მასობრივი ,,რეპეტიტორიზაცია“  საქართველოში

ავტორი: ნინო ხუროშვილი

2011 წლის მონაცემებით, საქართველოში, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა 56% ემზადებოდა კერძო რეპეტიტორთან. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ჩატარდა 1წლით ადრე- სანამ საატესტაციო გამოცდები ჩაეშვებოდა ჩვენს საგანმანათლებლო დღის წესრიგში. იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც  რეპეტიტორებს მიმართავს ყოველწლიურად იზრდება.

bg3აბიტურიენტობა არის გარდამავალი პერიოდი  მოზარდობასა და სრულწოვნებას შორის, რომელიც ახალი პასუხისმგებლობებითა და მოვალეობებით გავსებს,  როგორც წესი სწორედ ამ პერიოდში   გვიწევს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება- პროფესიის არჩევა,   შესაბამისად სწავლაზე მაქსიმალური მობილიზება, ვინაიდან ეროვნული და საატესტატო გამოცდები გელოდება ეს კი, როგორც წესი, უამრავ რეპეტიტორთან  ასოცირდება. მათ, ვისაც ბოლო პერიოდში მოუწია ამ ციებ-ცხელების გამოვლა, დამეთანხმება, რომ რეპეტიტორების თემა საკმაოდ მტკივნეულია, როგორც მოსწავლეებისთვის აგრეთვე მათი მშობლებისთვის.  გარდა იმისა, რომ არა ერთ საგანში გიწევთ მომზადება და ამის გამო ძირფესვიანად იცვლება თქვენი განრიგი, ეს საკითხი ოჯახის ბიუჯეტზეც მნიშვნელოვნად აისახება. საქართველოში რეპეტიტორების გადასახადი არ ითვლება განსაკუთრებით მაღალ მაჩვნებლად, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო ხელფასს და იმას, რომ  ერთ საგანში მომზადება მინიმუმ 45 ლარი ღირს, მივხვდებით, რომ მომზადება ძვირი სიამოვნებაა.

2012 წლამდე, სანამ აბიტურიენტებს მხოლოდ ეროვნულ გამოცდებისთვის უწევდათ მომზადება, მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე საგანში მიმართავდა რეპეტიტორს, მას შემდეგ კი, რაც საატესტატო გამოცდებიც გამოჩნდა აბიტურიენტების ცხოვრებაში,  დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა, მათი ნაწილი 9 საგანშიც კი ემზადება.  საატესტატო გამოცდების წინააღმდეგი არ ვარ, იდეა რასაც ეს გამოცდები ემსახურება, სრულიად მისაღებია და დროულიც კი, ვინაიდან აღნიშნულ გამოცდებამდე მოსწავლეები სწავლობდნენ მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე საჭირო საგნებს დანარჩენებს კი,  ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ ეტაპზე კი ფაქტია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ კვლავ დაიწყო მათთვის ,,არასასურველი“ საგნების თუნდაც  მინიმალურ დონეზე სწავლა, თუმცა სამწუხარო ის ფაქტია, რომ ეს შედეგი არა სკოლას,  არამედ  რეპეტიტორებს უნდა მივაწეროთ.

და მაინც, რა არის რეპეტიტორების ფენომენი? ვინ არიან ისინი, ვისაც შეუძლია ასწავლოს აბიტურიენტს საგანი მხოლოდ ერთ წელიწადში? მოახერხოს ის, რასაც მისი სკოლის პედაგოგი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა? – პარადოქსია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინიც ჩვეულებრივი სკოლის პედაგოგები არიან. მაშინ რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი?- როგორც აღმოჩნდა, აბიტურიენტების  53% რეპეტიტორებთან მომზადების მიზეზად სასკოლო განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს, ხოლო 40%-ის განცხადებით რეპეტიტორების მოთხოვნა გაპირობებულია საგამოცდო მასალების შეუსაბამობით სასკოლო მასალასთან.

ფაქტია, რომ ,, რეპეტიტორიზაცია“ საქართველოში რეალური პრობლემაა და მთავრობამ და განათლების სამინისტრომ უნდა დაიწყოს ფუნდამენტური და თანამიმდევრული ნაბიჯების გატარება პრობლემის აღმოსაფხვრელად. საკუთარი გამოცილებით მინდა ჩამოვაყალიბო რამდენიმე პრობლემა, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა.

პირველ რიგში, მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელზეც ტარდებოდა უამრავი ექსპერიმენტი, რომელიც აღებული იყო განსხვავებული რეალობის პრაქტიკიდან და ყოვლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. მხედველობაში მაქვს სემესტრული სწავლება, რომელმაც დააზარალა უამრავი მოსწავლე, წლების შემდეგ მთავრობამ აღიარა, რომ ეს რეფორმა ,,ჩავარდა“, თუმცა საატესტატო გამოცდების დამტკიცებისას, არავის გახსნებია მოსწავლეები, რომლებიც სემესტრული სწავლების ,,ჩავარდნის“ მსხვერპლი გახდნენ. აქვე მინდ ვახსენო რამდენიმე საგნის ინტეგრირებული სახელმძღვანელოებიც, რომელებმაც აგრეთვე დააზარალეს მოსწავლეები. მაგალითად, ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელო, გარდა იმისა, რომ ორივე საგნის მასალა  გაერთიანებული იყო, პრობლემატური იყო პედაგოგის საკითხიც, ვინაიდან ორივე საგანი ერთ მასწავლებელს უნდა ესწავლებინა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რამდენად შეეძლო ერთი საგნის მასწავლებელს სხვა საგნის  შეთავსებაც.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის -პედაგოგების პროფესიონალიზმი. ვფიქრობ,  ვერანაირი ტენდენციურობა ვერ ახსნის   მოსწავლეთა მასიურ სურვილს მიმართონ რეპეტიტორებს თუ არა მასწავლებლების არაკომპეტენტურობის საკითხი.  2013 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაცემებით- მათემატიკაში 86%-მა, სამოქალაქო განათლებაში 82%-მა,  ქიმიაში 91%-მა, ბიოლოგიაში- 77%-მა, სახვით ხელოვნებში 74%-მა, ფიზიკაში  – 96%-მა, გეოგრაფიაში-57%მა,  ხოლო ისტორიაში  49%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თუნდაც ფიზიკაში, სადაც 356 პედაგოგიდან 342 ბარიერს  ვერ გადალახავს,  საატესტატო გამოცდების ჩატარება უბრალოდ დანაშაული მგონია და თუ კი ტარდება ისეთი გამოცდა, რომელიც რელევანტურია ჩაჭრილ მასწავლებელთა რაოდენობასთან, მაშინ უშუალოდ გამოცდის ჩატარების არსია ჩემთვის გაუგებარი.

მე არ ვცდილობ იმის თქმას, რომ აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას ამ პრობლემის წინაშე და გამოცდების ჩასაბარებლად იძულებულია მიმართოს რეპეტიტორს, მაგრამ   ზრდის 56% მართლაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. დღევანდელი სისტემა კი ნაცვლად იმისა, რომ მობილიზებული იყოს სასწავლო პროცესზე, კონცენტრაციას  ახდენს – შედეგზე. შესაბამისად,  ვხედავთ საგამოცდო პროცესის მუდმივ დახვეწასა თუ რეკონსტრუქციას, შემდეგ ამ შედეგების შეფასებას და მუდმივ სწრაფვას შედეგების გაუმჯობესებისკენ, მაგრამ არ ვახდენთ სათანადო  ჩარევას უშუალოდ სასწავლო პროცესზე და შედეგების გაუმჯობესება კვლავ რეპეტიტორების ხარჯზე რჩება.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა-საერთოდ რა სარგებელს გვაძლევს ახლანდელი სასკოლო სისტემა?  ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხევაში ჯერ პედაგოგების მასობრივი გადამზადებაა და ამასთან ერთად უკვე მოსწავლეებისთვის ქართულ რეალობაზე მორგებული, თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება იქნება, რომელშიც ყოველი სასწავლო საფეხური ერთმანეთზე იქნება დამოკიდებული, ყოველ სასწავლო საფეხურზე გადასვლა არ იქნება მოსწავლისთვის ავტომატური პროცესი და საბოლოო ჯამში მხოლოდ  მე-12 კლასის სადემონსტრაციო გამოცდები აღარ შეგვრჩება ხელში, არამედ ფუნდამენტური და დროში გამყარებული  განათლება,  და რაც მთავარია მოსწავლეთა უმრავლესობის  სასწავლო შედეგები რეპეტიტორების გავლენა კი არა -სასკოლო განათლების დამსახურება იქნება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s