უნდოდათ ოკუპანტის გაღიზიანება თუ ,,თავისუფალი ზონა“, რომელმაც  ოკუპაცია ღიად გააპროტესტა?  შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ადგილობრივები პირად სარგებელს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ.  იქნებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ასეც იყო, თუმცა ეს არ მოხდებოდა  თავიდანვე რომ ჰქონოდათ სახელმწიფოს იმედი.

უნდა გამოეხატათ ნდობა ხურვალელებს იმ გავლენიანი ადამინების მიმართ, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ჟურნალისტებთან ერთად, ახალი საზღვრის და მოსახლეობის მოსანახულებლად თვეში რამდენჯერმე მოდიოდნენ, ესაუბრებოდნენ მათ, აძლევდნენ დაპირებებს და არც ერთ მათგანს არ ასრულებდნენ. დიახ, ხურვალეთი არის სოფელი, სადაც ყველა პოლიტიკოსი ნამყოფია, თუმცა, მისკენ მიმავალი სავალი გზა დღემდე  გაუსაძლის მდგომარეობაშია.  ხურვალეთი არის სოფელი, რომელშიც  მრავალჯერადი ინფრასტრუქტურული სამუშაოს მიუხედავად მაინც  არ მოგვარებულა ბუნებრივი აირისა და წყალგაყვანილობის პრობლემა და რაც მთავარია,  ეს არის სოფელი, რომელშიც მელიორაციული სისტემა მთლიანად მოშლილია და ხალხისთვის  მიწაზე მუშაობა უბრალოდ  გმირობის ტოლფასია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სოფელში ცხოვრება უკვე აღარ არის უსაფრთხო. განა შეგვიძლია ვენდოთ იმ სახელმწიფოს, რომელსაც ყოველდღე ვუყვებით ჩვენს გაჭირვებაზე და ამ ყველაფერზე ყურსაც არ იბერტყავს. განა შეიძლება ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის ნდობას ჰქონდეს ადგილი?!  ამის შემდეგ უკვე მოსახლეობის აგრესიის ახსნაც შესაძლებელი ხდება, თუმცა არა – გამართლება.

ცხოვრება საზღვარზე  არც მარტივია და არც უსაფრთხო, თუმცა ხალხი მაინც ცხოვრობს იმ იმედით, რომ  მავთულხლართები სამუდამოდ  გაქრება და საზღვარზე ცხოვრება ფილმივით დასრულდება,  თუმცა მანამდე იმის იმედს მაინც დავიტოვებთ, რომ პოლიტიკოსებს დანაპირებები  მხოლოდ ხურალეთის საგუშაგომდე არ ემახსოვრებათ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s