შვილები, მშობლები და სხვები

ავტორი: ნანა გობეჯიშვილი

12011159_512497158926850_8870962995103822932_n რამდენიმე ხნის წინ თელავში მომიწია წასვლამ. ნათესავი ქალი ვნახე, ტყუპები მოიყვანა, 6 წლის ორი გოგონა და კიდევ ერთი  4 წლის ბიჭი.

გოგონებს ხელში ეჭირათ პომადა, რომელიც ვერცხლისფერ შეფუთვაში იყო და, ცხადია, მარტივად იპყრობდა ბავშვების ყურადღებას. თამაშობდნენ. ბიჭმა, მეც მათხოვეთო. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც ხელში ეს სანატრელი, მბრწყინავი პომადა ეკავა, უკმაყოფილოდ გაუწოდა ბიჭს – დათმობა არ უნდოდა, მაგრამ ძმის სურვილის გათვალიწინება გადაწყვიტა.

ეს ამბავი ბავშვების დედას არ შეუნიშნავს,  სამაგიეროდ, მეზობელმა შენიშნა.  მეზობლი იმ კატეგორიის ადამიანებიდან გახლდათ, რომელთათვისაც ,,კეთილი’’ რჩევების მიცემა ადამიანებისთვის ცხოვრებისეული მოვალეობაა. გამოგლიჯა ეს პომადა ბავშვს, რას აკეთებ, კაცი ხარ უკვე, 4 წლისო! სად გაგიგონია, კაცები პომადებით თამაშობდნენო. ბიჭი მოიღუშა და საეჭვოდ აუკანკალდა ნიკაპი, ნამდვილად ტირილისთვის ემზადებოდა, მაგრამ აქ არ დასრულებულა ეს ამბავი. გოგოებს მიუბრუნდა მეზობელი,  ბიჭი ვერ ხვდება, პატარაა, მაგრამ თქვენ, ამხელა გოგოებმა, არ უნდა იცოდეთ, რომ კაცები პომადებით არ  უნდა თამაშობდნენო? თავიდანვე უნდა იცოდეს კაცმა რა შეეფერება და რა არაო!

მე, ჩემი მხრივ, შევეპასუხე, რის გამოც, ცხადია, ზემოთ აღნიშნულმა ქალბატონმა გამომლანძღა და სულელ ტიპად აღმიქვა, რომელთანაც თავის შვილებს ურთიერთობას  აუკრძალავდა, ამ ბავშვების დედა რომ ყოფილიყო, წყალი არ გაუვიდოდა ამ ამბავს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბავშვების დედა არ დაეთანხმებოდა ამ ქალს, თუმცა  მეზობლის ჩარევამ მეტისმეტად გამაღიზიანა.

პომადის ბრწყინავმა შეფუთვამ, ბავშვური დაინტერესებისა და გულწრფელი გაოცების გამო,  4 წლის ბიჭის ყურადღება მიიპყრო. რა არის ამაში საგანგაშო და შემაშფოთებელი და როგორ შეუძლიათ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ ამ გულუბრყვილო დაინტერესების საფუძველზე, ათასი სისულელით გამოუტენონ თავი ბავშვებს?
***
სულ ორი დღეა გასული და ბრაზი ჯერ კიდევ ვერ მომინელებია. ქუჩაში მოვდიოდი.  პატარა გაჯიუტებული ბიჭუნა დავინახე, რომელიც, როგორც ჩანს,  საშინლად იყო განაწყენებული  და გულამოსკვნით ტიროდა. დეტალები არ ვიცი, თუმცა მნიშვნელობა არც აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, რას აკეთებდა დედა ამ დროს იმისთვის, რომ ბავშვი დაემშვიდებინა: გვერდზე იდგა და თავისი აზრით, აწყნარებდა: დასცინოდა, გოგო, გოგოო. საჩვენებელ თითს პერიოდულად შვილს  ატაკებდა ხოლმე გულ-მკერდზე, აქაოდა, ნამდვილად შენ მოგმართავ, გაიგონე, კაცი ხარ და კაცები არ ტირიანო.  ბოლოს სიცილმა გაჭრა და ბავშვმაც გაიღიმა. დედას აჰყვა, გოგოს ძახილი დაიწყო, ხმოვანი ო-ს გამაღიზიანებელი ხანგრძლივობის წელვით.
ცხადია, ბიჭი, რომელსაც ასწავლიან, რომ ტირილი მხოლოდ ქალების საქმეა და შეუძლებელია, კაცი ტიროდეს, ვერასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. ასე ასწავლეს, კაცებისათვის გრძნობების დემონსტრირება დიდი ვერაფერი ხილიაო, მეტიც, აკრძალულიაო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს კაცობას ბევრი დააკლდებაო.
***
სხვა დედა-შვილიც მინახავს, არაერთი. აქ ამბავი ოდნავ იცვლება, მაგრამ პრობლემა იგივეა:  გადავწყდომივარ ქუჩაში  გოგონას, რომელიც გარბის და ხმამაღლა იცინის. ამის შემხედვარე დედა კი, იღუშება და გოგოს აფრთხილებს, ბიჭივით ნუ დარბიხარ, გოგოსავით მოიქეციო.
,,გოგოსავით მოიქეციო’’, თითქოს გოგოსავით მოქცევა სრულიად კონკრეტული, გაწერილი როლის თამაშს გულისხმობდა.
ბევრჯერ გამიგონია, როგორ ავალდებულებენ გოგონებს აკეთონ სახლის საქმე, გაუმასპინძლდნენ სტუმრებს და ა.შ., მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე კარგი გოგონები ასე იქცევიან.  მათ ასე გადაწყვიტეს.
გენდერს როლები გაუწერეს, რაც ძალიან სევდიანი ამბავია.

***
არ ვიცი, როგორ უნდა შეძლონ და დაიცვან მშობლებმა თავიანთი შვილები ამ გარემოსა და მისი ზემოქმედებისაგან, რომელიც იძულებითა და განუწყვეტლივ თავს ახვევს ყბადაღებულ მოსაზრებებს, რომლებიც, თავის მხრივ, აუცილებლად იმოქმედებს ბავშვების ცნობიერების ფორმირებაზე და შეუქმნის არასწორ შეხედულებებს მათ მომავალში.
ჩვენს დღევანდელ მოცემულობაში მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ იყვნენ ფემინურები,  ციმციმა ნივთებით ითამაშონ და გრძნობები გამოხატონ, თუმცა ამავე  ხაზგასმით პატრიარქალურ საზოგადოებაში, თუ გოგო გადაწყვეტს, რომ ემანსიპირებული ქალის ფენომენმა ფეხი უნდა მოიკიდოს, სამზარეულოდან გამოვა და ტოლმის მარტივად შეხვევის სხვადასხვა ხერხიც არ ეცოდინება, მას ტრადიციების უარყოფაში დასდებენ ბრალს, ხოლო თუ ბიჭი მკვეთრად მასკულინური არ იქნება, გრძნობებს გამოხატავს, ანდა, სულაც ყვავილებიანი კაბის ჩაცმა და მაკიაჟის ტარება მოუნდება, ეს  თურმე, როგორღაც, მის სექსუალურ ორიენტაციას განსაზღვრავს. თუ გოგონა ან ბიჭი ჩვენს ცალსახად ჰეტერონორმატიულ საზოგადოებას ფეხს არ აუწყობს და გადაწყვეტს, რომ ამ საკითხთან მიმართებით, დოგმების არსებობა სისულელეა, მაშინ მას ტალახს ესვრიან, აიძულებენ  ადამიანები სქესის მიხედვით გაფილტროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვაროს. თუ შვილები გვეტყვიან, რომ მათი გენდერული იდენტობის იდენტიფიცირება  ბინარული არ არის და გადაწყვეტენ, რომ ისინი გოგონები ან ბიჭები კი არა, გენდერულად ფლუიდურები არიან, მათ ამ საზოგადოებიდან მოკვეთენ, თითს გაიშვერენ და შემარცხვენელს უწოდებენ.
21 წლის ვარ და შვილები არ მყავს, მაგრამ რა მოხდება, თუ გადავწყვეტ, რომ ეს უნდა შევცვალო?
როგორ შევძლებ, დავიცვა შვილები ადამიანებისგან?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s