5508  – ანუ რადგან უკვე გვიანაა და ვეღარაფერი უშველის

ავტორი: ნათია სუხიტაშვილი

 

არ არსებობს მშვენიერი ზედაპირი საშინელი სიღრმის გარეშე –

ფრიდრიხ ნიცშე

სუნთქვა სასუნთქი სისტემის ორგანოთა მიერ მუდმივად განხორციელებულ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის დროულ გამოტანას ისახავს მიზნად. თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ადამიანი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს. ასე რომ, ჩვენი ფილტვები წუთში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ.

1 ჰექტარი ტყის  მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს. თქვენ წარმოიდგინეთ, ორი მრავალწლოვანი ხე ყოველწლიურად ოთხსულიანი ოჯახისათვის საკმარის ჟანგბადს გამოიმუშავებს.

ვწევარ შუაგულ პარკში და წითელი საღებავით მონიშნულ, გაშიშვლებულ, ნაძვს მივჩერებივარ. გონებაში კი ისევ ირევა ფრაზები: რამდენი ხე გამოყოფს 30 ადამიანის სუნთქვისთვის საკმარის ჟანგბადს? ერთი ადამიანი დღე–ღამეში მოიხმარს 350 გ ჟანგბადს, ხოლო 1 ხე 1 საათში 43 ¾ ჟანგბადს გამოყოფს. და ისევ გაფაციცებით ვუსმენ (ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ვგრძნობ) ჩემი დიაფრაგმის მოძრაობას და კითხვები კვლავ ბევრი მაქვს. მაგალითად, მაინტერესებს როდის გავხდით ადამიანები ასეთი გულქვები, რატომ ვართ ასეთი უყურადღებოები, როდის ვისწავლით იმის დაფასებას რაც გვაქვს ან როდის ვისწავლით დაწყებული საქმის დამთავრებას? ან რომელი ოთხსულიანი ოჯახის წილ ჟანგბადს გამოყოფდა ხე, ახლა მე რომ მივჩერებივარ და დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოჭრიან, რადგან უკვე ვეღარაფერი უშველის.

lets-be-green
უკვე მრავალი წელია, ჩემი პატარა სახლის, პატარა აივანზე  უარი ვთქვი. გადაწყვეტილების სისწორეში მაშინ უფრო მეტად დავრწმუნდი უბნის სკვერი სამ ძირ ნაძვად რომ გადაიქცა და ცა ჩემს საცხოვრებელ კორპუსსა და მის წინ აღმართულ ცემენტნარევი ლითონის მონსტრს შორის, ერთ მტკაველზეღა გამოჩნდა.

ქალაქის მაცხოვრებლების რაოდენობასთან შედარებით, პარკების, ეროვნული ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი ძალზე მცირეა.  2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე, ბოლო წლებისთვის, არ არსებობს.

2009 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიის გამწვანება-განაშენიანების, მის დაქვემდებარებაში  არსებული გამწვანების ობიექტების  მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის მიზნით შექმნილ  მერიის სტრუქტურული ერთეულს საკუთარი მოვალეობა, წელსაც მხოლოდ მაშინ გაახსენდა და განგაშის ზარიც მხოლოდ მაშინ შემოჰკრა, როდესაც გვიან გამოფხიზლებულმა საზოგადოებამ ფაქტის წინაშე დააყენა.

შეხვედრებისა თუ ბევრი კამათის შემდეგ გამწვანების სამსახურისა და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის  რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა ფიტოსანიტარული მონიტორინგი ჩაატარა.

ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე. როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება. გამოთავისუფლებული ადგილები კლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიკურობა. როგორც აცხადებენ, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებულ ადგილობრივ სახეობებს – ქართულ მუხას, რცხილას, იფანს, აკაკის, საპნის ხეს, ნეკერჩხალს და სხვა. თუმცა, იმაზე არავინ საუბრობს ამდენ ხანს რას ვაკეთებდით და ამ მდგომარეობამდე როგორ მივედით.

ვწევარ შუაგულ პარკში, წითელი საღებავით მონიშნულ გაშიშვლებულ ნაძვს მივჩერებივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ საკმარისია კიდევ ექვსი ხე მოჭრან ვაკის პარკში, რამდენიმე ცემენტნარევი ლითონის კონსტრუქცია ააშენონ და ეს ადგილიც ჩემი პატარა სახლის პატარა აივანს დაემსგავსება საიდანაც მოჩანს ოთხიოდე ძირი ნაძვი და ერთ მტკაველზე გადაჭიმული ატმოსფეროს ნაგლეჯი, რომელსაც სხვები ცას ეძახიან..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s