სამი მაიმუნის ლიგა ანუ ბრმაყრუმუნჯური ნაწერი

maimuniავტორი: ანა მებურიშვილი

დღე არც პირველი, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი.

დილის  6 საათზე დაძინებული, 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო. ათასი ‘’საჭირო’’ ხარახურა ჩანთაში ჩავყარე და გავქანდი. სამსახური იქვეა, 15 წუთის სავალზე, მაგრამ მაინც მაგვიანდება. გზაში ვიღაცის ხმა გავიგონე. იქვე ბუჩქებში აბურძგნული კაცი ეგდო და რაღაცას ბურტყუნებდა. ალბათ, მთვრალია, თავი დავიმშვიდე და დავიკიდე.

უფროსის ლექციას გადავურჩი. დილიდან მისი ნოტაციები პიკის საათში გადაჭედილ ავტობუსში მგზავრობას ჰგავს. ითმენ, ვიღაცით მოწამლული ჰაერით ვერ სუნთქავ და საშინელ დისკომფორტს განიცდი. შევუდექი ყოველდღიურობას.

იგივე საქმეები, იგივე სახეები, იგივე მარშრუტები- გულის სიღრმეში გინდა რაღაც განსხვავებული, ხანდახან გმირული და კონტექსტიდან ამოვარდნილი. გინდა, შენს თავსაც უშველო და სხვასაც დაეხმარო, მაგრამ იმ აზრამდე  მიდიხარ, რომ გეზარება, ძალიან გეზარება და ერთ ფილა შოკოლადს სჯერდები. ასე გადამაქვს დღეები,თვეები, წლები. ბოლოს ვიცი, გულისამრევი სიმძიმე დამაწვება და უღონოდ გავიშხლართები ხალხმრავალ ქუჩაში. ადამიანები კი ისე გადამთელავენ, ქვევითაც არ ჩაიხედავენ.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემთან ერთად სხვა უამრავი ადამიანი წევს.

ოქროს ასოებით ამოტვიფრული ქვის ნაცვლად ჩემს საფლავზე სამი მაიმუნის ქანდაკებას დავადგმევინებ. ბრმაყრუმუნჯ ადამიანთა ლიგაში ვირიცხები, თუმცა გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ვჩანვარ.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩვენს ლიგას ყოველწამს ახალ-ახალი წევრები ემატება.

შიგადაშიგ სევდა შემოგაწვება ბრმაყრუმუნჯ ადამიანს, მაგრამ მის დასაფარავად არსებობს შოკოლადი, ან ყავა, ან რამე სხვა, ეს უკვე გემოვნების ამბავია. შეგიძლიათ, საკუთარი საყვარელი მუსიკა ჩართოთ სენტიმენტალური, ჰუმანურ-ალტრუისტული სიხშირეების დასახშობად.

ხო, სულ დამავიწყდა. დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებული ასეთ ამბავს წავაწყდი ინტერნეტში. ჩემს სამსახურთან ახლოს მკვდარი კაცის გვამი იპოვეს, სიკვდილის დრო 11 საათი დააფიქსირეს. ექიმის თქმით, სასწრაფო 1 საათით ადრე რომ გამოეძახათ, ის კაცი ცოცხალი გადარჩებოდა.

ახლა ვფიქრობ, ალბათ, მთვრალი ეგონათ და მაგიტომ აუარეს გვერდი, თორემ ხომ დაეხმარებოდნენ, არა?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s